8 წლის შემდეგ...

საჩოგბურთო კლასიკის მოლოდინში

ბულონის ტყეში ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით და უსენსაციოდ მიმდინარეობს. ვაჟთა ერთეულთა თანრიგზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. 

 

როჯერ ფედერერი როლან გაროსზე 2015 წლის შემდეგ დაბრუნდა და აგერ უკვე საუკეთესო ოთხეულშიც გააღწია. ვერავინ იტყვის დაუმსახურებლადო. ისე, როდესაც დიად შვეიცარიელ მეჩოგნეზეა საუბარი, ენა პირში არავის მოუბრუნდება იმის სათქმელად, რომ ესა თუ ის ტურნირი შემთხვევით მოიგო ან ამა თუ იმ სტადიაზე ყოფნა არ ეკუთვნოდა, მაგრამ გაუმართლაო.

 

37 წლის ფედერერს, თითქოს მეორე სუნთქვა აქვს გახსნილი. ამჯერად მან თანამემამულეს და მეგობარს სტენ ვავრინკას აჯობა. მატჩი თვალსასეირო და დაძაბული სანახავი გამოდგა და საბოლოოდ ფედერერმა თითქმის 4 საათიან ჯახში - 7:6, 4:6, 7:6, 6:4 იმარჯვა.

 

 

მეორე მეოთხედფინალში კი რაფაელ ნადალმა მეტოქე კორტიდან უბრალოდ გააქრო. არადა ბადის იქით სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდაო ნამდვილად ვერ ვიტყვით. იაპონელი კეი ნიშიკორი ხელწამოსაკრავი ჩოგბურთელი არასდროს ყოფილა, მაგრამ როდესაც საქმე გრუნტის მეფეს ეხება, პროგნოზის გაკეთება ძნელი არ უნდა იყოს. როლან გაროსზე, ნადალის პირისპირ თითქოს ყველა ჭიანჭველაა. ასე იყო ნიშიკორის შემთხვევაში. იაპონელმა ოდენ 5 გეიმის მოგება შეძლო. ნადალმა მას 6:1, 6:1, 6:3 გადაურბინა.

 

ამრიგად, ნახევარფინალში საჩოგბურთო კლასიკა გველის. რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის პირისპირ. ესპანელი და შვეიცარიელი ჩოგბურთელები ბოლოს საფრანგეთის ღია პირველობაზე ერთმანეთს 2011 წელს ფინალში გადაეყარნენ. თუ ვინ გახდა ჩემპიონი ალბათ შეხსენება არ უნდა იყოს საჭირო. როჯერ ფედერერს, როლან გაროსი მხოლოდ ერთხელ - 2009 წელს აქვს მოგებული.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.