ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეები

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური დაპირისპირება გაიმართა. თსუ 2 ილიაუნის დაუპირისპირდა და გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა. „საუნივერსიტეტო დერბი“ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის პირველ ნახევარში გიორგი ღავთაძემ თსუ 2 დააწინაურა. თამაშის განახლებიდან მეშვიდე წუთზე კი ირაკლი ლატარიამ წონასწორობა აღადგინა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით ორ ხუთწუთიან ტაიმში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და თასის მფლობელის ვინაობა „საფეხბურთო ლატარეაში“ გაირკვა. გიორგი ვეშაპიძემ ერთი დარტყმის მოგერიება შეძლო, პენალტების სერია 3:2 დამთავრდა და თსუ 2-მა ჩემპიონობა მოიპოვა.

 

 დრამატული ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო უნივერსალი ლუკა ფარცვანია (კსუ) გახდა. საუკეთესო მცველად პაატა ლეჟავა დასახელდა (ილიაუნი). ტურნირის საუკეთესო მეკარე გიორგი ვეშაპიძეა (თსუ 2). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება გიორგი ღავთაძეს (თსუ 2) ერგო. გუნდისთვის საუკეთესო სასარგებლო მოთამაშე ომარ ასაშვილია (ილიაუნი). 16 გატანილი გოლით ბომბარდირისა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა (პსპ).

 

 შალვა გოგოლაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საინტერესო და დაძაბული ფინალის მომსწრენი გავხდით. ორივე გუნდის ქომაგებს, ასეთი განსაკუთებული გულშემატკივრობისთვის, დიდ მადლობას ვუხდი. თსუ 2-მა და ილიაუნიმ ძალიან კარგად ითამაშეს. ასეთი დრამატული მატჩი ნამდვილად იშვიათია.  ჩემპიონს ვულოცავ გამარჯვებას, მან  ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. ფუტსალის განვითარება ქვეყნის სტრატეგიაში შედის. ჩვენი მთავარი მიზანი მასობრივი სპორტის განვითარებაა, რის საშუალებასაც ასეთი შეჯიბრებები იძლევა. იმედია მომავალში ფუტსალის ლიგა 2 კიდევ უფრო გაძლიერდება.“

 

 კახა ჭუმბურიძე, სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი: „ფეხბურთის ფედერაციისთვის ფუტსალის ლიგა 2-ის პროექტი უმნიშვნელოვანესია. არაჩვეულებრივი სტუდენტური ფინალი ვიხილეთ, რაც ყველაზე მეტად გულშემატკივარმა გაალამაზა. ასეთი აჟიოტაჟი ტრიბუნაზე გამონაკლის შემთხვევებშია. ვფიქრობ შედგა ეს ტურნირი, ექვსმა გუნდა მიიღო მონაწილეობა და საბოლოო ჯამში ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ.“

 

პაატა ლეჟავა, ილიაუნი: „პირველ რიგში, მინდა ყველას, ვინც ჩვენს გუნდს წარმოადგენს, მადლობა გადავუხადო. ძალიან მაგარი სეზონი იყო, ბევრი დაძაბული თამაშითა და ემოციით დატვირთული. ტრიბუნიდან ყოველთვის საოცარი გულშემატკივრობა გვქონდა. ფინალზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არსებული ფიზიკური კონდიციების მიუხედავად, მეტოქემ მაინც ვერ დაგვამარცხა და გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. თსუ 2-ს ჩემპიონობას ვულოცავ. ჩვენ კი პირობას ვდებთ, რომ მომავალ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით.“

 

 გიორგი ღავთაძე, თსუ 2: „ფინალი, როგორც მოსალოდენელი იყო, დაძაბული გამოდგა. ჩვენს მეტოქეს არც ისე ბევრი მომენტი შეუქმნია და ვფიქრობ, უპირატესობა გარკვეულწილად ჩვენ გვქონდა. ის ერთი გოლიც ჩვენი შეცდომის გამო გავუშვით. შემდეგ უკვე თანაბარი ბრძოლა გაიმართა, ჩემპიონი დამატებით დროშიც ვერ გამოვლინდა. პენალტები იღბალზეა დამოკიდებული და ასე ვთქვათ, გაგვიმართლა. მთლიანად სეზონს, ჩვენი გუნდისთვის, დადებითად შევაფასებდი.“

 

 ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: „სადებიუტო სეზონი იყო, თუმცა თავიდანვე დიდი მიზნებისთვის ვიბრძოდით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ სასურველი შედეგის მიღწევა - ილიაუნისთან ნახევარფინალში პენალტების სერიაში დავმარცხდით. მთლიანად ჩემპიონატი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და მინდა ყველას, მათ შორის სპონსორებსაც, დიდი მადლობა გადავუხადო. თსუ 2-ს მძიმე ბრძოლაში მოპოვებულ დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ.“

 

 სტუდენტური ფინალით ფუტსალის ლიგა 2-ის სადებიუტო გათამაშება დასრულდა და იგი გულშემატკივარს მომავალ სეზონზე დაუბრუნდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.