რით მოუგო ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ვალენსიას?

დავით ყიფიანი დღეს 68 წლისა გახდებოდა. არ დავიწყებთ იმაზე წერას, რა დონის ფეხბურთელი იყო და როგორ ადარებდნენ ზიკოსა თუ პლატინის. ისეთ ამბავს შევეხებით, რაც შედარებით ნაკლებადაა ცნობილი. 

ყიფიანის გაწვრთნილმა იაროსლავლის შინიკმა მძლავრ ვალენსიას მოუგო, რომელსაც იტალიელი კლაუდიო რანიერი თავკაცობდა.  დღევანდელი ვალენსია არ გეგონოთ, ბევრად მაგარი ფეხბურთელები ჰყავდა...

 

კარში სანტიაგო კანისარესი, დაცვაში ჟოსელინ ანგლომა და ამადეო კარბონი, ნახევარდაცვაში გაისკა მენდიეტა და შტეფან შვარცი, წინ კლაუდიო ლოპესი... მარტო მათი დასახელებაც კმარა. ეს ის ვალენსიაა, ორი წლის მერე ექტორ კუპერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გაიყვანა, მანამდე კი ესპანეთში ერთ კვირაში სამჯერ რომ მოუგო ბარსელონას: ორჯერ თასზე და ერთხელაც ლა ლიგაში.

 

ეს ამბავი, რაზეც დავწერთ, 1998 წლის ზაფხულს მოხდა, მაშინდელ ინტერტოტოს თასზე, საიდანაც გუნდები უეფას თასზე გადადიოდნენ. ევროტურნირები ევროტურნირებია.  პირველი მატჩი ესპანეთში ისეთი ანგარიშით დამთავრდა, არავინ გაოცებულა. ვალენსია – შინიკი 4:1.

 

შინიკს მანამდე ევროტურნირები საერთოდ არ ენახა. საბჭოეთის დროს კიდევ სულ პირველ ლიგაში იყო ხოლმე. თავისთვის იყო, არავის არაფერს უშავებდა. ყიფიანს ერთი ისეთი ფეხბურთელიც კი არ ჰყავდა, თავისი ქვეყნის ნაკრებში რომ ყოფილიყო.

 

და აი, ასეთი მწირი რესურსით შინ მოუგო ვალენსიას – 1:0. გავარდა, მაგრამ მოგება მოგებაა. ვინმე იუმინოვმა დასაწყისშივე გაიტანა და მორჩა, მეტი გოლი არ გასულა. წვიმაში, გუბეებში... ფოტოებს ხედავთ, მენდიეტა რა დღეშია, კუთხურს ვერ აწვდის.   

 

აი, რა თქვეს ყიფიანმა და რანიერიმ იაროსლავლის სენსაციური შედეგის მერე:   

 

ყიფიანი: „უნდა ვთქვა, რომ ცუდი მსაჯობა იყო. ამას დაემატა ჩვენი ფეხბურთელების გამოუცდელობა. სტუმრად 1:4 წაგებას არ ვიმსახურებდით, ვგრძნობდი და ჩემს ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ შინ სასურველი ანგარიშით გამარჯვება შეგვეძლო. მათ ვუთხარი, საკუთარი თავის ფასი ჯერ არ იცით–მეთქი. ვალენსია ესპანური კლუბია. ისინი არ არიან გერმანელები, ასე რომ, დღეს მეორე გოლიც რომ გაგვეტანა, ანერვიულდებოდნენ. თუმცა ამას როცა ვამბობ, ერთი წამითაც არ ვაკნინებ ვალენსიას. მეტოქეს ჰყავს ვარსკვლავები, მათი საერთო ფასი 100 მილიონ დოლარზე მეტია“.

 

რანიერი: „ძლიერ გუნდს შევხვდით და დღეს გაგვიჭირდა. ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდი. თბილი სიტყვები უნდა ვთქვა შინიკის მწვრთნელ დავით ყიფიანზე: მისი გუნდი ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობს. ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა გადავერთოთ“.    

 

ინიკი - ვალენსია 1:0

 

ვალენსია: კანისარესი, ანგლომა (ტელიესი 84), სორია, კარბონი, ბიორკლუნდი (კამარასა 72), ფარინოსი (კურო ტორესი 62), შვარცი, მილია, მენდიეტა, ანგულო, კლაუდიო ლოპესი

 

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

 

გოლი: 1:0 იუმინოვი (11)

 

P.S. დაახლოებით მსგავსი შედეგი იყო წინა წელს, 1997–ში. თბილისის დინამომ სტუმრად 1:6 წააგო გერმანიის ლევერკუზენთან, შინ კი დავით მუჯირის გოლით 1:0 იმარჯვა. თუმცა ამ ამბავზე ბევრმა იცის და ეგეც არ იყოს, ვალენსია ლევერკუზენზე მაგარი გუნდი იყო. და შინიკით რომ მოუგებ...