რაღაც განსხვავებული

და ბრაზილიის ხსენებაზე რატომღაც, ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელის დიეგო ფორლანის ექვსი წლის წინანდელი ბლოგი გამახსენდა

ცოტაც და ბრაზილიაში კოპა ამერიკა დაიწყება. ეს იქნება სამხრეთ ამერიკის 46-ე ჩემპიონატი და აქვე გამოგიტყდებით, რომ მას სხვანაირი ფეხბურთის იმედით ველი. ძველი თაობის კაცი ვარ და ისევ ის დრო მგონია სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვა ფეხბურთს რომ თამაშობდნენ. არა, მეტ-ნაკლებად განსხვავებულს, ალბათ, ახლაც თამაშობენ, მაგრამ თუ ადრე იქით, ოკეანის გადაღმა, საერთოდ სხვა სამყარო იყო, ახლა აქეთური და იქითური მაინც უფრო ათქვეფილია ერთმანეთში. 

მართლაცდა, რა უნდა იყოს ისეთი ნანახი რომ არ მქონდეს? მესიც ვიცი, ნეიმარიც, ხამესიც, ვიდალიც და ისიც, რომ გლობალიზაცია დიდი დაუნდობელი რამ არის — აბა, ყატარს და იაპონიას კოპა ამერიკაზე რა ჯანდაბა უნდათ?

მოკლედ, ევროპული ფეხბურთით დანაყრებული დესერტად რაღაც განსხვავებულს ველი, მაგრამ მე რომ მენატრება იმას ალბათ მაინც ვერ ვნახავ. 


 

თუ ვნახავ?თუმცა, რატომ ვჩქარობ? რაღა დარჩა. დავიცდი ბარემ. ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო.

ისე, ხომ იცით, 2019 წლის კოპა თავდაპირველი გეგმის თანახმად ჩილეში რომ უნდა ჩატარებულიყო? გადაღმელთა კონფედერაციას ხომ ქვეყნებისთვის მასპინძლობა ანბანის მიხედვით აქვს განაწილებული. ანუ, ბრაზილიას 2015 წელი უწევდა, ჩილეს კი 2019, მაგრამ გაცვალეს. რატომ? გადაირია ბრაზილია და იმიტომ: 2013 წელს კონფედერაციათა თასს უმასპინძლა, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს, 2016 წელს ოლიმპიადას… 2015-ში კოპაღა აკლდა.

და ბრაზილიის ხსენებაზე რატომღაც, ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელის დიეგო ფორლანის ექვსი წლის წინანდელი ბლოგი გამახსენდა. დავძებნე და ვიპოვნე. კიდევ კარგი შენახული მქონია. კოპასთან არაფერ შუაშია, მაგრამ ბრაზილიაზეა და მომწონს.


 

გინდათ, ციტატები მოვიტანო?

„ამა თუ იმ ქვეყანაზე ვერაფერს იტყვი, სანამ არ იცხოვრებ. დღეს, უკვე წელიწადი გავიდა, რაც ბრაზილიაში დავფუძნდი და ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ეს გახლავთ ადგილი, სადაც ბევრი ნამყოფი არ არის და მის შესახებ სტერეოტიპებით მსჯელობს: ამაზონი, რიოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, პლაჟები, ლამაზი ქალები, სამბა, მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიადა… პირადად მე კი ყოველ დღე რაღაც ახალს ვნახულობ და გაოცებული ვრჩები.

ამასწინათ, მაგალითად, პარასკევ საღამოს, 9 საათზე, რესტორანში შევედი. ეს რესტორანი პორტუ ალეგრეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახლავთ და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ თავისუფალი მაგიდა დამხვდებოდა. ჩემდა გასაკვირად ერთადერთი სტუმარი აღმოვჩნდი — მთელი დარბაზი ცარიელი იყო. ოფიციანტს მიზეზი ვკითხე. მან მიპასუხა, რომ იმ დღეს ტელევიზორში ნოველას ბოლო სერიას აჩვენებდნენ...


