პროგნოზი: ტოტენჰემი ლივერპული

პრევიუ, სტატისტიკა, ურთიერთშეხვედრები და ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ უდნა ვიცოდეთ 

ტოტენჰემი-ლივერპული

 

დრო: 1 ივნისი, 23:00 საათი

 

სტადიონი: ვანდა მეტროპოლიტანო (მადრიდი)

 

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

 

ისტორია

 

1 ივნისს, მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე, ჩემპიონთა თასის/ლიგის რიგით 64-ე გათამაშების ფინალი გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ინგლისური კლუბი, ვიცე-ჩემპიონი ლივერპული და ფინალის დებიუტანტი ტოტენჰემი დაუპირისპირდება.

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში აქამდე სულ 38 გუნდს უთამაშია, გამარჯვებას კი 22-მა მათგანმა მიაღწია. ყველაზე მეტი - 13 მატჩი მადრიდის რეალმა მოიგო, ყველაზე მეტჯერ კი იუვენტუსი (7), ბაიერნი და ბენფიკა (ორივე 5) დამარცხდნენ. მადრიდის ატლეტიკო ერთადერთი გუნდია, რომელმაც სამ ფინალში ითამაშა და ერთადერთიც კი ვერ მოიგო.

 

რეალის (13) და ბარსელონას (5) წყალობით, ესპანეთმა ტურნირი ყველაზე მეტჯერ (18) მოიგო, მეორე ადგილზე კი იტალიაა, რომელსაც სამი კლუბი, მილანი (7), ინტერი (3) და იუვენტუსი (2) წარმოადგენენ.

 

ყველაზე მეტჯერ ფინალურ შეხვედრას იტალიამ (9) უმასპინძლა, ყველაზე მეტი ფინალი კი ლონდონში, უემბლიზე (7) გაიმართა.

 

ეს ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა ფინალში ერთმანეთს 2 ინგლისური კლუბი უპირისპირდება - პირველად ერთმანეთს 2008 წელს, ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი შეხვდნენ.

 

 

კლუბები

 

ტოტენჰემი

 

ამ ლონდონურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. დეზები ფინალის დებიუტანტები არიან, მათი საუკეთესო შედეგი კი ამ სეზონამდე 1961 წელს ნათამაშები ნახევარფინალი იყო.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 13:2, ქრიუ ალექსანდრასთან, 1960 წლის 3 თებერვალს, ასოციაციის თასზე.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: 0:8, 1995 წლის 22 ივლისს, კიოლნთან, ინტერტოტოს თასზე. 

 

ჩემპიონთა ლიგა: 0

 

ინგლისის ჩემპიონატი: 2

 

ევროპის ლიგა: 0

 

უეფას თასი: 2

 

თასების მფლობელთა თასი: 1

 

უეფას სუპერთასი: 0

 

ასოციაციის თასი: 8

 

ლიგის თასი: 4

 

ინგლისის სუპერთასი: 7

 

 

ლივერპული

 

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებულია და ამ მაჩვენებლით ინგლისში საუკეთესო, მთლიანად ევროპაში კი მესამე გუნდია. გარდა ამისა, ლივერპულს ორჯერ ფინალიც წაუგია.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 11:0, შტრომსგოდესტთან, 1974 წლის 17 სექტემბერს, თასების მფლობელთა თასზე.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: 1:9, ბირმინგემ სიტისთან, 1954 წლის 11 დეკემბერს, მეორე დივიზიონში.

 

ჩემპიონთა ლიგა: 5

 

ინგლისის ჩემპიონატი: 18

 

ევროპის ლიგა: 0

 

უეფას თასი: 3

 

უეფას სუპერთასი: 3

 

ასოციაციის თასი: 7

 

ლიგის თასი: 8

 

ინგლისის სუპერთასი: 16

 

 

გზა ფინალამდე

 

ტოტენჰემი

 

ტოტენჰემს ფინალში გასვლა უკიდურესად გაუჭირდა. მერვედფინალის გარდა, სადაც პოჩეტინოს შეგირდებმა დორტმუნდს მარტივად, ორი მატჩის ჯამში - 4:0 მოუგეს (3:0 და 1:0), ლონდონელებს ბეწვის ხიდზე გავლა თითქმის ყველა ეტაპზე მოუხდათ. ჯგუფში, სადაც ტოტენჰემს მეტოქეებად ბარსელონა, ინტერი და პსვ ჰყავდა, თეთრებმა მეორე ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ტურში, ისიც იტალიელების მიერ ფეხის დაცდენის შედეგად მოიპოვეს.

