მესამე და ყველაზე მძიმე

საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ჯვაროსნები დანიის ეროვნულ გუნდთან სტუმრად ჩატარებულ მატჩში 1:5 დამარცხდნენ.

პარკერზე გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-14 წუთზე, კასპერ დოლბერგმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ კიაერის თავური პასით ისარგებლა და ქართველთა კარი აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ დანიელებს ბურთის ფლობაში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ, ჩვეენებურებმა კონტრშეტევაზე მიღებული შანსით ისარგებლეს. 25-ე წუთზე, ვაკო გვილიამ საჯარიმოდან გადმოგდებული ბურთი წამოიღო, გამოზომილი პასით საბა ლობჟანიძე მეკარის პირისპირ დატოვა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა.

ჯვაროსნებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ. ხუთ წუთში მსაჯმა ჯაბა კანკავაზე საკამათო სიტუაციაში, საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა, რომელიც კრისტიან ერიქსენმა გოლად გარდასახა.

მეორე ტაიმში საქართველო მოედანზე უფრო მოტივირებული გამოვიდა და მეტოქეს ბურთიც კი დაუჭირა. სამაგიეროდ, დანიამ მიღებული შანსებით ისარგებლა და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა.

63-ე წუთზე, ჩვენს საჯარიმოში მორიგ ჩაწოდებას კასპერ დოლბერის თავური და დუბლი მოჰყვა, თუმცა ამ ეპიზოდში მეკარეზე უხეში თამაში აშკარა იყო.

გაშვებული გოლების შემდეგ, საქართველომ მობილიზება ვეღარ მოახერხა. 73-ზე იუსუფ პოულსენმა ლორიას მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა, საბოლოო წერტილი კი 93-ეზე ბრაითვეითმა დასვა, რომელმაც დანიელთა რამდენიმესვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევის ჯგუფში უკვე მესამე მატჩი წააგო და 3 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში, ეროვნულმა გუნდმა ოფიციალური მატჩი ასეთი სხვაობით პირველად დათმო. ჯგუფის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ისევ დანიის წინააღმდეგ, ამჯერად დინამო არენაზე, გამართავს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.