ჰოლანდია ისევ აფრინდა!

წინ ფინალი და მასპინძელია

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ამავე სახელწოდების კლუბის არენაზე გაიმართა. აქ ერთმანეთს პირველი და მეოთხე ჯგუფების გამარჯვებულები, შესაბამისად ჰოლანდია და ინგლისი დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ჰოლანდიამ (3:1) იმარჯვა.

პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი გამოვიდა და მასში მცირე უპირატესობა ინგლისელებმა მოიპოვეს. სამმა ლომმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა, როცა მარკუს რაშფორდმა საკუთარი მოპოვებული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარში ჰოლანდია უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეზე გაცილებით ხშირად უტევდა. მათ წონასწორობა 73-ე წუთზე აღადგინეს. მატიას დე ლიხტმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით მორიგი გოლი გაიტანა - აიაქსის 19 წლის მცველმა პენალტის ეპიზოდში დაშვებული შეცდომაც გამოასწორა.

ინგლისს მატჩის ძირითად დროში მოგების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ჯესი ლინგარდის 83-ე წუთზე გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

დამატებით დროში, ჰოლანდია კიდევ უფრო მოტივირებული გამოვიდა და 7 წუთში დაწინაურებაც მოახერხა - ვოკერმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

საბოლოო წერტილი 114-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ქვინსი პრომესმა დასვა, რომელმაც ინგლისურ დაცვაში მორიგი შეცდომით ისარგებლა.

ინგლისმა ვერაფრის შეცვლა მოახერხა ფინალში კი ჰოლანდია გავიდა, რომლის მეტოქეც ტურნირის მასპინძელი პორტუგალია იქნება.