 

მეოთხედფინალში ტოტენჰემმა გათამაშებას ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ინგლისის ბოლო 2 სეზონის ჩემპიონი მანჩესტერ სიტი გამოთიშა. გუნდებმა საშინაო მოგებები გაცვალეს, თუმცა მანჩესტერში გამართულ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრაში, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით (0:1, 3:4) შემდეგ ეტაპზე ტოტენჰემი გავიდა.

 

რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ ტოტენჰემი ტურნირის მთავარ აღმოჩენას - აიაქსს დაუპირისპირდა. განმეორებითი შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, ამსტერდამელები ორი მატჩის ჯამში - 3:0 (1:0 და 2:0) იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ლუკას მოურას პოკერის წყალობით ინგლისელებმა მატჩის მოგება (2:3) და ფინალში კვალიფიცირება მოახერხეს.

 

 

ლივერპული

 

ფინალში მარტივად არც ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გასულა. ლივერპული სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, სადაც ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში ნაპოლისთან ზუსტი ანგარიშით გამარჯვება (1:0) დასჭირდა.

 

ფლეი ოფის პირველ რაუნდში, იურგენ კლოპს პრინციპულ მეტოქე მიუნხენის ბაიერნთან ჭიდაობა მოუწია. პირველი მატჩი ენფილდზე გოლის გარეშე დასრულდა, ხოლო ალიანს არენაზე გერმანული ფეხბურთის გიგანტი - 1:3 დამარცხდა.

 

მეოთხედფინალი ლივერპულისთვის იოლი დასაძლევი აღმოჩნდა - ინგლისელებმა პორტუ წინა სეზონის მსგავსად ხუთბურთიანი უპირატესობით (2:0, 4:1) დაამარცხეს.

 

ნახევარფინალში წითლები ტრიპლეტის მაძიებელ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე დაგეშილ ბარსელონას დაუპირისპირდნენ. კატალონიაში ლიონელ მესის ბენეფისის და ბარსელონას - 3:0 გამარჯვების შემდეგ, ლივერპულმა ენფილდზე მორიგი შემოტრიალება შემოგვთავაზა და - 4:0 იმარჯვა.

 

 

2018/19 წლების სეზონი

 

ტოტენჰემი

 

ტოტენჰემისთვის გასული სეზონი ისტორიული გამოდგა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მიჯრით მეოთხე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ამავე ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად გააღწია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დეზებს არც სეზონის დაწყებამდე და არც ზამთარში გუნდის გაძლიერებაზე არ უზრუნიათ და უმნიშვნელოვანეს წარმატებას არსებული რესურსით და თანაც, ლიდერების ხშირი ტრავმიანობის ფონზე მიაღწიეს.

 

ლივერპული

 

ორივე ინგლისურ თასზე ასპარეზობას მერსისაიდელები საწყისი რაუნდებიდანვე დაემშვიდობნენ, თუმცა, ლივერპულს პრემიერლიგაში ინდივიდუალურად საუკეთესო შედეგი ჰქონდა და დაგროვილი 97 ქულით ისტორიაში მესამე ადგილი დაიკავა. იურგენ კლოპის გუნდი ინგლისის ჩემპიონატში ერთადერთხელ დამარცხდა (საუკეთესო შედეგი) და ისიც, ფაქტობრივად საჩემპიონო მატჩში, მანჩესტერ სიტისთან. გამორჩეული იყო გუნდის შეტევითი პოტენციალი - სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა 22 გოლი გაიტანეს, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად ბომბარდირობა გაინაწილეს და პრემიერლიგის რეკორდიც დაამყარეს.

 

 

 

სათამაშო ფორმა

ტოტენჰემმა ბოლო ხუთი მატჩიდან ერთადერთი მოიგო - ჩემპიონთა ლიგაში აიაქსთან.

 

ტოტენჰემის ბოლო 7 შეხვედრიდან 5 ანალოგიური ანგარიშით - 1:0 დასრულდა.

 

ბოლო ორ თამაშში ტოტენჰემმა მინიმუმ 2 გოლი გაუშვა.

 

ლივერპული შესანიშნავ ფორმაშია. გუნდმა ბოლო 23 მატჩიდან 17 მოიგო და ერთადერთში დამარცხდა, ისიც ხსენებული შეხვედრა ბარსელონასთან.

