კოლუმბია ბრაზილიური ყავის დასალევად ემზადება 

კოპა ამერიკა 2019: კოლუმბიის ნაკრების წარდგენა

პროფილი

 

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაცია - დაარსდა 1924 წლის 12 ოქტომბერს

 

ფიფას წევრი - 1936 წლიდან

 

კონმებოლის წევრი - 1936 წლიდან

 

მთავარი მწვრთნელი - კარლოს კეირუში (პორტუგალია)

 

კაპიტანი - რადამელ ფალკაო

 

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში - კარლოს ვალდერამა (111)

 

საუკეთესო ბომბარდირი - რადამელ ფალკაო (34)

 

საშინაო არენა - ესტადიო მეტროპოლიტანო

 

ამჟამინდელი პოზიცია ფიფას რეიტინგში - 12

 

უმაღლესი პოზიცია ფიფას რეიტინგში - 3 (2013 წლის ივლისი-აგვისტო, 2014 სექტემბერი - 2015 მარტი,

2016 ივნისი-აგვისტო)

 

უმდაბლესი პოზიცია ფიფას რეიტინგში - 54 (2011 წლის ივნისი)

 

პირველი მატჩი - მექსიკა-კოლუმბია 3:1, 1938 წლის 10 თებერვალი, პანამა, პანამა

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება - ბაჰრეინი-კოლუმბია 0:6, 2015 წლის 26 მარტი, რიფა, ბაჰრეინი

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი - ბრაზილია-კოლუმბია 9:0, 1957 წლის 24 მარტი, ლიმა, პერუ

 

მეტსახელი - ყავის შემგროვებლები, სამფეროვნები

 


 

 

მიღწევები და ტიტულები

 

მსოფლიო ჩემპიონატი - მეოთხედფინალი 2014 (მონაწილეობა 6) 

 

კოპა ამერიკა - ჩემპიონი 2001 (მონაწილეობა 21)

 

კონკაკაფის ოქროს თასი - მეორეადგილოსანი 2000 (მონაწილეობა 3)

 

კონფედერაციის თასი - მეოთხე ადგილი 2003 (მონაწილეობა 1 )

 

 

ჯგუფური ეტაპის კალენდარი

 

არგენტინა-კოლუმბია, 16 ივნისი, 02:00 საათი, იტაიპავა არენა ფონტე ნოვა, სალვადორი

 

კოლუმბია-ყატარი 20 ივნისი, 01:30 საათი, ესტადიო დე მორუმბი, სან პაულო

 

კოლუმბია-პარაგვაი, 23 ივნისი, 23:00 საათი, იტაიპავა არენა ფონტე ნოვა, სალვადორი

 

 

გუნდი

 

კოლუმბიის ნაკრები სხვა სამხრეთამერიკული ეროვნული გუნდებისგან განსხვავებით შედარებით გვიან, 1938 წელს დაარსდა და იმავე წელს ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის ქვეყნების თამაშებში მონაწილეობა მიიღო, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. იმხანად, კოლუმბიის ნაკრები მთლიანად საფეხბურთო კლუბ ხუვენტუდ ბოგოტანას ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

 

პირველი საერთაშორისო მატჩი კოლუმბიამ 1938 წელს, მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და - 1:3 წააგო. იმავე წელს კოლუმბიამ ბოლივიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, სადაც გამოსვლა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

 

1945 წლამდე კოლუმბიის ეროვნულ გუნდს აღარ უთამაშია, მერე კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში ჩაერთო, აქ სამფეროვნებმა მეხუთე ადგილი დაიკავეს. აღნიშნულ ტურნირზე გუნდი ავსტრიელმა მწვრთნელმა ფრიდრიხ დონენფილდმა გაიყვანა, რომელმაც სამშობლო მეორე მსოფლიო ომის გამო დატოვა და თავი ოჯახთან ერთად კოლუმბიას შეაფარა - ის ამ სამხრეთამერიკულ ნაკრების პირველი ევროპელი თავკაცი გახდა. 

 

მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის დებიუტი 1958 წელს, შვედეთში შედგა, გარდა პირველი მატჩისა, რომელშიც ურუგვაისთან ფრე (1:1) ითამაშეს, კოლუმბიელებმა ყველა დარჩენილი შეხვედრა წააგეს და ჯგუფში ჩარჩნენ. 

