ფეხბურთის ბიჭი

Leadersport–ი გთავაზობთ რუბრიკას – „სკაუტ რეპორტი“. ვფიქრობთ, 16–17–18–19 წლის ფეხბურთელებზე ჩვენთან ძალიან მწირი ინფორმაციებია. არადა, მხარში დგომა სჭირდებათ. 

გვერწმუნეთ, იმსახურებენ. არაერთი ჭაბუკია, რომლებიც ნდობას ამართლებენ. ეს ჩანს ჩვენი ჩემპიონატის სტატისტიკიდან და თამაშებიდანაც. ამ ბიჭების საქმე ვარჯიში და განვითარებაა, ჩვენი კი – მათი გაცნობა...

 

დავიწყოთ ხვიჩა კვარაცხელიათი.

 

ხვიჩა კვარაცხელია  – 12.02.2001 (რუსთავი, შემტევი ნახევარმცველი)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შარშან GFF AWARDS დააწესა: წლის საუკეთესო ჭაბუკი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზები 17 და 19–წლამდე მოთამაშეებისთვის. ლეგენდარულმა ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა 17–წლამდელი ხვიჩა კვარაცხელია...

 

დრიბლინგი, გრძელი ნაბიჯები, კაცის მოტყუება, აგრესია, შორიდან დარტყმა – მისი ძლიერი მხარეებია, ქართული საზომით მართლაც ტოპ–ტალანტია და უცხოეთშიც იცნობენ. შარშან რუსეთის 17–წლამდელთა ნაკრებს ისეთი ფინტების კასკადის მერე გაუტანა, რამდენჯერმე უნდა გადაახვიო და ნახო... დაახლოებით ასეთი აქვს გატანილი თბილისის დინამოშიც, რითაც გუნდს მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა ბოლო წუთებზე. ქობულეთის შუქურასთან.

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელი გერმანელი იულიან დრაქსლერია და სხვათა შორის, პოზიციურად, ასევე, თამაშის მანერითაც ჰგავს. დონეზე და მასშტაბზე ჯერ ბოდიში.

 

მამაც და ბაბუაც ფეხბურთელი იყო. მამა, გეცოდინებათ, ბადრი კვარაცხელიაა, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა, მერე არაერთ ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდს წვრთნიდა. ბოლოს, წლეულს იყო სამტრედიას თავკაცი. ცოტა ხნით.  

 

 

ხვიჩა შუათანა ვაჟია. მისი უფროსი ძმა ნიკაც თამაშობდა ფეხბურთს და თავი დაანება, უმცროსი თორნიკე კი 8 წლისაა და ავაზაზე დადის.

 

„თორნიკეს რომ ვუყურებ, ხვიჩაზე ნაკლები მონაცემები არ აქვს“ – გვითხრა ბადრი კვარაცხელიამ, რომელმაც ხვიჩას ბავშვობის ამბები მოგვიყვა.  

 

„6 წლისა იყო, აზერბაიჯანში ვმუშაობდი და იქ ვავარჯიშებდი ნეფთჩის ბაზაზე, უფროს ფეხბურთელებს მოსწონდათ, რაღაც–რაღაცეები ასწავლეს. პირველად კი თბილისში ოლიმპიკში მივიყვანეთ, მერე იყო ავაზაზე და 2012 წლიდან დინამოს აკადემიაშია. არაერთი მწვრთნელი ჰყავდა და ყველას დიდი მადლობა ეკუთვნის. პირველები იყვნენ გიგლა და დათო იმნაძეები ოლიმპიკში. აბა, მე სად მქონდა დრო და ჩემს მეუღლეს დაჰყავდა ვარჯიშებზე. ასე რომ, დედას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ხვიჩას ფეხბურთელობაში“.

 

ხვიჩა კვარაცხელია ერთ–ერთი ლიდერი იყო 17–წლამდელთა ნაკრებში და ამჯერად ასეა 19–წლამდელებშიც. განვლილ შესარჩევში ვერაფერი შვილი შედეგი... ელიტრაუნდში ვერ გავიდა ნაკრები, ისრაელსა და აზერბაიჯანს ჩამორჩა. ვერც ხვიჩა ბრწყინავდა. მართალია, ლიხტენშტაინს შორიდან მაგარი გოლი გაუტანა, მაგრამ მომდევნო ორი მატჩი ჩაუვარდა.

 

„ველოდი კიდეც, რომ ხვიჩა ამ შესარჩევს კარგად ვერ ჩაატარებდა. მიზეზი? ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში კარგი შეკრება არ გაუვლია“ – გვითხრა ბადრიმ.

 

 

ბევრს გაუკვირდა, რომ 17 წლის ბიჭმა თბილისის დინამო დატოვა და რუსთავში გადავიდა. ისე მოხდა, რომ დინამომ გათავისუფლების ფურცელი არ მისცა და ფეხბურთელი რამდენიმე თვის განმავლობაში უთამაშებელი დარჩა. არ დაგვავიწყდეს, დინამო შარშან კიდევ ერთმა ტალანტმა, ზურიკო დავითაშვილმა დატოვა. ესე იგი, ყველაფერი რიგზე ვერ არის კლუბში, თორემ ვინ წავა დინამოდან?!.. თუმცა არ ვაპირებთ განვრცობას, თუ ვინ იყო მტყუან–მართალი.

 

მთავარია, სად გააგრძელებს კარიერას 17 წლის შემტევი, რომელიც გაისად თებერვალში გახდება სრულწლოვანი. ისე კი, მიუნხენის ბაიერნისგან ინტერესი იყო და არის კიდეც.  

 

საქართველოდან უნდა წავიდეს. ოფიციალურად არ დაწყებულა მოლაპარაკებები. აქ არავინ ჩამოსულა. 18 წლის რომ გახდება, უკვე შეეძლება თამაში უცხოეთში. ისე, არაა გამორიცხული, დეკემბერშივე გაირკვეს, თუ სად გააგრძელებს კარიერას“.

 

ხვიჩა ამბობს, რომ მამამისისგან სხვადასხვა კომპონენტებს სწავლობდა. აი, ბურთის ფეხზე გადატარება და უცაბედად დარტყმა, ან ჩატეხვა (ე.წ. „პოდ სებია“), რასაც მაგრად აკეთებს.

 

 

„მე ცენტრფორვარდი ვიყავი, თუმცა შემეძლო სიღრმიდან თამაშიც. ხვიჩა უფრო შემტევი ნახევარმცველია, თუმცა მგავს იმაში, რომ სხვადასხვა პოზიციებზეც შეუძლია. ერთი პერიოდი მარჯვენა მცველადაც ათამაშებდნენ. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა... ნეტავ, ნეტავ. საამისოდ ყველა მონაცემები აქვს, მაგრამ შესაფერის ევროპულ კლუბში უნდა მოხვდეს. აქ არ გამოდის. აქ ახალგაზრდებისთვის რა პერსპექტივაა, ხომ ხედავთ?!“.

 

ასეთია ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ოცნების კლუბი მადრიდის რეალია. გეტყვით იმასაც, რომ თავიდანვე საუეკთესო არ ყოფილა ბავშვებში, დაახლოებით 14–15 წლის ასაკში დაიწყო აღმასვლა და თანაც, სწრაფი პროგრესი. ყველას თვალში მოგვხვდა, როგორ ითამაშა ვიტალი დარასელიას სახელობის პირველ ტურნირზე – ორწელიწადნახევრის წინ.

 

თანდათან დაღვინდება. ჯერჯერობით კი მოგვწონს ისეთი, როგორიც არის – ქუჩური ფეხბურთის ელემენტებით.