რატომ დააკავეს ქართველი ჩოგბურთელი?

სოფიო შაფათავა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

ქართული ჩოგბურთის გულშემატკივრებისთვის სოფიო შაფათავას წარდგენა ალბათ საჭირო არ არის. ის წლების მანძილზე საქართველოს პირველი ნომერი იყო და ფედერაციის თასზეც ეროვნული ნაკრების ღირსება არაერთხელ დაუცავს.

 

რამდენიმე დღის წინ, სოფიო შაფათავამ პორტუგალიაში დასრულებულ 25 ათასიან ტურნირზე, წყვილთა შორის ჩემპიონობა მოიპოვა. მას პარტნიორობას ბრიტანელი ემილი ვებლი სმითი უწევდა. პორტუგალიიდან, ჩოგბურთელებმა ისრაელში ანალოგიურ ტურნირზე სათამაშოდ გადაინაცვლეს, მაგრამ იქ ქართველ მეჩოგნეს დიდი პრობლემები შეექმნა. შაფათავა მესაზღვრეებმა დააკავეს. დეტალებს კი ქართველი სპორტსმენი თავად იხსენებს. შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„გუშინ ჩამოვედი ისრაელში. პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრებაზე მოგებული შეჯიბრების შემდეგ, ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა დასაბრუნებელი ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით.

 

6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს - რატომ ან რისთვის. ჩამკეტეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები, დასალევი წყალიც კი არ მაღირსეს. 6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს, გეგონება, ამ წამს ვიყავი "სროკზე".

 

მადლობა ჩემს მეწყვილეს, ემილის, რომელმაც ჩემთან გაათენა და, უბრალოდ, პრინციპის გამო არ დამტოვა მარტო. ჩემთან ერთად იწვალა, როდესაც შეეძლო 2 წუთში გასულიყო. იმიტომ რომ ბრიტანელია და, რა თქმა უნდა, ჩვენგან განსხვავებით, ადამიანივით ექცევიან. მაგრამ ჩემთან დარჩა, იმიტომ რომ ისე გამაჩერეს, გეგონება, "კოკაინი" გამქონდა. ძალიან ინერვიულა.


 

ახლა შეკითხვა: ამდენი მგზავრობის შემდეგ, ყველანაირი საბუთით და დასტურით, რომ არ მჭირდება არც აქ დარჩენა და არც არაფერი, 6 დღით ვარ სულ, ასე მექცევიან, საინტერესოა, ჩვეულებრივ ტურისტ ქართველებს რას უშვებიან. და რატომ? უბრალოდ, ჩვენ ყველას რატომ ვუშვებთ ქვეყანაში შეკითხვის გარეშე? ამას არ ქვია უვიზო რეჟიმი, ამას ჰქვია დამცირება, ჯობია, ისევ ვიზა დააბრუნონ" - წერს თბილისელი ჩოგბურთელი.

 

საბოლოოდ, სოფიო შაფათავა, წვალების შემდეგ ისრაელში მაინც შეუშვეს. ერთეულებში ქართველი ჩოგბურთელი სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ რუს ევგენია ლევაშოვას შეხვდება, ხოლო ბრიტანელი მესამე ნომრად განთესილ თანამემამულე ანა ბურაჯისთან გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში შაფათავასა და ვებლი-სმითს განთესვით მეორე ნომერი აქვთ და პირველ წრეში ისვენებენ.