ყისმათის მადრიდული გამოცდა

კობა ინასარიძე სპეციალურად ლიდერსპორტისთვის მადრიდიდან

როგორც მადრიდულ წინა რეპორტაჟში ვწერდით, ამ დიდ საფეხბურთო ქალაქში ყველაფერი მზადაა სეზონის მთავარი მატჩისთვის, მხოლოდ მთავარი - გულშემატკივარი აკლია. ეს გულშემატკივარი კი ესპანეთის დედაქალაქში ყოველსაათობრივად მატულობს და აქაური კაფე-ბარებიც გიჟმაჟი ინგლისელი ქომაგებით ივსება.

 

ვანდამეტროპოლიტანოს სტადიონი  68 ათასამდე ადამიანს იტევს, უეფამ კი ორივე გუნდის ქომაგებისთვის 35 ათასი ბილეთი გამოყო. ვეჭვობთ, რომ 1 ივნისს, ატლეტიკოს სტადიონის ტრიბუნებზე ყველაზე ცოტანი ესპანელი გულშემატკივრები იქნებიან, რადგან აქაურობა სავსეა ტურისტებით, რომელთა უმრავლესობაც მადრიდში სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად ჩამოვიდა.

 

 

 

ეს ქალაქი ამ დღეებში „საფეხბურთო“ ტურისტებისგან დიდ ფინანსურ მოგებას ნახავს, თორემ ფეხბურთში მოგებები ისედაც მრავლად უნახავთ. აგერ ერთი ხანშიშესული მამაკაცი შემხვდა, ვიდრე ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდებოდი - ვიგოელი ყოფილა... ესპანეთში თუ რამ დიდი თამაში გამართულა, თავისი წელიწადში ორი ელ-კლასიკოთი, არცერთი არ გამიცდენიაო, მაგრამ ესეთი აჟიოტაჟი იშვითად მახსენდებაო. მერე დაამატა - ეს ალბათ ინგლისური გუნდების და ქომაგების დამსახურებააო.

 

 

ლივერპულის დილის ამბებზე უკვე მოგახსენეთ, ხოლო მომდვნო რეპორტაჟამდე ცოტას იურგენ კლოპზეც მოგითხრობთ, ვინაიდან ეს გერმანელი მწვრთნლე აქ სახალხო ყურადღების ცენტრშია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი ფინალური უიღბლობები ყველასთვის ცნობილია და აგერ, 1 ივნისს ყისმათის კიდევ ერთ გამოცდა ელის.

 

 

გერმანელი სპეციალისტისთვის ეს კარიერაში მეშვიდე ფინალი იქნება. თითქოს წყევლააო - წინა ექვსივე წააგო, სამი დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად, სამიც ლივერპულთან. ახლა კლოპს ჯერა, რომ ამ მოჯადოებულ წრეს როგორმე გაარღვევს და ბოლო-ბოლო სანუკვარ თასს დაეუფლება.

 

ამ ექვსიდან ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახლდათ: 2013-ში მისმა დორტმუნდმა მიუნხენის ბაიერნთან წააგო, 2018-ში კი მისი ლივერპული რეალთან დამარცხდა. იყო კიდევ ერთი ევროფინალი - 2016 წელს, მაშინ კლოპის ლივერპული ევროპა ლიგის ფინალში სევილიასთან დამარცხდა.

 

 

მას მიაჩნია, რომ სამკვირიანი შესვენების შემდეგ, ფინალის ორივე მონაწილე დასვენებული და სავსე იქნება ენერგიით. თუმცა, მიიჩნვს, რომ ლივერპული უფრო გამოცდილია: „შარშანდელ ფინალში მეტოქე გაცილებით გამოცდილი იყო. თან ცოტა არ გაგვიმართლა. უცნაური გოლებიც გავუშვით. ახლა კი განსხვავებული ვითარებაა. ახლა ჩვენ მეტოქეზე უფრო გამოცდილები ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ.

 

საერთოდ, მგონია, რომ ასეთი კარგი გუნდი ჯერ არ გამიწვრთნია. არ ეწყინოთ მაინცისა და დორტმუნდის ფეხბურთელებს, ისინიც ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა იდეალური გუნდი მყავს, - ამბობს კლოპი, - შარშანდელმა წაგებამ ლივერპულს განვითარებისკენ მისცა ბიძგი. ჩინებულად ჩავატარეთ სეზონი პრემიერლიგაში. ხოლო ნახევარფინალში ბარსელონასთან ორ მატჩს შორის კიდევ გავიზარდეთ, უფრო ახლებურად ვითამაშეთ. იმიტომ ვართ ახლა ფინალში. ტოტენჰემის წინააღმდეგ კიდევ უფრო ახლებურად იქნება თამაში საჭირო.“




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.