რა სარგებლობა მოაქვს მეძავს?

მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები ფეხბურთელების ნომრებში მწვრთნელების ოთახებიდან მოხვდნენ

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, თითქოს დაუწერელი კანონივით არის, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი შეჯიბრის წინ სპორტსმენებს მწვრთნელები სექსს უკრძალავენ. უფრო მეტიც - ფეხბურთში ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატების მსვლელობის პერიოდში, ბაზაზე გამოკეტილ  მოთამაშეებს სპეციალური დღეები აქვთ გამოყოფილი, როდესაც მათ შეუძლიათ მეუღლეები ან მეგობარი გოგონები ესტუმრნონ. მატჩის წინა ღამით კი სექსით ტკბობა დაუშვებლად მიაჩნიათ.

 

საპირისპირო რამ მოხდა საბერძნეთის პატარა კუნძულ როდოსზე, სადაც ფეხბურთში 16 წლამდე საერთაშორისო ტურნირი  Cup of Rhodes Knights 2019 მიმდინარეობს. შეჯიბრში სტამბოლური გუნდი ბეშიქთაშიც მონაწილეობს. ჰოდა, ბატონი ბრძანდებით და თურქული კლუბის ყმაწვილები მატჩის წინ ნირვანაში გადაეშვნენ. მათ მეძავების მომსახურებით ისარგებლეს. ამის შესახებ, პოპულარული გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება.

 

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მწვრთნელებიც საქმის კურსში იყვნენ. უფრო მეტიც - მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები 16 წლის ფეხბურთელების ნომრებში სწორედ მწვრთნელების ოთახებიდან მოხვდნენ, რომლებმაც მათი მომსახურებით ასევე ისარგებლეს.

 

მომდევნო დღეს კი ბეშიქთაშის 16 წლამდე  ფეხბურთელებმა, მას შემდეგ რაც მეძავებზე „გაიმარჯვეს“, მოედანზეც ბერძნულ პანათინაიკოსს 2:1 აჯობეს.