მინდა ვაქო ბაქო!

ერთადერთი, ვერ გავიგე კონფიტი რატომ აღარ არის მოდაში

ერთადერთი ის ვერ გავიგე კონფიტი რატომ არ ამოაფრქვიეს, თორემ დანარჩენი, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი იყო. ახლა, ვინმემ კომენტარში რომ დაწეროს როგორ არ ამოაფრქვიეს, შენ ვერ დაინახეო, ძალიან გამიკვირდება. ტელევიზორის ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია. 

იქნებ რამე გამომრჩა და სადმე ეწერა ან თქვეს, რომ მოდაში აღარ არის? აი, დავგუგლე და პირველი, რაც ამომიგდო 40 სანტიმეტრიანი კონფიტი 5 ლარი ღირსო…

 

 

თუმცა, ჭირსაც წაუღია კონფიტი. მთავარია, რომ კიდევ ერთი ფინალი შედგა, გამარჯვებულმა თასი აღმართა, We Are the Champions დააგუგუნეს და დასავლეთ ევროპიდან მოშორებულმა რეგიონმა, კავკასიამ, კვლავ დაამტკიცა, რომ აქ ფეხბურთის თამაში შეიძლება. არავინ შეგჭამს.

სტადიონზე, სადაც ბაქოელებმა ევროლიგის ფინალს უმასპინძლეს, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ამ მხრივ დასაწუნი ნაღდად არაფერი იქნებოდა. გუნდებს, ეჭვი არ არის კარგად დახვდებოდნენ და ყველანაირ პირობებს შეუქმნიდნენ. არსენალის ფანებთან ბოდიში და თამაში (მეორე ტაიმი) სახალისო გამოვიდა. ის კი არა, დიდი ანგარიშის მიუხედავად, დამარცხებულმაც ბოლოს კი არ შეაგორა უღიმღამო, გულის ვითომ მოსაფხანი გოლი, არამედ აიობიმ ისეთ დროს და ისე ეფექტურად გლიჯა, რომ ერთიხანობა ეჭვი გაჩნდა, იქნებ ახლა ინგლისში რომ იციან, ისე დაიძაბოს-მეთქი. ვარსკვლავის თამაში გინდა ბატონო და აგერ აზარმა ორი გოლი შეაგდო. ახლა, იმას კი არ ვამბობ, რომ ამაზე უკეთესი არასდროს არაფერი მინახავს (პირველი ტაიმი მართლაც უღიმღამო იყო), მაგრამ ცხვირის ასაბზუებელი, მითუმეტეს იმის გამო, რომ თამაში კავკასიაში ჩატარდა, ნამდვილად არაფერი სჭირდა.


 

ერთადერთი, საყვედურად შეიძლება ის თქვან, საკუთრივ ჩელსის და არსენალის ქომაგები ათეულობით ათასნი რატომ არ იყვნენო, მაგრამ ეგ ჯერ ერთი უეფას მოსთხოვონ (ფინალისტი გუნდების ქომაგებს 6-6 ათასი ადგილი ჰქონდათ გამოყოფილი) და მეორეც, მაშინ თამაში ლონდონში უნდა ჩაეტარებინათ. აეროპორტი და სასტუმროები სულ არ იქნებოდა საჭირო. ოღონდ… ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა სცოდნოდათ, რომ ფინალში ერთი ქალაქის ორი გუნდი გავიდოდა.

სხვა მხრივ კი, ნებისმიერ მოშორებულ ადგილს, სადაც ლონდონიდან მაინცდამაინც თვითმფრინავია საჭირო, იგივე პრობლემა ექნებოდა. ბაქოს თავი დავანებოთ და როგორ ფიქრობთ, თუნდაც ნიუ იორკის JFK თავის გრაფიკზე დამატებით ერთი ქალაქიდან, ერთ-ორ დღეში, 30-50 ათასი კაცის მიღებას და გაშვებას გაუძლებდა?


 

ჰოდა, თუ ყველანი ერთი დიდი საფეხბურთო ოჯახის, წუთისოფლის და უეფას შვილები ვართ, მაშინ კეთილი ვინებოთ და შევეგუოთ, რომ ფინალი ხან პარიზში იქნება, ხან რომში, ხან სოფიაში, ხან კიევში და ხან (ღმერთო, მაგ დღეს მომასწარი) ქუთაისში. 

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შევცვალოთ წესი და ფინალშიც ორი მატჩი ჩავატაროთ: ლონდონში და ლონდონში, მაგალითად.

აბა, ვერ გავიგე, რატომ უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში (თან, იქაური კლიმატის გამო მსოფლიო ფეხბურთის კალენდარი უნდა აურიონ და ამხელა მუნდიალი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში გადაიტანონ), ევროლიგის ფინალი და სუპერთასი კი ბაქოში და თბილისში, არა. სად არის, ლოგიკა?


 

ერთადერთი, ჰენრიხ მხითარიანის ამბავი გამოვიდა ცუდად… ასე არ უნდა მომხდარიყო. კი, ყოფილან სომეხი ბიჭები ბაქოში. 2015 წელს, პირველ ევროპულ თამაშებზე ჩემი თვალით მყავს ნანახი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია, მაგრამ… ნუ, მაინც ვერ გაბედა არსენალმა.

მოკლედ, ეს ცუდი იყო…

ოღონდ მხითარიანის ამბავი ძალიან სპეციფიკური თემაა და მისი განზოგადება და მასზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ კავკასიაში შეჯიბრებები არ უნდა ჩატარდეს, არ შეიძლება.


 

სხვა მხრივ კი რას ერჩით? 

ერთადერთი, ვერ გავიგე კონფიტი რატომ აღარ არის მოდაში.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.