ბარაქა!

კრიშტიანუ რონალდუს უკვე 38 სხვადასხვა ნაკრების კარში აქვს გოლი გატანილი. მათ შორის, 27 ევროპულია და სიაში არაა საქართველო.

პორტუგალიელმა საქართველოს წინააღმდეგ ერთხელ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, ამხანაგურში ითამაშა. მატჩი 2:0 დასრულდა, მოუტინიუმ და სიმაომ შეაგდეს, რონალდუმ კი მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე და ხარიხას გაარტყა ბურთი.

 

ახლა უკვე 88 სანაკრებო გოლი აქვს და ისტორიაში ეს მეორე შედეგია. პირველზე კი ირანელი ალი დაეია: 109 გოლი აქვს ნაკრებში.

 

21 გოლით ჩამორჩება პორტუგალიელი და ძალიან რთულია, რომ დაეწიოს. მაგრამ რას გაიგებ, რონალდუა... ისე, ცოტა უხერხულია, ალი დაეი იყოს რეკორდსმენი.

 

პორტუგალია–შვეიცარია 3:1. ერთა ლიგის ნახევარფინალში კრიშტიანუმ ლამის პირადად მოუგო სტუმრებს და ფინალში გაიყვანა გუნდი. ეს მისი 53–ე ჰეთ–თრიქია პროფესიულ კარიერაში. აქედან, 46 კლუბში გაახერხა, 7 – ნაკრებში.

 

აი, რა თქვა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა: „ჯერ კიდევ 2003 წელს ვიყავი მისი მწვრთნელი და მაშინვე ვხვდებოდი, რომ მისგან დიდი ფეხბურთელი დადგებოდა. კრიშტიანუს მიმართ ბევრი ეპითეტი გამომიყენებია. არსებობს გენიალური სურათი და სკულპტურა, რონალდუ კი საფეხბურთო გენიოსია“.