ბრაზილიაში სტატუსის დასაცავად

კოპა ამერიკა 2019: ურუგვაის ნაკრების წარდგენა 

პროფილი


ურუგვაის ფეხბურთის ასოციაცია - დაარსდა 1900 წლის 30 მაისს, მონტევიდეოში

 

ფიფას წევრი - 1923 წლიდან

 

კონმებოლის წევრი - 1916 წლიდან

 

მთავარი მწვრთნელი - ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი)

 

კაპიტანი - დიეგო გოდინი

 

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში - დიეგო გოდინი (127)

 

საუკეთესო ბომბარდირი - ლუის სუარესი (56)

 

საშინაო არენა - ესტადიო ცენტენარიო (მონტევიდეო)

 

ამჟამინდელი  პოზიცია ფიფას რეიტინგში - 6

 

უმაღლესი პოზიცია ფიფას რეიტინგში - 2 (2011 წლის ივლისი)

 

უმდაბლესი პოზიცია ფიფას რეიტინგში - 77 (1998 წლის დეკემბერში)

 

პირველი მატჩი - ურუგვაი-არგენტინა 2:3 (1901 წლის 16 მაისი, მონტევიდეო, ურუგვაი)

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება - ურუგვაი-ბოლივია 9:0 (1927 წლის 9 ნოემბერი, ლიმა, პერუ)

 

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი - ურუგვაი-არგენტინა 0:6 (1902 წლის 20 ივლისი, მონტევიდეო, ურუგვაი)

 

 

მიღწევები და ტიტულები 

 

მსოფლიო ჩემპიონატი - ჩემპიონი 2 (1930, 1950), მონაწილეობა - 13

 

კოპა ამერიკა - ჩემპიონი 15, მონაწილეობა - 45

 

კონფედერაციის თასი - მეოთხე ადგილი 2 (1997, 2013), მონაწილეობა - 2 

 

 

ჯგუფური ეტაპის კალენდარი 

 

ურუგვაი-ეკვადორი 16 ივნისი, 03:00 საათი, ესტადიო მინეირაო, ბელუ ორიზონტე

 

ურუგვაი-იაპონია 20 ივნისი, 04:00 საათი არენა დე გრემიო, პორტუ ალეგრე

 

ჩილე-ურუგვაი 24 ივნისი, 04:00 საათი ესტადიო დე მარაკანა, რიო დე ჟანეირო

გუნდი

ურუგვაის ნაკრების დაარსების თარიღად 1901 წელს, არგენტინის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის დღე მიიჩნევა. სადებიუტო შეხვედრაში მარცხის გამო, ურუგვაიმ მეტოქეზე შური მალევე იძია და ჯერ არაოფიციალურად, მერე კი კონმებოლის მიერ დადასტურებულად არგენტინაში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო. ამ პერიოდში, ურუგვაი ჩილეს, ბრაზილიას და არგენტინას რეგულარულად ამარცხებდა, თავად კი პირველად 1919 წელს, სელესაოსთან (0:1) წააგო და ტურნირს გამოეთიშა. მატჩი ორი დამატებული ტაიმით გაგრძელდა და კოპა ამერიკას ისტორიაში წუთების რაოდენობის მიხედვით ყველაზე ხანგრძლივ დაპირისპირებად მიიჩნევა. 


1924 წელს, ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი პარიზში მიემგზავრება, სადაც ის პირველი სამხრეთამერიკული ნაკრები ხდება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს. ურუგვაი ტურნირზე საჩემპიონო სვლით მიიწევს, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი შვეიცარიას (3:0) ანადგურებს და ოლიმპიური ჩემპიონი ხდება. 4 წლის თავზე, ურუგვაი ამსტერდამში გაემგზავრა და ჩემპიონობა დაიცვა, თანაც ფინალში პრინციპული მეტოქე არგენტინა - 2:1 დაამარცხა. 


