მსოფლიოში ყველაზე დიდი მეკარე 

44 წლის ასაკში ნობელის პრემია მოიპოვა - ოქროს ბურთი კი ვერა.

ძალიან სასიამოვნოა სტადიონზე იმ მოთამაშის ხილვა, რომელსაც საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია. ამ სპორტში არსებობს ტერმინი "მოაზროვნე ფეხბურთელი" და ეს სტატუსი მხოლოდ ერთეულ ინდივიდთა ხვედრია. შეიძლება ფეხბურთელი ძალიან სწრაფი იყოს, ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობდეს და ბევრი გოლიც გაჰქონდეს, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ასევე შეიძლება ამ სპორტის გულშემატკივარს მასზე მეტად მაინც ძალიან ნელი ხუან-რომან რიკელმე დაამახსოვრდეს. 


მოაზროვნის აღმოჩენა კარის ხაზზე კიდევ უფრო რთულია. მსოფლიოში დავა არ წყდება, თუ ვინ არის საუკეთესო მეკარე. ერთნი საფუძვლიანად ლევ იაშინს ასახელებენ, ბოლოს და ბოლოს, ის მსოფლიოში ერთადერთი კარის დარაჯია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო (1963). ფეხბურთის გურმანებს საბჭოთა კავშირის ნაკრების კიდევ ერთი პირველი ნომერი, რინატ დასაევი გაახსენდებათ და მისი ამ ჯილდოს გარეშე დატოვებას მხოლოდ გარემოებას დააბრალებენ. გვახსოვს ზეპ მაიერი, დინო ძოფი, პეტერ შმეიხელი, ედვინ ვან დერ სარი, იკერ კასილასი... მოედანზე მანუელ ნოიერს ვხედავთ, რომელმაც ოცდამეერთე საუკუნეში მოახერხა და მეკარის ახალი სტილი დაამკვიდრა. 41 წლის ჯანლუიჯი ბუფონი კი ფეხბურთიდან წასვლაზე ჯერ კიდევ არ ფიქრობს და გულშემატკივრების მისი სტაბილურად უმაღლესი კლასით გაოცებას არ წყვეტს. 


ეს ბლოგი კი სულ სხვა მეკარეს ეძღვნება, რომელიც 1913 წლის 7 ნოემბერს ალჟირში დაიბადა. ეს ქვეყანა მაშინ საფრანგეთის კოლონია იყო, მომავალი მეკარე კი ფრანგი. მას, როგორც ალჟირის ფრანგ მცხოვრებს, ე.წ. Pied-Noir-ს (შავფეხიანს) უწოდებდნენ.

 
მისი ბავშვობა სირთულეებით აღსავსე იყო. მამა პირველ მსოფლიო ომში დაკარგა, ისე რომ თვალითაც არ უნახავს, ბებია კი გამუდმებით სცემდა. დედამისი, გაჭირვების გამო, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას დამლაგებლად მუშაობდა. ამ უკიდურესი სიდუხჭირის დროს, მონდოვას ქუჩაში მას ფეხბურთის თამაში ყველაზე მეტად მოსწონდა. თანაც, მოედანზე მიღებული დაზიანებები ბევრად ერჩივნა, ვიდრე ხელი, რომელიც ბებიისგან ხვდებოდა.


ეს წერილი დიდ ფრანგ მწერალსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, ალბერ კამიუს ეძღვნება. რა თქმა უნდა, ის იმ მოთამაშეთა ასეულშიც არ არის, რომლებიც კარის ხაზზე ბრწყინავდნენ, თუმცა მსოფლიოზე, განსაკუთრებით კი ევროპაზე, მათზე მეტი გავლენა მოახდინა.

 


ზემოთ მოაზროვნე ფეხბურთელებზე ვწერდით, კარში ჩამდგარი ფილოსოფოსი კი, ალბათ, სულ სხვა მოვლენაა. მისი უნივერსიტეტში ჩაბარება თავიდან-ბოლომდე მისი მასწავლებლის დამსახურება იყო. 


