შიდა თამაში

ლივერპულს ეკუთვნოდა და არც  გაუშვა ხელიდან

  საერთოდ, ისეა ხოლმე, რომ ზოგადად ფეხბურთის მაყურებელ ხალხს ყოველთვის უხარია ლივერპულის  გამარჯვება. კლუბის ისტორიის გამო, ენფილდის სულის გამო, იმ განსაკუთრებულობის გამო, ლივერპულს რომ სდევს თან, თუნდაც ისეთი მაგარი ვერ იყოს, რამის მოგება რომ შეეძლოს.

 

 ასეთი გუნდია,  დიდი ვნება და დიდი ფეხბურთი დაუდია მინდორზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში და ეს კი არ იკარგება. ამიტომ ყველას უყვარს, უშუალო მტრების გარდა. ყველას უნდა მის თამაშებზე მოხვედრა და ხმაშეწყობილ სიმღერა-გუგუნში დიდ ლანკაშირულ თამაშთან ზიარება.

 

 ოცდაათი წელიწადია ჩემპიონობა ვერ შეიძლო.  წელს იყო ყველაზე ახლოს, საერთოდაც ერთადერთხელ წააგო სეზონში, მაგრამ გაფანტა ზამთარში მოპოვებული მარაგი.

 

 

 

სამაგიეროდ, აი, ჩემპიონთა  თასი. ლივერპული ჩემპიონი ვერ ხდება, თორემ ჩემპიონთა თასის ფინალში კი გადის და იგებს ხოლმე. 

 

 წელს კი ისეთი წელი იყო, რომ  ფინალები ინგლისელებს დარჩათ. პრემიერლიგის ჩემპიონის გარდა, მას მოდევნებული ოთხი გუნდი ევროთასების ფინალებში გავიდა, რაც რაღაცეებზე კი მეტყველებს ალბათ.

 

 საერთოდ, პრემიერლიგის მოგება ძალიან ძნელია.  ყოველთვის ძნელი იყო.  ბოლო ხანს კი კიდევ უფრო გართულდა. მანჩესტერ იუნაიტედის ზეობის დროებიდან, ჯერ ერთი მაგარი გუნდი იყო, მერე მას მეორე მოჰყვა, მერე მესამე, მერე მეოთხე, ახლა კი ექვსი ისეთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონობა უნდა. უნდა კი არა, იბრძვის. მგონი, მალე მეშვიდეც დაემატება. რთულია. ასეთი ამბავი არცერთ ევროპულ ლიგაში არ არის. 

 

 

ოღონდ, ეს არის, რომ წლეულს ასეთი  ფინალები გამოვიდა. ჩემი მოკლე ჭკუით, ჩელსი-არსენალი უკეთესი იყო უხვგოლიანობის ხარჯზე და ლივერპული-ტოტენჰემი კი საერთოდ არ გავდა ფინალს და მეტიც კიდევ, სათასო თამაშსაც.  ეს იყო  პრემიერლიგის მატჩი, თანაც ისეთი, თავისუფლად რომ გადართავ და გადმორთავ, თუ არ იცი, რომ ევროპული ფინალია. კონტექსტი რომ არ გცოდნოდა და ვაი, დედა, ლივერპული და უიმე პირველად ტოტენჰემი, არაფერი იყო განსაკუთრებული. დაძაბულობაც კი ნელ-თბილად კალენდარულ- პრემიერლიგური ჩანდა ეკრანებზე.

 

 სინამდვილეში ასე არ იყო,  ორივე გუნდისთვის  დიადი და ბევრის გადამწყვეტი  თამაში იყო, მაგრამ ასე კი ჩანდა და, რას უზამ. უცხო ქალაქი და უცხოელი მსაჯები რომ არ ყოფილიყვნენ და იქ რომ ჩემპიონთა თასი არ მდგარიყო, ვინმე იფიქრებდა, რომ პრემირლიგის თამაში არ არის?

 

 

 

 იურგენ კლოპმა კი თქვა, დიდი მადლობა ბიჭებს, რომ ორი კვირის უთამაშებელზე მაინც მოიგეს და ამდენი შევძელითო, რაც, ასევე გასაგებია, იმ სიმშრალესთან ერთად, ამ ფინალმა რომ დატოვა,  მაგრამ უამისოდაც, ფეხბურთი ძალიან შეიცვალა იმისთვის,  რომ ერთ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების, როგორც ადრე იტყოდნენ  ძველი მეტოქეების თამაშიდან რაიმე უცხოს მოველოდეთ მათი ურთიერთშეხვედრებისას. დავამატოთ ამას განსაკუთრებული დაძაბულობა და ნერვიულობა  და ეგაა.

 

 

 

ცხადია, რომ ახლა ლივერპული უკეთესია, ვიდრე ტოტენჰემი. ბოლო ხუთ წელიწადში ერთადერთხელ წააგო და შვიდჯერ მოუგო რაგინდარა შეჯიბრებაში. წელსაც მესამედ აჯობა. რამე უცნობი იყო ერთმანეთის და პრაქტიკაში, მინდორზე გაუვლელი? მართლა ორი კვირის დამთავრებულ სეზონზე ნათამაშევი ორივესთვის მძიმე იყო. ამიტომაც  გამოვიდა ასეთი. აბა, რომელიმეს ადგილას ან მადრიდი ყოფილიყო, ან ბარსელონა, ან ტურინი, ან მიუნხენი. ან იგივე აიაქსი.  კი, ესენი გავარდნენ, მაგრამ ფინალის სხვანაირობაზე ვამბობ.    

 

 მოკლედ, ლივერპულს ეკუთვნოდა და არც  გაუშვა ხელიდან.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.