ორმაგი ოლიმპიური ტრიუმფის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯერი დადგა. FIFA-მ ურუგვაი მუნდიალის პირველ მასპინძლად შეარჩია და 1930 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატიც ჩაატარა. იმხანად, პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ფინალამდე მისასვლელ გზაზე ყველა მატჩი მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ისევ არგენტინას გადაეყარა. პირველი ტაიმი ალბისელესტემ 2:1 მოიგო, თუმცა მეზობლებმა მეორე ნახევარში თამაშის სცენარი სათავისოდ შემოაბრუნეს და 4:2 იმარჯვეს. ამრიგად, ურუგვაი მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა. 


ამ სტატუსის მიუხედავად, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ურუგვაის მასპინძლობის უფლება არ დაუტოვა და 4 წლის თავზე მუნდიალი უკვე იტალიაში გამართა. განაწყენებულმა ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ ტურნირს ბოიკოტი გამოუცხადა. უკვე 1938 წელს, მასპინძლობა საფრანგეთს დაეკისრა, თუმცა ურუგვაიმ მონაწილეობაზე ამჯერადაც უარი განაცხადა.

 
მეორე ტრიუმფი მსოფლიო თასზე გუნდმა 20 წლის თავზე იზეიმა. მეზობელ ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე ურუგვაიმ მასპინძლებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება აგემა და ფინალური მატჩი მოუგო. ამან ბრაზილიაში მასობრივი გლოვა და არაერთი ფატალური შემთხვევაც კი გამოიწვია. 


1954 და 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ, ურუგვაის საფეხბურთო ძლიერება და ქარიზმა ნელ-ნელა გაუფერულდა, ბოლოს კი იმდენად ჩაქრა, რომ სამხრეთამერიკელებმა 5 მუნდიალი გამოტოვეს და მსოფლიო რეიტინგში უმდაბლეს - 77-ე პოზიციამდე დავქეითდნენ


ურუგვაის ნაკრებში წარმატების ახალი ტალღა უკვე 2000-იანი წლებიდან დგება, როცა ქვეყანაში ტალანტთა რიგი დადგა. ლუის სუარესის, ედინსონ კავანის, დიეგო ფორლანის, დიეგო გოდინისა და სხვათა მიერ შენმქილმა ნაკრებმა ოსკარ ველასკეს ტაბარესის ხელმძღვანელობით კოპა ამერიკა მოიგო და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსაც უწია. მეოთხე ადგილი მუნდიალზე ბოლო 40 წლის განმავლობაში ურუგვაისთვის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო კი დიეგო ფორლანმა დაიმსახურა. 


ერთი წლის მერე, ურუგვაიმ 16-წლიანი პაუზის შემდეგ, კოპა ამერიკაზე გამარჯვება იზეიმა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდა (15). 


ურუგვაელი ერისთვის ფეხბურთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე შეჭირვებული სახელმწიფოს სახეს სწორედ მთავარი საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს, რომელმაც ერის კულტურა და ისტორია მსოფლიო მასშტაბით გაავრცელა. მუნდიალების ისტორიაში უფრო პატარა მოსახლეობის მქონე მხოლოდ ექვს ქვეყანას უთამაშია... 

 

 

მწვრთნელი 

ფეხბურთელის წარუმატებელი კარიერისა და დაწყებითი კლასების სკოლის მასწავლებლობის შემდეგ, ოსკარ ველასეკს ტაბარესი სამწვრთნელო საქმიანობაში ჩაერთო. 30 წლის განმავლობაში, ის საფეხბურთო კლუბებს არგენტინაში, კოლუმბიაში და იტალიაში ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი მშობლიური ნაკრების მესაჭის პოსტი დაიკავა, დიდი დროითა და წარმატებებით... 