 

კოლუმბიამ საგზური 1962 წლის მუნდიალზეც მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიელები საკმაოდ ძლიერ ნაკრებებს, ურუგვაის, საბჭოთა კავშირს და იუგოსლავიას დაუპირისპირდნენ. კოლუმბიამ პირველი შეხვედრა მეზობლებთან 1:2 წააგო, დამარცხდა იუგოსლავიასთანაც (0:5) და ფლეი ოფში ვერ გააღწია, თუმცა სსრკ-სთან დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ევროპის მოქმედ ჩემპიონთან ფრედ - 4:4 დასრულებულ მატჩში, კოლუმბიამ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის ლევ იაშინის კარში 4 გოლი გაიტანეს. ამავე შეხვედრაში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთდერთი გოლი პირდაპირ კუთხურიდან - მარკო სოლის წყალობით. 1962 წელი კოლუმბიისთვის შემდეგი 28 წლის განმავლობაში ბოლოდ რჩებოდა, ვიდრე ნაკრებში ოქროს ხანა არ დაიწყო.

 

 

ოქროს ხანა

 

1980-იანი წლებიდან კოლუმბიის ნაკრების გაძლიერებამ სახელმწიფოს უარყოფითი რეპუტაციის შემსუბუქება დაიწყო და ქვეყნის სახელისა და ისტორიის კონტინენტის მიღმა გატანა დაიწყო.

 

ყველაზე წარმატებული პერიოდი კოლუმბიის ნაკრების ისტორიაში 1990 წლიდან დგება, როცა გუნდმა არგენტინა - 5:0 გაანადგურა და ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ პატივისცემასა და მეგობრობას წერტილი დაუსვა. კოლუმბიელთა მეკარე რენე იგუიტამ პოპულარულობა მისი ცნობილი მოგერიებების სტილით მოიხვეჭა. საჯარიმო დარტყმების და პენალტების შესანიშნავად შემსრულებელმა მეკარემ, რომელიც დრიბლინგის განსაკუთრებული მანერით გამოირჩეოდა, 1995 წელს, ინგლისში, უემბლიზე, მეტოქის დარტყმა აკრობატული ნახტომით - ორივე ფეხით მოიგერია. კოლუმბიელთა თილისმა კარლოს ვალდერამა გახლდათ, მასთან ერთად ნაკრებში ფაუსტინო ასპრილია ბრწყინავდა.

 

 

 

ამ დროის განმავლობაში, კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატზე 3-ჯერ 1990, 1994 და 1998 წელს ითამაშა. თვით ფეხბურთის „მეფე“ პელე კოლუმბიის ნაკრებს 1994 წლის მუნდიალის მთავარ ფავორიტად მიიჩნევდა. თუმცა იმ წელს მოვლენები არცისე მშვიდობიანად განვითარდა, ქვეყანაში უკიდურესი დაძაბულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და მსოფლიოში კრიმინალის უმაღლესი დონე ფიქსირდებოდა. აშშ-ში გამგზავრებულ ფეხბურთელებს ოჯახის წევრების და ნათესავების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ცნობები მისდიოდათ, რამაც გუნდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო და საკვალიფიკაციო ეტაპზე წაუგებლობის შემდეგ, ჯგუფში ორი შეხვედრა დათმო. მიუხედავად ბოლო ტურში შვეიცარიასთან - 0:2 მოგებისა, რუმინეთთან და აშშ-სთან მარცხმა კოლუმბია ბოლო ადგილზე დატოვა.

 

ამ ყველაფერს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია დაერთო. ამერიკასთან წაგებულ მატჩში მსოფლიოს უდიდესი კრიმინალური ავტორიტეტის ანდრეს ესკობარის ახლო მეგობარმა და საყვარელმა ფეხბურთელმა ანდრეს ესკობარმა ავტო-გოლი გაიტანა, რაც მას სამშობლოში არ აპატიეს და კოლუმბიაში დაბრუნების შემდეგ, მანქანაში ჩაცხრილეს. 

 

 

ესკობარის სიკვდილმა როგორც ნაკრებზე, ისე გულშემატკივრებზე იმოქმედა და არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

 

 

კოლუმბიის ნაკრებმა პირველი და დღემდე ერთადერთი დიდი ტიტული 2001 წელს მოიგო, როცა სამშობლოში ჩატარებულ კოპა ამერიკაზე რეკორდსმენი ჩემპიონი გახდა. კოლუმბიამ ჩემპიონობა გოლის გაუშვებლად და ყველა მატჩის მოგებით იზეიმა.

