ბუბა დაუშვილი: ბათუმის დინამო ძველ ზესტაფონს მახსენებს

ბუბა დაუშვილი - უნგრულ პროგრესზე, საქართველოს ნაკრებზე, სამომავლო გეგმებზე ...

ბუბა დაუშვილს უნგრულ ჰალადაშთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას. ქართველი ნახევარმცველი ამჟამად თბილისშია და ისვენებს. სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ნაკრებზე და სხვა არაერთ  საინტერესო საკითხზე, ლიდერსპორტი ქართველ ფეხბურთელს გაესაუბრა.

 

- ჰალადაშთან კონტრაქტი დაგიმთავრდათ. გაქვს  სხვა შემოთავაზებები?

 

- ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ და ჯერ არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას. ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადებით არცერთ გუნდს არ მოუმართავს და წინასწარ რამის თქმა მიჭირს. რამდენიმე უნგრული გუნდი ჩემი დამატების ვარიანტს განიხილავს და გამორიცხული არაა ისევ ამ ქვეყნის ჩემპიონატში ვითამაშო. ისე კი უნდა ვთქვა, რომ იქაური პირველობა ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი.

 

- თუ არის შანსი, რომ სხვა ქვეყანაში გააგრძელო კარიერა?

 

 

- როცა ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება, ამის შანსი სულ არის. როგორც უკვე ავღნიშნე კონკრეტული ჯერ არაფერია.

 

- ჰალადაშიდან წამოსვლის შემდეგ რომელიმე ქართული გუნდი თუ დაგიკავშირდა?

 

- არა, საქართველოდან არავინ შემხმიანებია.

 

- უნგრეთის ჩემპიონატზე მოგვიყევი ორიოდე სიტყვით.

 

- ძალიან საინტერესო ჩემპიონატია. უნგრეთში პირველად 2016 წელს ჩავედი, შემდეგ 1 წელი ვითამაშე და ცოტა ხანი საქართველოში დავბრუნდი სათამაშოდ, რის შემდეგაც კვლავ უნგრეთს მივაშურე. შარშან როცა დავბრუნდი ჩემპიონატს შეეტყო, რომ დიდი პროგრესი განიცადა. ყველა გუნდს ახალი და ევროპული დონის სტადიონი აქვს, უმაღლესი დონის ბაზები, ახალი აკადემიები. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვთა ფეხბურთს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ასაკობრივ ჩემპიონატებსაც ისეთივე ყურადღებას აქცევენ, როგორსაც მთავარ პირველობას.

 

 

- საქართველოდან პირველად 2011 წელს წახვედი. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში? პროგრესი უფრო შეიმჩნევა თუ რეგრესი?

 

- პროგრესად ჩავთვლი იმას, რომ ფეხბურთელები უფრო მეტი პროფესიონალიზმით უდგებიან საქმეს. რაღაცეებში მართლაც არის წინსვლა, თუმცა ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ვისურვებდი, რომ მატჩებს უფრო მეტი გულშემატკივარი ესწრებოდეს. ფეხბურთი ხომ მათ გარეშე წარმოუდგენელია. თუ ხალხი თამაშებზე ივლის, ჩემპიონატიც წინ წაიწევს.

 

- ბათუმის დინამოზე მინდა გკითხო. ამ გუნდს გია გეგუჩაძე თავკაცობს, რომელთან ერთადაც 6 წელი იმუშავე. თუ ელოდი იმას, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი ასე კარგად წარმოაჩენდა თავს?

 

- უნდა ავღნიშნო, რომ ბათუმელები ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ამ გუნდმა ის პერიოდი გამახსენა, როცა ზესტაფონის ღირსებას ვიცავდი, ეს ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ჩემი მწვრთნელი გეგუჩაძე იყო და ბათუმელებს დღეს სწორედ ის თავკაცობს. მოგების ჟინი, პირველობის სურვილი, ეს ყველაფერი ამ ორ გუნდს აკავშირებს, რაც რა თქმა უნდა გეგუჩაძის დამსახურებაა. ის  გუნდის ნამდვილი მოტივატორია. ჩემპიონატში წარმატების მიღწევასთან ერთად გეგუჩაძე ევროტურნირებზე კარგად გამოსვლისკენაც ისწრაფვის.

 

- საქართველოს ნაკრებსაც შევეხოთ.

 

- წინა ორ მატჩს რომ გადავხედოთ, შვეიცარიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავს, ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, თუმცა ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და როგორც იტყვიან თავს ზემოთ ძალა არაა. რაც შეეხება ირლანდიურ მატჩს, თამაშის ხარისხი დუბლინში უკეთესი იყო. რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა და წავაგეთ. უახლოეს მატჩებში გიბრალტართან აუცილებლად მოვიგებთ, დანიაში კი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ 3 ქულის ასაღებად. საქართველოს ნაკრები დღეს ერთსულოვანი გუნდია, ყველა მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს.

 

- რამდენჯერმე მოგიწია ირლანდიის წინააღმდეგ თამაში. წინა წლებთან შედარებით მოუმატეს თუ არა შენი აზრით?

 

 

- მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელთა წინააღმდეგ ერთი თამაშიც არ მოგვიგია, უნდა ავღნიშნო, რომ ირლანდიელებს ჩვენთან ყოველთვის უჭირთ. მუდმივად ვქმნით ხოლმე მათ წინააღმდეგ მომენტებს, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ. როცა მაკარტის გუნდს ვუმასპინძლებთ, დარწმუნებული ვარ 3 ქულას ავიღებთ. ვერ ვიტყვი, რომ ირლანდიამ რაიმე განსაკუთრებული პროგრესი განიცადა.

 

- ევროპული ფინალებიც შევაფასოთ.

 

- ლონდონური დუელისას არსენალისგან უფრო მეტს ველოდი. არ მეგონა თუ ფინალი ესეთი სხვაობით დასრულდებოდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, აქაც მეგონა, რომ უკეთეს მატჩს ვიხილავდით. სწრაფმა გოლმა შეხვედრაზე გავლენა იქონია. ლივერპულმა მატჩი მოიგო და თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ტოტენჰემს კი მეტი აქტიურობა მართებდა. პირადად მე მსურდა, რომ ფინალში აიაქსი გასულიყო, დარწმუნებული ვარ ბევრად კარგ თამაშს ვნახავდით.