მოგება და სანახაობა სპორტის სასახლეში

ჯგუფური ეტაპი 13 ივნისს დასრულდება

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა თასზე 37-17 დაამაცხა ირლანდია და 3 თამაშიდან 6 ქულა აქვს. ნახევარფინალისტების ვინაობა თბილისის სპორტის სასახლეში 12 და 13 ივნისს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის შემდეგ გაირკვევა.

 

ნაკრების მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა თამაში ამჯერად ძირითადი შვიდეულით დაიწყო. ანგარიში ირლანდიამ გახსნა და მეათე წუთზე ფრე იყო 4-4. შოთა თევზაძემ, რომელიც მატჩის ბოლოს 11 სეივით საუკეთესოდ დასახელდა, რეგულარულად დაიწყო მეტოქის დარტყმების მოგერიება და საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა დაიწყო წინ გასვლა. ამას მოჰყვა რეზო ჭანტურიას ტრავმა, მოთამაშეებს შორის გაწევ-გამოწევა, მსაჯთან რეგულარული კამათი და საკმაოდ ბევრი გაძევება - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაშის ნახევარი უპირობოდ მოიგო (18-7),  პირველი ტაიმის საერთო ფონი მაინც დაძაბული იყო.

 

 

საბოლოოდ, 37-17. ამხელა სხვაობის მიუხედავად, მეორე ტაიმიც საკმაოდ ხმაურიანი იყო, მაგრამ ეს უკვე სპორტის სასახლეში შექმნილმა მშვენიერმა სპორტულმა ატმოსფერომ გამოიწვია - ქართული სპორტის ქომაგებმა, ხელბურთის ფანკლუბმა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივმა ნაკრებებმა, ირლანდიელ ქომაგთა ხმაურიანმა ჯგუფმა და მატჩის წამყვანებმა - ვირტუოზმა ესპანელმა ანონსერმა და დიჯეიმ, ლუის ტორესმა და მისმა ხელბურთელმა მეწყვილემ, ირაკლი ხიდეშელმა, ორივე გუნდმა, ერთობლივი ძალისხმევით მშვენიერი სანახაობა შექმნეს.

 

 

ჯგუფური ეტაპი 13 ივნისს დასრულდება. 15 და 16 ივნისს პლეიოფია. ჩემპიონობის გარდა, შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპულ გუნდს ცალკე ანგარიში აქვს: მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში.