უკრაინელი მესი? ჩემი სახელ–გვარი გიორგი წიტაიშვილია

უკრაინის ნაკრები 20–წლამდელთა მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა, გუნდის ერთ–ერთი ლიდერი კი გიორგი წიტაიშვილია. მასზე არაერთხელ დაგვიწერია: კიევის დინამოს გაზრდილია, ასაკობრივებიდან მთავარ გუნდშიც დაწინაურდა.

გიორგი კობა წიტაიშვილის (თბილისის დინამოს, ანორთოსისის, საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის) ვაჟია.

 

პოლონურ საიტზე წიტაიშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, 20–წლამდელთა მუნდიალი სწორედ პოლონეთში მიმდინარეობს. აი, ამონარიდებიც...

 

აქამდე კარიერაში სირთულეები გქონდათ?

 

რა თქმა უნდა. როცა კიევის დინამოში მივედი, ფიზიკურად არცთუ კარგად ვიყავი მომზადებული. ყველანი ჩემზე მაღლები და ძლიერები იყვნენ. მართალია, ბურთთან ვმეგობრობდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ნახევარი წელი ვემზადებოდი, მაკვირდებოდნენ.

 

საიდან გაქვთ ასეთი მისწრაფება ფეხბურთის მიმართ?

 

ვერ ვიტყვი, თუ საიდან, მაგრამ სამი წლის ასაკში უკვე ვვარჯიშობდი. მამაჩემი აღიარებული ფეხბურთელი იყო. მის თამაშებზე დავდიოდი, რადგან ფეხბურთი მიყვარდა.

 

მსოფლიო ჩემპიონატზე წნეხს გრძნობთ?

 

არა. თუმცა ვფიქრობ, რომ წნეხი ფეხბურთის ნაწილია.

 

პოლონური სიტყვები იცით?

 

დიახ, მაგრამ თქმა არ მინდა... გუნდში გვყავს პოლონელი, რომელმაც მასწავლა.

 

ვინ არის თქვენი კუმირი?

 

ლეო მესი.

 

როგორც ვიცით, უკრაინელ მესის გეძახიან.

 

სულერთია, რას ლაპარაკობენ. ჩემი სახელი და გვარი გიორგი წიტაიშვილია. სხვა არაფერი მადარდებს.