ბავშვობაში ეზოში ნათამაშებ ფეხბურთს უკვალოდ არ ჩაუვლია და უნივერსიტეტში, Racing Universitaire Algerios-ს ახალგაზრდა გუნდის კარს იცავდა. მას უდიდესი პოტენციალის მეკარედ ახასიათებდნენ. სწორედ ამ დროს, 1930-იან წლებში მისი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა მოხდა - ტუბერკულიოზი აღმოაჩნდა და საფეხბურთო კარიერის მიტოვება მოუხდა. 

 


მომავალში ის ასეთ სიტყვებს იტყვის: "რაც მორალისა და ღირსების შესახებ ვიცი, ყველაფერი ფეხბურთისგან ვისწავლე"


ეს სიტყვები ისეთი ადამიანისგან, რომელსაც "ევროპის სინდისად" მოიხსენიებენ, განსაკუთრებით დასაფასებელია.


შემთხვევითი არ არის, კამიუს თამაში მაკარის ამპლუაში რომ უწევდა. ოქროს ბურთი 1956 წლიდან თამაშდება და ეს პრიზი მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს აღებული. ეს ხომ ისეთი პოზიციაა, რომელსაც გულშემატკივრების დიდი ნაწილი ყველაზე ნაკლებად აფასებს. ქომაგების აზრით, გუნდს თუ გოლი გააქვს, ეს შეტევაში ჩართული ფეხბურთელების დამსახურებაა, თუ მიიღებენ - დამნაშავეს საკუთარ კართან ეძებენ. 


ალბერ კამიუს ნიჭის გამოვლინებას ლიტერატურულ ასპარეზზე ხელი ვეღარაფერმა შეუშალა. ის გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი (44 წლის) რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. Le Monde-ის გამოკითხვაში, ფრანგმა ხალხმა მისი რომანი "უცხო" XX საუკუნის ნომერ პირველ წიგნად დაასახელა. 


მისი "სიზიფოსის მითი" კამიუს მსოფმხედველობას შესანიშნავად გამოხატავს. სიზოფოსი მთელი ცხოვრება ცდილობს მთის წვერზე ლოდი აიტანოს, თუმცა როდესაც მიზანი თითქმის მიღწეულია, ეს ლოდი დანიშნულების ადგილს ვერ აღწევს და მწვერვალზე თავიდანაა ასატანი. 


როდესაც ზინედინ ზიდანის თამაშს ვუყურებთ, წარმოდგენა გვიჩნდება, რომ აბსურდის ფილოსოფია, კამიუს ფილოსოფია, ალჟირში დაბადებული ფეხბურთელებისთვისაა დამახასიათებელი. 


მიუხედავად 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაბრწყინებისა, ზიზუსთვის მთავარი ბრძოლა მაინც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდა. საფრანგეთის ნაკრებში, იმ გენიალურ თანავარსკვლავედში, მისი ბრწყინვალება ყველაზე კაშკაშა გახლდათ და ლიდერის როლიც სწორედ მას დაეკისრა. 

 


ფინალამდე საფრანგეთმა გზა შესანიშნავად გაიარა, თუმცა ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ალჟირელ კაპიტანს ეკადრება. ფინიშის ხაზთან მისულმა კაცმა, შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და მარკო მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა. დასასრულს არაფერი აკლდა, როდესაც ზიდანი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსა და ოქროს ბურთს გამოეთხოვა. ფრანგმა ლეგენდამ კამიუს გზა, სიზიფოსის გზა გაიარა და თითქმის მწვერვალზე ატანილი ლოდი უკან დაუგორდა. 


2006 წელს ზიდანის გაძევება საფრანგეთის მარცხსაც ნიშნავდა.


ერთხელ კამიუს ჟურნალისტმა ჰკითხა, თეატრი უფრო მეტად უყვარდა თუ ფეხბურთი. მსოფლიოს ყველაზე დიდმა მეკარემ კი გადაჭრით უპასუხა - "ფეხბურთი, რა თქმა უნდა, ფეხბურთი"...