 

 

მსოფლიოო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი კოლუმბიის ნაკრებმა 2014 წელს აჩვენა, როცა გუნდს იმხანად ახლად აღმოჩენილმა ხამეს როდრიგესმა ულიდერა და მეოთხედფინალამდე გავიდა, სადაც ბრაზილიასთან (1:2) წააგო. 

 

 

მწვრთნელი

 

კოლუმბიის ნაკრებს გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი კარლოს კეირუში თავკაცობს. წარსულში, კეირუში მანჩესტერ იუნაიტედში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტად ორი ვადით მუშაობდა. ინგლისურ კლუბში პაუზის დროს 66 წლის სპეციალისტი მადრიდის რეალს ხელმძღვანელობდა. 

 

სწორედ კეირუშის სახელს უკავშირდება წითელ ეშმაკებში კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგება.

 

კეირუშს სხვადსხვა დროს იაპონიის, პორტუგალიის და ამერიკის ჩემპიონატებში უმუშავია, თუმცა მისი სახელი სანაკრებო საქმიანობასთან უფრო ასოცირდება. პორტუგალიის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთაინებული ემირატების და სამრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ყველაზე ხანგრძლივად ირანის ნაკრებში იმუშავა. 2011-18 წლებში მან აზიური გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ ათამაშა, 93 მატჩი ჩაატარებინა, აქედან 56 მოიგო, 24-ში ფრე ითამაშა და 13-ჯერ დამარცხდა.

 

კარლოს კეირუშმა პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრებს ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატი, სპორტინგს ქვეყნის თასი და სუპერთასი, სამეფო კლუბს კი ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.

 

კოლუმბიაში კეირუში მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა და გუნდს ოთხ მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 3 მოიგო, ერთხელ კი დამარცხდა. 

 

 

ვარსკვლავი

 

ხამეს როდრიგესმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა და გრანდების ყურადღება უმალ მიიპყრო. საბოლოოდ კოლუმბიელი ფეხბურთელი მადრიდის რეალში აღმოჩნდა, სადაც გატარებული 3 წლის შემდეგ, 2 სეზონი მიუნხენის ბაიერნში იყო განათხოვრებული. ხამესის საიჯარო ხელშეკრულება ორ კვირაში სრულდება და იგი სამეფო კლუბში ბრუნდება, მისი მომავალი კი ჯერჯერობით უცნობია.

 

შემტევ ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში 72 მატჩი აქვს ჩატარებული და 22 გოლი გატანილი. ის გუნდის ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ხამესი ყველა დროის ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეა, რადამელ ფალკაოს შედგეს კი 12 გოლი აშორებს.

 

 

შემადგენლობა

 

მეკარეები: დავიდ ოსპინა (ნაპოლი), კამილიო ვარგასი (დეპორტივო კალი), ალვარო მონტერო (დეპორტეს ტოლიმა).

 

მცველები: კრისტიან ზაპატა (მილანი), სტეფან მედინა (მონტერეი), სანტიაგო არიასი (მადრიდის ატლეტიკო), უილიამ ტესილიო (ლეონი), იერი მინა (ევერტონი), კრისტიან ბორხა (სპორტინგი), ჯონ ლუხუმი (გენკი), დევინსონ სანჩესი (ტოტენჰემი).

 

ნახევარმცველები: ვილმარ ბაროში (ზენიტი), ედვინ კარდონა (პაჩუკა), ხამეს როდრიგესი (მადრიდის რეალი), ხუან კვადრადო (იუვენტუსი), მატეუს ურიბე (ამერიკა), ჯეფერსონ ლერმა (ბორნმუთი), გუსტავო კუელარი (ფლამენგო).

 

თავდამსხმელები: დუვან ზაპატა (ატალანტა), რადამელ ფალკაო (მონაკო), ლუის დუასი (ხუნიორი), ლუის მურიელი (ფიორენტინა), როჯერ მარტინესი (ამერიკა).

 

 

პროგნოზი

კოლუმბიის ნაკრები კოპა ამერიკას ერთ-ერთი ფავორიტია. 2001 წლის ჩემპიონს ძალიან ძლიერი, დაბალანსებული და მაღალი კლასის შემადგენლობა ჰყავს. გუნდის წევრების უმეტესობა ევროპაში, რამდენიმე მათგანი კი წამყვან კლუბებშიც თამაშობს. მიუხედავად მეტოქეთა სირთულისა, წესით და რიგით, კოლუმბიას ჯგუფური ეტაპის გადალახვა არ უდნა გაუჭირდეს, ფლეი ოფში კი ნებისმიერ მეტოქესთან თანასწორად თამაშს მოახერხებს.

 

კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა