სამტრედიას ქულის გემოც დაავიწყდა

აღსანიშნავია, რომ გიორგი დარასელიას გუნდი საკმაოდ ცუდ ფორმაშია. იმერლებმა ბოლო 6 მატჩიდან ერთი მოიგეს და ხუთჯერ დამარცხდნენ.

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, საჩხერის ჩიხურა სამტრედიას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

 

შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. სოსო ფრუიძის გუნდი უკვე მე-3 წუთზე დაწინაურდა. მიხეილ სარდალიშვილი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, თითქოს მცველებმა ბურთი კი აართვეს, თუმცა საბოლოოდ არეულობა შეიქმნა, რითიც თავად სარდალიშვილმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან სამტრედიელთა კარი აიღო.

 

მე-17 წუთზე საჩხერელებმა კიდევ ერთხელ გაიხარეს. გაბედავას ჩაწოდებული სტანდარტულის შემდეგ, მცველებმა ბურთი საჯარიმოდან უხეიროდ გამოიტანეს, შემდეგ ირაკლი ლექვთაძემ ძლიერად დაარტყა, მეკარემ მისი დარტყმული კი მოიგერია, თუმცა იქვე მდგარმა მირცხულავამ ისარგებლა და მეორე გოლი გაიტანა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო დარჩენილ დროში უპირატესობას ჩიხურა ფლობდა. მიუხედავად ამისა სამტრედიამ ერთი ბურთი გაქვითა. 81-ე წუთი იყო, როცა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ერისთავმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, შუაში შეიწია და უძლიერესი დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა.

 

ამ მომენტისთვის ჩიხურა 60 ქულით მე-4 ადგილზეა, სამტრედიელებს კი 21 ქულა აქვთ და მე-9 პოზიციაზე არიან.  

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი დარასელიას გუნდი საკმაოდ ცუდ ფორმაშია. იმერლებმა ბოლო 6 მატჩიდან ერთი მოიგეს და ხუთჯერ დამარცხდნენ.