მილანისკენ გზა ხსნილია

ჯამპაოლო სამპდორიას მწვრთნელი აღარ არის

მილანისკენ გზა ხსნილია - მარკო ჯამპაოლომ სამპდორია დატოვა.

იტალიელი მწვრთნელი, რომელიც როსონერიში დღე-დღეზე უნდა დაინიშნოს, სამპდორიაში 3 წელი მუშაობდა და გუნდი წინა სეზონში სერია ა-ში მეცხრე ადგილზე გაიყვანა.

ჯამპაოლომ სამპდროიას ქომაგებს თავი გუნდის პროგრესირებითა და თამაშის განსაკუთრებული სტილით შეაყვარა. მის ხელში 36 წლის ფაბიო კვალიარელამ კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და სერია ა-ს ბომბარდირობასაც შეწვდა - 26 გოლით.

51 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, თუმცა იგი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ჯამპაოლოს აქამდე სერია ბ-სა და ა-ს რამდენიმე გუნდში უმუშავია, მაგრამ ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ გენუურ კლუბში ჰქონდა.

ლუიჯი ფერარის დატოვების შემდეგ, ჯამპაოლო დიდი ალბათობით სან სიროზე გადაბარგდება, სადაც ჯენარო გატუზოს ჩაანაცვლებს. აი სამპდორიაში მის შემცვლელად კი რომას ყოფილი დამრიგებელი ეუსებიო დი ფრანჩესკო მოიაზრება.