ექიმები პალატაში

ასეთი მებრძოლიც კი დაიღალა ბოლოს

ამ კაცის ისტორია უნიკალურია. ტრაგიკული, დრამატული, ვაჟკაცური, სევდიანი...

 

ფერნანდო რიკსენი ძალიან ცნობილი ფეხბურთლი არ ყოფილა. თუმცა 12 მატჩი უთამაშია ჰოლანდიის ნაკრებში და სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან ერთად, 2008-ში უეფას თასიც მოუგია.

 

ექვს წელიწადს გლაზგოს რეინჯერსში ირჯებოდა. ჩვენი შოთა არველაძის და ზურა ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო. ორჯერ შოტლანდიის პრემიერლიგაშიც გაუმარჯვია.

 

 

 

 

2013 წელს კი, ერთ-ერთ ტელეშოუში ისეთი გაცხადდა, მთელი ჰოლანდია შოკში რომ ჩააგდო. ფეხბურთელს დეფორმირებული სახე ჰქონდა. თავიდან პროგრამის შინაარსი მისი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ, წიგნი ვიღას ახსოვდა.

 

მისმა ბიოგრაფმა, ვინსენტ დე ვრისმა, რომელიც მაშინ გვერდით ეჯდა, საზოგადოებას ამცნო, რომ რიკსენს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი ჰქონდა, რომლის აღმოჩენის შემდეგ,

 

ადამიანები 3-5 წელიწადს ცოცხლობენ. თავად ფეხბურთელს თვალზე ცრემლი მოადგა და ხმა ვერ ამოიღო.

 

 

 

მერე დაიწყო ავადმყოფობასთან გმირული ბრძოლა. არ დავნებდებიო - სულ იმეორებდა. მშობლიური სიტარდის სტადიონზე ძეგლიც კი დაუდგეს.

 

საქველმოქმედო მატჩებიც გაუმართეს. 2014 წელს, სიტარდში, ფერნანდოს გუნდში რონალდ დე ბურმა, მარკ ვან ბომელმა, როი მაკაიმ და სხვებმა ითამაშეს. რიკსენის გუნდმა 5:2 გაიმარჯვა. თავად ფერნანდომ პენალტი გაიტანა. მერე იქაური სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას მისი სახელი დაარქვეს.

 

2015-ში საქველმოქმედო შეხვედრა უკვე რეინჯერსის აიბროქსზე გაიმართა.

 

 

 

შარშან ოქტომბერში რიკსენი კინაღამ ექიმების შეცდომის გამო გარდაიცვალა. შოტლანდიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მკერდის ტკივილის გამო მოხვდა. მედდამ ვერ იცნო ფეხბურთელი და გვერდით გასწია კომპიუტერი, რომელიც მისი საუბრის სინთეზაციას ახდენდა - ერთადერთი მოწყობილობა, რომლითაც მას სამყაროსთან ურთიერთობა შეეძლო.

 

მერე ის ზურგზე დააწვინეს, რაც ფილტვების პრობლემის გამო, მისთვის კატეგორიულად აკრძალული იყო. ფერნანდო ღამის მორიგე მედდამ გადაარჩინა.

 

ჯერ კიდევ შარშან, Daily Record-თან ინტერვიუში რიკსენი ამბობდა: „არ ველი სწრაფ სიკვდილს და ჯერ კიდევ ვგეგმავ მომავალს. უბრძოლველად არ დავნებდები...“

 

 

 

მაგრამ, ეტყობა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დაიღალა და წინა დღეებში ასეთი მიმართვა დაწერა:

 

„გამარჯობა! 28 რიცხვი განსაკუთრებულია ჩემთვის. ბრძოლა სულ უფრო ძნელი ხდება. ამიტომ, ეს ჩემი ბოლო საღამო იქნება. მობრძანდით და სამახსოვროდ გადავაქციოთ ის. ვიმედოვნებ, მალე შევხვდებით. ფერნანდო.“

 

 

 

როგორც ჩანს, საქმე ევთანასიას ეხება, რომელიც  სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკას ნიშნავს...

ანუ, მისივე თხოვნით, 28 რიცხვში ექიმები მის წვალებას დაამთავრებენ...

 

ევთანასია ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა შოტლანდიაში ნებადართული ყოფილა.

 

ასეთი მებრძოლიც კი დაიღალა ბოლოს.

 

ისე, როგორია, საკუთარი მოკვდინების თარიღს რომ დაადგენ და საღამოს, ყველა რომ დაიშლება, ექიმები შემოვლენ პალატაში...

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.