ულან ბატორში ვერ იბატონეს

საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს 18 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა, მონღოლეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი დაასრულა. ქართველებმა კვლავ ბოლო წამებზე, დასანანი მარცხი იწვნიეს. მართალია, ჩვენს გუნდს და მეტოქე ლატვიასაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, თუმცა მსოფლიო პირველობის დასკვნით მატჩში ორივე გუნდი პრესტიჟისთვის თამაშობდა და ბრძოლაც უშეღავათო, საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

 

საქართველოს ნაკრები ძირითადად მდევრის როლში იყო, თუმცა მეტოქეს უთანაბრდებოდა და რამდენჯერმე წინაც გავიდა. ფრე იყო მატჩის ბოლო წუთზეც, როცა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ლატვიელებმა ორქულიანი ჩააგდეს და შეხვედრას სათავისო წერტილი დაუსვეს – 21:19. თამაში შეწყდა, რადგან ბალტიისპირელებმა 21 ქულას მიაღწიეს.

 

საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ლაშა მიქელაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და ნიკა ნიკოლაიშვილი იცავდნენ,  ულან ბატორში მიმდინარე მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფში 4 მატჩი გამართა, რომელთაგანაც ბელარუსს სძლია (21:16), ხოლო აშშ-სთან (19:21), მონღოლეთთან (16:18) და ლატვიასთან (19:21) დამარცხდა. ჯგუფიდან ფლეიოფში 2 საუკეთესო გადიოდა და ეს ადგილები აშშ-ს და მონღოლეთს ერგო.