ლუის სუარესი – ოქროს ბურთის მფლობელი

„გალისიაში უცხოელად მიმიჩნევდნენ, კატალონიაში გალისიელად, ხოლო იტალიაში კი ესპანელად“ – ლუის სუარესი

 

„გალისიაში უცხოელად მიმიჩნევდნენ, კატალონიაში გალისიელად, ხოლო იტალიაში კი ესპანელად“ – ლუის სუარესი

 

ესპანეთის მიწაზე მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი დაიბადა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ლუის სუარეს მირამონტესი, რომელსაც სიყვარულით ლუისიტოს ეძახდნენ, ქვეყნიერებას გალისიაში 1935 წელს მოევლინა.  დაბადების ადგილიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი პირველი პროფესიული კლუბი ლა–კორუნიას დეპორტივო იყო. ამ კლუბში მასთან ერთად თამაშობდა მადრიდის რეალის ერთ–ერთი ლეგენდა მანუელ ფერნანდეს ფერნანდესი, ცნობილი როგორც პაინიო. ის ამ დროს უკვე გამოჩენილი ფეხბურთელი იყო, მადრიდის რეალში 5 წელი გაატარა, სადაც 124 თამაშში 108 გოლის გატანა მოახერხა.

 

სუარესისთვის პაინიოს განვლილი გზა მისაბაძი არ გახდა და ერთ წელიწადში (1955) ხელი ბარსელონასთან კონტრაქტს მოაწერა. მას კლუბში დიდი სლოვაკი ფეხბურთელი ლასლო კუბალა დახვდა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ სათამაშო ჰქონდა. სუარესმა 1959 წელს „ლა ლიგისა“ და „კოპა დელ ჯენერალისიმოს“ მოგება მოახერხა, 1960 წელს კი ესპანეთის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა, მოიგო „Fairs Cup“ და ითამაშა ბენფიკასთან ევროპის თასის (ჩემპიონთა ლიგის) ფინალში. ბერნში გამართულ ამ დაუვიწყარ მატჩში, ბარსელონა დაწინაურდა, თუმცა კი საბოლოოდ 3:2 დამარცხდა.

 

 

ევროპის თასზე ფინალში დამარცხების მიუხედავად, ლუის სუარესმა მსოფლიო აალაპარაკა და ოქროს ბურთი სრულიად დამსახურებულად მოიგო. ბარსელონას სათავეში ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი ელინიო ერერა ედგა. სუარესის ფესვებიც სწორედ არგენტინას უკავშირდება. მათი წარმომავლობა და ფეხბურთის სიღრმისეული ცოდნა გახდა მიზეზი, რის გამოც ამ ორმა დიდმა ფიგურამ ერთმანეთს მაშინვე გაუგო. ელინიო ერერამ კარლ რაპანის იდეა აიღო, რომელსაც დღეს კატენაჩოს სახელით ვიცნობთ. ის 1958 წელს დაინიშნა ბარსელონაში და ბლაუგრანას ერთმანეთის მიყოლებით ორჯერ ჩემპიონებაც სწორედ მისი დამსახურებაა.

 

1961 წელს ელინიო ინტერნაციონალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი საყვარელი ტაქტიკა 1–4–3–2 იყო, სადაც განსაკუთრებული როლი გამთამაშებელს უნდა დაკისრებოდა. ამ დროს ყველა გუნდი მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა და ეს ტაქტიკური მონახაზი იმ დროს ინოვაციური იყო.  მისი ინიციატივით, იტალიურმა გუნდმა ესპანეთიდან სუარესის ტრანსფერი განახორციელა. ლუისიტოს გულშემატკივრები მას სიყვარულით უკვე El Arquitecto (არქიტექტორს) ეძახდნენ. სწორედ სუარესისა და ელინიო ერერას ტანდემს უკავშირდება დიდი ინტერის ჩამოყალიბება. მართალია ლუისიტოს ოქროს ბურთი აღარ მოუგია, თუმცა მასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო: გამოკითხვით ის ორჯერ (1961–1964) მეორე ადგილზე, ხოლო 1965 წელს მესამე ადგილზე გავიდა. სუარესის გვერდზე თამაშობდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჯაჩინტო ფაკეტი და სანდრო მაცოლა. დღეს ეს ორივე მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის დიდების დარბაზშია შესული და მაცოლას თავად ჯანი რივერასაც ადარებენ.

 

სუარესი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელი იყო, რომელსაც სერია A-ში ჰეთთრიქი ჰქონდა შესრულებული. მისი რეკორდის გამეორება 2016 წელს სუსომ მოახერხა, რაც თავად ლეგენდარულ ფეხბურთელსაც არ სწყენია და ეს წარმატება ახალგაზრდა ესპანელს პირადად მიულოცა.

 

ინტერში 9 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, ლუისიტომ კარიერის დამთავრება სამპდორიაში გადაწყვიტა. სამპაში 3 წელი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 9 გოლის გატანაც მოახერხა.

 

 

სუარესს დი სტეფანო და ფრანც პუშკაში არასწორ დროს დაბადებულ შემოქმედად ახასიათებენ. მისი საშემსრულებლო ოსტატობა იმაზე მიგვითითებს, რომ ის ჭეშმარიტად ოცდამეერთე საუკუნის ესპანელი ფეხბურთელი იყო. მის თამაშში სამი კომპონენტის გამორჩევა შეიძლება: ის ბურთს ფეხიდან არ იშორებდა, მილიმეტრებში გათვლილ ზუსტ გადაცემებს ასრულებდა და მოედანზე ფეხბურთელებს თამაშის ტემპსაც კარნახობდა.

 

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ტელევიზიისა და რეკლამის ეპოქა არ ეღირსა. ის თამაშობდა იმ ინტერში, რომლის თამაშიც მაყურებელს ნაკლებად  ხიბლავდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ისე უყურებდა, როგორც უცხოელს. ყველაფრის მიუხედავად, მან უდიდესი ეპოქის შექმნა მოახერხა. როდესაც ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრები ოქროს ბურთზე საუბრობენ, იქ „ლუისიტოს“ დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.