ბოლნისი - გოლების და წითლების თავსხმა

საოცარი ამბები იყო ბოლნისში. ექვსი გოლი, ჩხუბი და ოთხი გაძევება, 84-ე წუთამდე 0:3 და საბოლოო ანგარიში 3:3.რუსთავმა თითქმის მოგებული მატჩი წყალს გაატანა.

წყალი კი, იცოცხლეთ... თავიდან კოკისპირულადაც წვიმდა და რუსთაველებმა პირველი ორი გოლი სწორედ თავსხმაში გაიტანეს.  

 

11 წუთში რუსთავი უკვე ჰანდიკაპით იგებდა.  ჯერ იყო, ზაზა ციცქიშვილმა გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან, ხოლო მერე ნიკოლაი ყიფიანის კუთხურს მოჰყვა ლაშა ქოჩლაძის ოდნავ ფეხის დახვედრება. მცირე რიკოშეტი საკმარისი გამოდგა - 0:2.   

 

მეორე ტაიმში რუსთაველთა კაპიტანმა ლუკა სილაგაძემ სამამდე გაზარდა ანგარიში და თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ სწორედ ამ წუთს დაიწყო ჩხუბი ლამის გუნდი გუნდზე. ცალკე ქოჩლაძე და თარგამაძე არკვევდნენ ურთიერთობას, ცალკე სხვები. ულამაზოა - სჯობს, ეს ენერგია ფეხბურთში დახარჯონ და უკეთ ითამაშონ...

 

საბოლოოდ, მსაჯმა ოთხი ფეხბურთელი გააძევა - ცხრა ცხრაზე გაგრძელდა. მოგვიანებით კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი ვიხილეთ: სიონის ფორვარდი თამაზ მაქაცარია საჰაერო ბრძოლის მერე ცუდად დაეცა და ხელი მოიტეხა.

 

სივრცეები სიონმა უკეთ გამოიყენა და ხასიათიც გამოამჟღავნა. დავით კირკიტაძემ კი სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა! ჯერ თავით გაიტანა (ვაჟა ქიქავას ჩაწოდების მერე).  ამას მოჰყვა კირკიტაძის პასი საჯარიმოში და ზურაბ ჯაფიაშვილის ავტოგოლი, ხოლო 91-ე წუთზე ლევან ხმალაძეს ჩაუწოდა. ხმალაძემ მშვენიერი თავურით გაათანაბრა და 3:3.

 

სიონმა კინაღამ მეოთხეც გაიტანა. ეს უკვე სასწაულზე მეტი იქნებოდა... ქიქავამ დაარტყა და მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.  

 

სიონი (ბოლნისი) - რუსთავი 3:3

 

გოლები: 0:1 ციცქიშვილი (5), 0:2 ქოჩლაძე (11), 0:3 სილაგაძე (61), 1:3 კირკიტაძე (84), 2:3 ჯაფიაშვილი (88 ავტოგოლი), 3:3 ხმალაძე (90+1)

 

გაძევება: ისიანი (64, სიონი), თარგამაძე (64, სიონი), ქოჩლაძე (64, რუსთავი), გადრანი (64, რუსთავი)