 

ნოველას ბრაზილიელები სერიალს უწოდებენ, სერიალები კი ამ ქვეყანაში საოცრად პოპულარულია. იმ საღამოს, მილიონნახევრიან ქალაქში რომელიღაც ნოველის ბოლო სერიის გამო ყველა შინ დარჩა. მთელ ბრაზილიაში კი იმავე სერიას ალბათ 200 მილიონი ადამიანი უყურებდა.

ისე, იმ საღამოს რესტორანში, რომ არავინ იქნებოდა უნდა მივხვედრილიყავი, რადგან ნოველებს ჩემი თანაგუნდელებიც მოჯადოებულებივით უყურებენ. ყოფილა შემთხვევები, გუნდის სასადილოში ჩავსულვარ, რათა ბიჭებთან ერთად მევახშმა, ისინი კი მოსულან, თავიანთი ულუფა ლანგრით წაუღიათ და ოთახებში შეყუჟულან. ხოლო, ერთ სერიალში სიუჟეტი ფეხბურთთან გადაიკვეთა და უნდა გენახათ რა ხდებოდა. თამაშიც კი გადაგვიდეს, მისი დაწყების დრო ნოველის რომელიღაცა სერიის დაწყების დროს რომ არ დამთხვეოდა.


 

ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, პორტუ ალეგრე, ორი კლუბის, გრემიოსა და ინტერნასიონალის დროშებშია ჩაძირული. მისი ყველა მოსახლე ან ერთის გულშემატკივარია, ან მეორესი. ქუჩაში მეორე ბანაკის ფანებთან შეხვედრა უსაფრთხოა, ისევე როგორც მადრიდში, მილანსა და მანჩესტერში.

ბრაზილია ვეებერთელა ქვეყანაა. როდესაც სტუმრად გვაქვს თამაში, თვითმფრინავით ვმოგზაურობთ. კლუბი ჩარტერს არასდროს ქირაობს, ჩვეულებრივი, რეისებით დავფრინავთ. ფეხბურთელები ერთად არ ვსხედვართ. ასე მაგალითად, მე შეიძლება 25F ადგილზე ვინმე ბიზნესმენის გვერდით აღმოვჩნდე, ჩემი თანაგუნდელი კი 6A ადგილას ელექტრიკოსთან დასვან. რამდენჯერმე თანამგზავრებმა მითხრეს, რომ ძალიან ვგავარ დიეგო ფორლანს.

ბრაზილიაში მატარებლები ფაქტობრივად არ არსებობს. მე ურუგვაელი ვარ და მატარებლით მგზავრობას გახლავართ დაჩვეული, თუმცა ჩემი ქვეყანა ბრაზილიასთან შედარებით პატარაა. აქ, ერთი ქალაქიდან მეორეში ჩაფრენას თვითმფრინავი ხანდახან ხუთ საათს ანდომებს.


 

ქვეყნის მასშტაბი საფეხბურთო კულტურაზე ახდენს გავლენას. კერძოდ, სტუმრად მიმავალ გუნდს ქომაგები ვერ მიყვებიან — საამისოდ ხომ სამი დღე დასჭირდებათ. გამოვითვალე, რომ 2013 წელს 200 დღე სახლში არ ვყოფილვარ. ეს, ცოლ-შვილიანი ფეხბურთელებისთვის სერიოზული პრობლემაა.არ აქვს მნიშვნელობა შინ არის თამაში თუ სტუმრად, ბრაზილიური გუნდები შეხვედრის წინა ღამეს სასტუმროში ატარებენ. თუ თამაში სტუმრადაა, ამას ბუნებრივად ემატება კიდევ ერთი ღამე, ხოლო, თუ კალენდარმა ზედიზედ ორი სტუმრობა მოიტანა, ჩათვალე, რომ ერთი კვირა მოგზაურობ. ამას სანაკრებო გამოძახებებიც დაამატეთ და....“


 

და მართალია ფორლანის მონაყოლში სერიალებსა და თვითმფრინავებზეა ლაპარაკი, მასში მაინც იგრძნობა რაღაცნაირი ხიბლი და კოლორიტი.

ბრაზილია, განსხვავებული სამყარო...

ჰოდა, მეც სწორედ ეგ მინდა. ზემოთ, არ ვამბობდი, ბრაზილიურ კოპას რაღაც განსხვავებულის ეშხით ველი, მეთქი.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.