სამუდამოდ მესტალიაზე

ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტი

რა იქნებოდა ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე? არაფერი! ის ვერასდროს გახდებოდა სპორტის ნომერ პირველი სახეობა რომ არა მასზე არანორმალურად შეყვარებული მილიარდობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო.

 

ამის ნათელი დადასტურება ვისენტე ნავარო გახლდათ. მისი სახელი ქართველ გულშემატკივარს ალბათ ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ საფეხბურთო კლუბ ვალენსიასთვის ბევრს ნიშნავდა. ის გუნდის თავგადაკლული ფანი იყო. ერთი შეხედვით ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს, ვალენსიას ხომ ათასობით გულშემატკივარი ჰყავს და არა მხოლოდ მშობლიურ ქალაქში. მესტალიას ბინადრების მიმართ სიმპათიები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აქვთ.

 

 

ვისენტე ნავარო კი გამორჩეული იმით გახლდათ, რომ ის წლების მანძილზე ვერაფერს ხედავდა, მაგრამ სტადიონზე შვილთან ერთად მაინც დადიოდა. მას სურდა ტრიბუნებზე არსებული ატმოსფერო შეეგრძნო და ასე ეგულშემატკივრა საყვარელი გუნდისთვის. მან თვალის ჩინი 54 წლის ასაკში დაკარგა, მაგრამ მას შემდეგ ვალენსიას არცერთი საშინაო მატჩი არ გაუცდენია. უფრო მეტიც - ის გუნდს ხანდახან გასვლით დაპირისპირებებშიც დაჰყვებოდა.

 

 

ვისენტე ნავარო 2 წლის წინ გარდაიცვალა. ვალენსიამ კი მისდამი პატივისცემა ძეგლის დადგმით გამოხატა. რიგი 15, ადგილი 164 - მესტალიას სტადიონზე ეს ვისენტეს ადგილია.

 

ამიერიდან, ვისენტე ნავარო ვალენსიას საშინაო მატჩებს  მუდამ  დაესწრება.