 

ლივერპულმა ბოლო 13 მატჩიდან 12-ში მეტოქეებს სულ მცირე 2 გოლი გაუტანა.

 

იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 6 შეხვედრიდან 4-ში გოლი არ გაუშვა.

 

ლივერპულის მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდების ბოლო შვიდ დაპირისპირებაში გოლი ორივე მეტოქემ გაიტანა.

 

ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში, ტოტენჰემმა სულ მცირე 2 გოლი გაუშვა.

 

ბოლო 14 მატჩიდან ტოტენჰემმა ერთადერთი მოიგო. 

 

ტოტენჰემმა კარი მშრალად ბოლო 15 შეხვედრიდან ერთადერთში შეინახა.

 

დანაკლისი

 

ტოტენჰემი: შესაძლოა ვერ ითამაშონ - ჰარი კეინი, დენი როუზი, დევინსონ სანჩესი, იან ვერტონგენი, ჰარი ვინკსი.

 

ლივერპული: ვერ ითამაშებს: ნაბი კეიტა. შესაძლოა ვერ ითამაშოს - ადამ ლალანამ.

 

 

 

სავარაუდო შემადგენლობა

 

ტოტენჰემი: ლორისი - როუზი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი - ერიკსენი, ვანიამა, სისოკო - ალი, მოურა, კეინი. (4-3-1-2).

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა).

 

ლივერპული: ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე. (4-3-3).

 

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია).

 

 

მატჩისწინა კომენტარები

 

ვირჯილ ვან დეიკი - ლივერპულის ცენტრალური მცველი: „ვიცით, რომ წინ ძლიერი მეტოქე გველოდება. მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად შევისწავლოთ. ტოტენჰემს ბევრი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომელსაც რეალური ხიფათის შექმნა შეუძლია, მათ შორის: სონი, ლუკას მოურა, ფერნანდო ლორენტე. წინა წელთან შედარებით უფრო გავიზარდეთ. გუნდი განვითარდა და მთელი სეზონის განმავლობაში წინ თანმიმდევრულად მიიწევდა. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ვიყენებდით და თითოეულმა მათგანმა გაცილებით მოუმატა. რა თქმა უნდა, გამოცდილება მცირე უპირატესობას მოგვცემს, მაგრამ ეს ერთი მატჩია, 90 წუთში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

 

კრისტიან ერიქსენი - ტოტენჰემის ნახევარმცველი: „ისტორიული მომენტის წინაშე ვართ. ჩვენ ახლა იმ მწვერვალზე ვიმყოფებით, რომლისთვისაც კლუბს აქამდე არასდროს მიუღწევია. ტოტენჰემს ისტორიაში არაერთი ჯილდო მოუგია, თუმცა ეს რაღაც სულ სხვაა. ეს დღე ჩვენს ისტორიას შეცვლის. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩვენზე, ტოტენჰემის ფეხბურთელებზე ხალხის წარმოდგენასაც შეცვლის“. 

 

 

 

სტადიონი

ვანდა მეტროპოლიტანოს მშენებლობა 1990 წელს დაიწყო და 3 წელიწადში დასრულდა. მადრდის თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფ სტადიონს რეკონსტრუქცია 2017 წელს ჩაუტარდა და ატლეტიკოს მფლობელობაში გადავიდა.

 

სტადიონის მშენებლობის მიზანი 1997 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა იყო, თუმცა მადრიდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. წარუმატებელი აღმოჩნდა ესპანელთა სურვილი 2004 და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის შესახებაც.

 

თავდაპირველად, არენა 20 000 მაყურებელს იტევდა, თუმცა განახლების შემდეგ ტრიბუნებზე ადგილების რაოდენობა 67 829-მდე გაიზარდა.

 

როხიბლანკომ პირველი ოფიციალური მატჩი ვანდა მეტროპოლიტანოზე 2017 წლის 16 სექტემბერს ჩაატარა და ლა ლიგის ეგიდით მალაგა - 1:0 დაამარცხა. პირველი და გამარჯვების გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახლდათ.

