მონაკომ და გალათასარაიმ ორიანები მიიღეს

მადრიდის ატლეტიკომ, რომელიც ჯგუფში 9 ქულით დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად ლიდერობდა, აუტსაიდერ და ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ მონაკოს ვანდა მეტროპოლიტანოზე, ანუ იმ სტადიონზე უმასპინძლა, რომელზეც სეზონის ბოლოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალი ჩატარდება.

 

მატჩში უპირობო ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, მონაკო კი, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ლიგა ერთში ბოლოსწინა ადგილს იკავებს.


დიეგო სიმეონეს გუნდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მორიგი, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

როხიბლანკომ პირველი ტაიმი უმეტესად შეტევაში გაატარა და სასურველი შედეგიც მალევე დააფიქსირა. ანგარიში მეორე წუთზე კოკეს გოლით გაიხსნა, ხოლო 24-ეზე გატანა ანტუან გრიზმანმაც შეძლო.

 

მეორე ნახევარში ატლეტიკომ ბურთზე კონტროლი შედარებით შეასუსტა და მონაკოს შეტევის შესაძლებლობა მისცა, თუმცა ფრანგებმა რეალური ვერაფერი შექმნეს, პირიქით სიმწვავე უფრო ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის იერიშებში შეიმჩნეოდა. მიუხედავად ამისა, 82-ე წუთზე მონაკოს გოლის გატანის რეალური შანსი შეექმნა. სავიჩმა საჯარიმოში იუხეშა, მეორე ყვითელი და ავტომატურად წითელი ბარათი მიიღო და მეტოქეს 11-მეტრიანი დარტყმის უფლება მისცა. ბურთთან რადამელ ფალკაო მივიდა, გამოცდილმა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ყოფილი კლუბის კარის აღება ვერ მოახერხა და ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

გარდა ამ ეპიზოდისა, მონაკოს სხვა რეალური მომენტი არ შეჰქმნია, თავი ვერც ატლეტიკომ გამოიჩინა და საბოლოოდ-2:0. მადრიდელბმა 12 ქულა დააგროვეს და პლეიოფის საგზური გაინაღდეს, მონაკო კი ერთი ქულით ჯგუფში ჩარჩა.

 

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, მოსკოვის ლოკომოტივმა თურქეთის მოქმედი ჩემპიონი გალათასარაი მიიღო და 2:0 დაამარცხა.

 

ამ ჯგუფში ისეთი მდგომარეობა იყო შექმნილი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა სამ კლუბს შეეძლო. გალათასარაის 4 ქულა ჰქონდა, და მეორეზე მყოფ შალკეს ოთხით ჩამორჩებოდა, ორი ქულა გახლდათ სხვაობა გელზერკირხენელებსა და ლიდერ პორტუს შორის. ამ ბოლო ორ გუნდს რამდენიმე წუთში ერთმანეთში მატჩი აქვთ გასამართი, დრაკონების გამარჯვებისა და საკუთარი მოგების შემთხვებაში კი გალათასარის მეორე ადგილზე გადასვლა შეეძლო.

ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც დონკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 54-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი დასვა-2:0.

დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და რუსეთის მოქმედი ჩემპიონის ცენტრალურ მცველ საბა კვირკველიას არ უთამაშია, რომელმაც წინა ტურში წითელი ბარათი და ავტომატურად დისკვალიფიკაცია მიიღო.

 

შედეგად, გალათასარაიმ მიღებული უპირატესობა ვერ გამოიყენა, ჯგუფიდან გასვლის მათემატიკური შანსიც დაკარგა და ევროპის ლიგის საგზურიც ჯერ კიდევ ვერ გაინაღდა.