ისკოს უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია

სამეფო კლუბის გასახდელში პრობლემებია 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის რეალმა რომა სტუმრად (2:0) დაამარცხა და პირველი ადგილის დაკავებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 

 

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ისკო ალარკონმა არ ითამაშა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ფურია როხას ნახევარმცველის ბლანკოსების განაცხადში არ შეყვანის მიზეზი ახალ მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან არსებული უთანხმოება გახდა.

 

ესპანელი ჟურნალისტის მანოლო ლამას ცნობით, ისკომ ეიბართან (0:3) წაგებული მატჩის შემდეგ, არგენტინელ სპეციალისტს ხელი არ ჩამოართვა და მის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. 

 

ცნობილია ისიც, რომ სამეფო კლუბის განაპირა მცველი მარსელო ისკოს გაესაუბრა და მის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება ურჩია.

 

მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა რეალისთვის 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა დააგროვა.