ტაბარესმა ურუგვაის პირველად 1988-90 წლებში უთავკაცა, მეორედ კი ნაკრებში 2006 წელს დაბრუნდა. ბოკა ხუნიორსის ყოფილმა მწვრთნელმა ნაკრები მუნდიალზე 4-ჯერ გაიყვანა, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავა, 2011 წელს კოპა ამერიკა მოიგო და რეკორდიც დაამყარა. ეს უკანასკნელი კი რაში მდგომარეობს, ტაბარესი სამხრეთამერიკული ნაკრებების დამრიგებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მოგებული ყველაზე მეტი მატჩით ლიდერია - 47. 


72 წლის სპეციალისტს კონტრაქტი 2022 წლის მუნდიალის დასრულებამდე აქვს და ალბათ ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი და ბოლო სამსახურიც იქნება. 

 

 

ვარსკვლავი 

ურუგვაის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი და ლიდერი ლუის სუარესი გახლავთ. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც აიაქსის კაპიტნობის და ლივერპულში ბრწყინვალე სეზონების შემდეგ, ბომბარდირობასა და ტიტულების მოგებას ბარსელონაში აგრძელებს. 


სუარესი ერთადერთია ბოლო ათწლეულში, რომელმაც ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს "ოქროს ბუცის" მოგებაში ხელი ორჯერ შეუშალა. სუარესი კატალონიური გრანდის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია. ის თანამედროვეობის საუკეთესო შემტევი ტრიოს მესი-სუარესი-ნეიმარის ნაწილი და 2015 წელს ბლაუგრანას მიერ მოგებული ტრიპლეტის ერთ-ერთი შემოქმედია. 


ეროვნულ გუნდში ელ პისტოლეროს დებიუტი 2007 წელს, ოსკარ ტაბარესის ხელში ჰქონდა, მას მერე 32 წლის ფორვარდმა ნაკრებისთვის 107 მატჩი ჩაატარა, რაც მეშვიდე შედეგია და 56 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეროვნულ გუნდში კიდევ ხუთი შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, სუარესი კავანისთან ერთად მესამე ადგილზე გადავა. ამ შედეგის მიღწევა ლუისს მოახლოებულ ტურნირზევე შეუძლია. 

 


შემადგენლობა


მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი), მარტინ კამპანია (ინდეპენდიენტე), მარტინ სილვა (ლიბერტადი).


მცველები: ხოსე ხიმენესი (მადრიდის ატლეტიკო), დიეგო გოდინი (მადრიდის ატლეტიკო), ჯოვანი გონსალესი (პენიაროლოი), მარსელო სარაკი (ლაიპციგი), დიეგო ლაქსალტი (მილანი), სებასტიან გოატესი (სპოორტინგი), მარტინ კასერესი (იუვენტუსი).


ნახევარმცველები: მატიას ვესინო (ინტერი), როდრიგო ბენტანკური (იუვენტუსი), ნიკოლას ლოდეირო (სეიტლ სანდერსი), ნაითან ნანდესი (ბოკა ხუნიორსი), გიორგიან დე არასკაეტა (ფლამენგო), ლუკას ტორეირა (არსენალი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), გასტონ პერეირო (პსვ).


თავდამსხმელები: ლუის სუარესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა), მაქსი გომესი (სელტა), ჯონათან როდრიგესი (კრუზ ასული), ედინსონ კავანი (პსჟ).

 

uruguay national football team 2019-ის სურათის შედეგი

 

პროგნოზი


კოპა ამერიკას ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ ნაკრების ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, უკვე ათწლეულზე მეტია, გუნდის რამდენიმე ლიდერი ევროპის წამყვან კლუბებში ბრწყინავს. გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ შემადგენლობას კავანი-სუარესის ფორვარდთა შესანიშნავი დუეტი ლიდერობს და გამოცდილი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. 


ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი ნახევარფინალის მთამაშებელი ნაკრებისგან არათუ ჯგუფური ეტაპის მარტივად გადალახვას, არამედ სულ მცირე ოთხეულში მოხვედრას მოველით. 

 

ურუგვაის დედაქალაქი მონტევიდეო  

 

montevideo-ის სურათის შედეგი




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.