ივანიაძე – შევარდენის ტალანტი და ძალა

Leadersport–ი ადრეც წერდა ჭაბუკ ქართველებზე. გვქონდა ჩანახატები რამდენიმე ფეხბურთელზე. და ვინც თვალს ადევნებს ჩვენს ჩემპიონატს, ეროვნულ ლიგა 2–ში გიორგი ივანიაძეს გამოარჩევდა. 

შევარდენის 19 წლის შემტევმა წლეულს 6 გოლი გაიტანა და თითქმის ყველა გადამწყვეტი ხასიათისა იყო.

 

მეშვიდეც შეაგდო. ეს თასზე ბოლნისის სიონთან, თუმცა შევარდენმა 1:2 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ სიონს თამაშით აჯობა.  

 

მთლიანობაში, შევარდენი კარგ სეზონს ატარებს და მეორე ადგილზეა. თანაც, გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველი ტური წააგო და იქიდან მოყოლებული, 13 ტური მარცხი არ უნახავს (7 მოგება, 6 ფრე), მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული: ბოლო 9 ტურში მხოლოდ 2.

 

წინა ხაზზე ნათელი წერტილი ივანიაძეა: საშუალო სიმაღლის, აგრესიული, კარგი დარტყმით, გოლის ალღოთი. აგრესიულობა გამოვარჩიოთ, სულ აქტიურია, ბურთს ითხოვს. მართალია, წუნიც ბევრი აქვს და ხშირად კარგავს ბურთს, მაგრამ რა კოზირებიც აქვს, მშვენივრად იყენებს.

 

 

შევარდენმა გაგრას შინაც და სტუმრადაც 1:0 მოუგო, ორივეჯერ ივანიაძემ გაიტანა და არცერთხელ არ აღნიშნა. საქმე ისაა, რომ შარშან ხუთი თვე გაგრაში თამაშობდა. მანამდე ნახევარი წელი ქობულეთის შუქურაში იყო, კიდევ უფრო ადრე კი...

 

სჯობს თავიდან მივყვეთ. გიორგი ბათუმელია და იქ შევიდა ფეხბურთზე. ბავშვობაში,  ბენდელას თასზე მაგრად ითამაშა და საბურთალომ აიყვანა. კონტრაქტიც გაუფორმა. ექვსი წელი გახლდათ საბურთალოს ასაკობრივებში და 2000 წელს დაბადებულებში მუდამ გამორჩეული თავდამსხმელი იყო, ბევრი გაჰქონდა ელიტ–ლიგასა და ჭაბუკთა ლიგაზე.     

 

სხვათა შორის, 13 წლის ასაკში ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა, დაბრუნდა და პირველივე თამაშში სამჯერ შეაგდო. ორი წლის წინ, 19–წლამდელთა ლიგის ფინალში თბილისის დინამოს ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა და საბურთალო ჩემპიონი გახდა.    

 

ამის მერე ჩავარდნები ჰქონდა. პოზიციაც შეუცვალეს და ახლა მეტწილად სირღმიდან, მარცხნიდან უტევს. აგრესია არსად წასულა.

 

ასაკობრივ ნაკრებებში მუდმივად იყო, თუმცა იქ საუკეთესო თამაშები არ უჩვენებია. საუკეთესო პერიოდი სწორედ ახლა აქვს, აი, 20–წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.  ვნახოთ, როგორ გააგრძელებს – საინტერესო შემტევი გვეზრდება...