სხვა ლიგაში, სხვა ქვეყანაში

მსოფლიოში 200–ზე მეტი ქვეყანაა და დანიაში ყველაზე ნაკლები კორუფციაა.  

დანიაში ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა იცის, რომ შეუმჩნეველი არ დარჩება და მისი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის. რომ რეჟიმის დაცვა და ფეხბურთისთვის თავის გადადება დაუფასდება.

 

დანიის რანგით მესამე ლიგაშიც კი კლუბებს მაისურებზე სპონსორების სახელები არ ეტევათ და საკუთარი ტელევიზია აქვთ.

 

დანიაში მანქანაზე გაცილებით მეტი ველოსიპედია და 10 ივნისის საღამოს კოპენჰაგენის სტადიონზე ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ უბრალოდ სეირნობდნენ. ჩვენ კი ვიცით თქმა, ტექნიკურები ვართ, ბურთს ვღეჭავთ და მაგრად "ვმატაობთო" (ბევრს ხომ ტექნიკურობა მარტო კაცის მოტყუება ჰგონია), მაგრამ დანიამ ამ მხრივაც გვაჯობა.

 

ნებისმიერ კომპონენტში იმდენად დიდი იყო სხვაობა, რომ ენა ვერ გვიბრუნდება მსაჯობაზე. თუმცა მოდით ალალად დავწეროთ: მსაჯმა ორ საკვანძო მომენტში არასაჩვენო გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო პენალტზეც და მესამე გოლზეც, როცა გიორგი ლორიას ბლოკირება გაუკეთეს.

 

მსაჯობა რა გვიკვირს? 90–იანი წლებიდან მოყოლებული ხშირად ხდება, როცა მაღალრეიტინგიან ნაკრებებთან სიქას გვაცლიან, მაგრამ მოგვხმარებიან ფარერებთან, ან სენტ კიტსი და ნევისთან, ნაკლებადმნიშვნელოვან მომენტებში. უბრალოდ, 5:1–ის შეფასება მსაჯით არ უნდა დავიწყოთ. უფრო დიდი პრობლემებია – წმინდა სათამაშო კუთხით. აზროვნებით.

 

განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ეს საწყის 20 წუთში და კიდევ, ბოლო 15 წუთში, როცა ნაკრები დემორალიზებული გამოიყურებოდა. ცოდვის ტრიალი იყო დაცვაში, გულწრფელად შეგეცოდებოდა ნეიტრალურ ადამიანსაც კი.  

 

ყველაფერი კი გუშინ კოპენჰაგენის პარკენზე არ დაწყებულა. გამოძახილია იმისა, რომ შორს ვართ ეკონომიკურად, მენტალურად, ფეხბურთელების რესურსის თვალსაზრისით.  მითუმეტეს, ამდენი ფეხბურთელი გვაკლდა და ვლადიმირ ვაისმაც ვერ გამონახა რესურსი, რაც გუნდს გამართული თამაშის საშუალებას მისცემდა. ერთა ლიგის დ ჯგუფი დაბალი დონისაა, დანია, შვეიცარია და ირლანდია და კი მაღლა დგანან. არავის არ ჰქონია იმის ილუზია, რომ კრისტენსენი ჟუმასკალიევივით ითამაშებდა, ან ერიქსენი მურთაზაევივით.

 

ვაისი რთულ სიტუაციაში ჩავარდა, რადგან არ ჰყავდა საუკეთესო მცველები, დანაკლისი იყო ნახევარდაცვის შუაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე... აკლდა წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელიც. სულ საკვანძო პოზიციები. და სლოვაკი მწვრთნელიც ეცადა, რომ ბევრი ნახევარმცველის ხარჯზე, როგორმე ნახევარდაცვაში არ დაჩაგრულიყო...

 

ვერ მოახერხა. შეცდა ვაისი: თუმცა ვაისი იმას მაინც ახერხებს, რომ შედარებით სუსტ ნაკრებებთან პირველ ნომრად ათამაშოს გუნდი და ძლიერებთანაც პერიოდულად შეტევაზე გააკეთოს აქცენტი.  

 

...ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელები გვყავს, რისი პრობლემებიც თავშია: არასწორი ფიზიკური აღზრდა თავის დროზე. ვიმეორებთ, ეს რაც კოპენჰაგენში მოხდა, გუშინ და დღეს არ დაწყებულა – წლობით დაგროვებული პრობლემებია. ხომ ნახეთ, რა ხდებოდა ბოლო წუთებზე: დანიელები, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ, მომენტს მომენტზე ქმნიდნენ და ვაისმაც იმიტომ შეიყვანა ლაშა დვალი, კატასტროფული ანგარიშით წაგება თავიდან აერიდებინა. ლოგიკურად, ჰანდიკაპით აგებ და მცველი მცველით შეცვალო, სხვა ახსნა არ აქვს. 

 

ქართული ფეხბურთი მხოლოდ ეროვნული ნაკრები არაა. ეს შუბის წვერია, გარშემო თუ ცუდი ხდება, ყველაფერი მოქმედებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.