 

ვანდა მეტროპოლიტანომ 2018 წელს, კოპა დელ რეის ფინალსაც უმასპინძლა, რომელშიც ბარსელონამ სევილია - 5:0 დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

 

 

 

 

მსაჯი

 

გამორჩეული მომენტები 42 წლის სლოვენიელი არბიტრის კარიერიდან:

 

2008 წლის ევროპის ჩემპიონატი - მეოთხე მსაჯი.

 

2008 წლის ოლიმპიური თამაშები, მეოთხედფინალი - მთავარი მსაჯი.

 

2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი, არსენალი-მილანი - მთავარი მსაჯი.

 

2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ჩელსი-ბენფიკა - მთავარი მსაჯი.

 

2012 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი და მეოთხედფინალური შეხვედრა გერმანია-საბერძნეთი - მთავარი მსაჯი.

 

2012 წლის უეფას სუპერთასი, ჩელსი-ატლეტიკო - მთავარი მსაჯი.

 

2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ბაიერნი-დორტმუნდი - მთავარი მსაჯი.

 

2015 წლის წლის ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი, რეალი-სიტი - მთავარი მსაჯი.

 

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი, ინგლისი-ისლანდია და მეოთხედფინალი უელსი-ბელგია - მთავარი მსაჯი.

 

2017 წლის ევროპის ლიგის ფინალი, მანჩესტერი-აიაქსი - მთავარი მსაჯი.

 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იური პრაპროტნიკთან და რობერტ ვუკანთან ერთად კოლუმბია-იაპონიაში, ინგლისი-ბელგიაში და შვედეთი-შვეიცარიაში მთავარი მსაჯის დამხმარე.

 

2019 წლის 13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, აიაქსსა და მადრიდის რეალს შრის გამართულ მატჩში, სკომინამ ვიდეო რეფერის დახმარებით, ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი გააუქმა.

 

დამირ სკომინამ ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ფეხბურთელები სულ მცირე 3-ჯერ გააფრთხილა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, სლოვენიელმა რეფერიმ 6 შეხვედრა განსაჯა და ყველა შემთხვევაში მინიმუმ 4 ყვითელი ბარათი გამოიყენა.

 

 

 

 

პროგნოზი

 

საკლუბო ისტორიაში ნაჩვენები ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის და დომინანტური ფეხბურთის შემდეგ, ლივერპულმა დაამტკიცა, რომ ეს გუნდი ტიტულის მოსაგებად მომწიფდა.

 

მიუხედავად 97 ქულის დაგროვებისა და პრემიერლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგისა, მერსისაიდელები ნანატრ პირველ ტიტულს მაინც ვერ შესწვდნენ. ერთადერთი მატჩი, რომელშიც იურგენ კლოპს 4-წლიანი შრომის ტიტულით დაგვირგვინება შეეძლება, ტოტენჰემთან დაპირისპირება იქნება.

 

ლივერპული ყველა კომპონენტში ძალიან ძლიერია: პრემიერლიგაში ყველაზე ცოტა გაშვებული გოლის მქონე მეკარე; ინგლისის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მქონე და „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი კანდიდატი - ცენტრალური მცველი; ჟორჟინიო ვეინალდუმი და ფაბინიო - უნივერსალი მოთამაშეები, რომლებსაც ნახევარდაცვაში შესანიშნავი მოქმედებების პარალელურად, გოლის ბრწყინვალე ალღოც აქვთ; ჯეიმს მილნერი - გუნდის ჩუმი ლიდერი; თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეული შემტევი ტრიო, რომელთაგან ორი პრემიერლიგის თანაბომბარდირი გახდა.

 

კიდევ ერთი კომპონენტი, რომლითაც მერსისაიდელები მეტოქეს აღემატებიან - გამოცდილება. ლივერპულმა ფინალში შარშანაც ითამაშა, თუმცა მეკარის უპატიებელი შეცდომების და მეტოქის კლასის გამო, გამარჯვება რეალმა იზეიმა.

 

ჰოლანდიელი გიგანტის წყალობით, ლივერპულს ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს, თუმცა ტოტენჰემს გოლის გატანა უიმედო მდგომარეობიდანაც შეუძლია. თითქმის განწირულმა და მთავარი დამრტყმელი ძალის გარეშე დარჩენილმა დეზებმა 45 წუთში აიაქსის დამარცხება მოახერხეს, 90 წუთში კი წესით და რიგით, ლივერპულის კარის მინიმუმ ერთხელ აღებას მოახერხებენ.

 

 

ტიტულს ლივერპული მოიგებს @1.48

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.75




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.