საძაგლობაა!

წაგებაში მაგრები ყოფილან… მოგებაში, ბიჭებო? მოგება სცადეთ საერთოდ?

ასეთი არაფერი მინდა. არ მინდა ჩემპიონატი, სადაც ჩაწყობილი თამაშებია. არ მინდა ჩემი ქვეყნის ფეხბურთელებს თამაშის წაგებაში ამხელდნენ და აპატიმრებდნენ. როგორც ჰუმანისტს საერთოდ არ მინდა, რომ ვინმეს აპატიმრებდნენ, მაგრამ კიდევ უფრო ის არ მინდა, რომ ეს ვინმე უსინდისოდ მატყუებდეს. თუმცა, მარტო მე რატომ? გვატყუებდეს.

 

წაგებაში მაგრები ყოფილან…

 

მოგებაში, ბიჭებო? მოგება სცადეთ საერთოდ?

 

ვიმეორებ, როგორც ადამიანი ვლოცულობ, რომ ყველა დაჭერილი გამოუშვან, მაგრამ როგორც გულშემატკივარი გაბრაზებული ვარ.

 

 

ფულს შოულობდნენო. თუ ძმა ხარ, რა. წაგებით ფულის შოვნა უნიჭო ხალხმა იცის. ნიჭიერი ხალხი მოგებით მდიდრდება. და ფეხბურთში თეთრად დიდძალი ფული რომ იშოვნება, ამაზე არ გვინდა კამათი. სხვა საქმეა, რომ ჩვენს საბრალო ქვეყანაში ბევრს ჯერ შეიძლება არც გაუგია, რომ არსებობს ასეთი რამ — ფულის თეთრად კეთება. ადრე, პატიოსნებასაც ეძახდნენ, მაგრამ ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სიტყვას ყველა გაიგებს. ზოგმა შეიძლება გაიცინოს კიდეც. თვითონ სიტყვა ეუცხოოს და იმიტომ. აი, ასოების უაზრო კომბინაცია რომ მოგესმება და სიცილი წაგსკდება. პატიოს… რაო?

 

ერთხელ, ერთ ნაცნობს ვეჯიჯღინებოდი, ფეხბურთის მოყვარული კაცი ხარ, ქართული გუნდების თამაშებზე რატომ არ დადიხარ, მეთქი. ასე მითხრა, იმდენს ვერ გადამიხდიან, ამათ ცოდვილობას რომ ვუყურო და იმიტომო. თურმე, ცოდვილობის გარდა ჩაწყობილიცაა. ცოდვილობაა და თან ჩაწყობილი!

 

 

ალბათ ყველა თამაში არა, მაგრამ ჩირქი მოცხებულია. თან ბლომად. 

 

და მაინც, ვერ შევგუებივარ! ვერ მომინელებია! ხალხი ქეიფის წინ დროის მოსაკლავად ნარდს რომ აგორებს, იქაც მოგებას ცდილობს, იმიტომ რომ ეს ოხერი მოგების სურვილი ადამიანს ინსტინქტის დონეზე აქვს. ესენი კი ვინ ყოფილან, წავაგებ და წაგებაში ფული მომეცითო. კი მაგრამ, ნორმალურ ფეხბურთელებს წაგების ხომ უნდა რცხვენოდეთ? გამიგია, რომ ნაღდი მოთამაშეები წაგების მერე ღამით ვერ იძინებენ, მეორე დღეს ქუჩაში ვეღარ გამოდიან. აქ კი თურმე წააგებენ და უხარიათ, ფული ვიშოვნეო.

 

რა გინდა ქნა? ეტყობა, მენტალიტეტის პრობლემაა. ოღონდ, იმის მტკიცებას არ ვიყოთ, რომ ჩაწყობა უცხოეთშიც ხდება. იმ უცხოეთში მაგარი თამაშებიც რომ ხდება ის არ ითვლება? თან, მაგარი თამაშები ძალიან ხშირად რომ ხდება ამ ფაქტს სად გინდა გაექცე? და მაინც, თუკი ფიქრობ, რომ მაგრიან ცუდიანად ყველაფერი ჩაწყობილია, მაშინ რაღას მიჯდომიხარ ტელევიზორს? კარგი, მე რომ მივჯდომივარ, მე გულუბრყვილო კაცი ვარ და მგონია, რომ ფეხბურთი ფეხბურთია, მაგრამ ვისაც ეს თავიდან ბოლომდე ქარვასლა ჰგონია, ის რას უყურებს?

 

 

ცხადია, ზოგი იტყვის, თევზი თავიდან ყარსო. ზოგიც უპასუხებს, დიდი ხნის აყროლებულ თევზს ახალი თავი გინდა ასეთი მიაბი და გინდა ისეთი, არაფერი ეშველებაო.

 

მე პირადად, საერთოდ აღარაფერი მინდა! წავალ, ინტერნეტში რამე სერიალს მოვძებნი და ჩავუჯდები. ტემპი მაინც იქნება ამათ თამაშზე მაღალი.  HBO-მ იცის კარგი სერიალები.

 

 

და ბოლოს, მინდოდა მეთქვა, ყველაფერი გავაუქმოთ და მარტო ბავშვების შეჯიბრებები დავტოვოთ, მეთქი, მაგრამ ნაღდად ვიცი მეტყვიან, რომ იქაც მაგარი სისაძაგლეები ხდება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.