დაგლიჯეს, ბიჭებმა!

დღეს „ჯაჯგურჰემპტონ ვანდერერსი“ უფრო იყიდება 

მეც სწორედ მაგას ვამბობ, რომ არ ვართ ქართველები ის ხალხი, სპორტის მარტო ერთ სახეობას რომ მივეჯაჭვოთ და იქაც მხოლოდ უცხოელებს ვუყუროთ. ჩვენ ის ხალხი ვართ, საკუთარი ჩემპიონები რომ გვყოლია, თანაც ბევრ გოლიათ ქვეყანაზე გაცილებით მეტი. ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, მოცალეობის ჟამს, გართობის მიზნით, თავად გამოჰყევით რუკას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და იმდენ დიდ ერს ნახავთ სპორტში ჩვენთან ახლოსაც რომ ვერ მოვა, რომ გაოცებულები დარჩებით. სასიამოვნოდ გაოცებული, რასაკვირველია. ანდა, არ დარჩებით გაოცებული, რადგან ეს ყველაფერი ჩემზე კარგად იცით.


ჭიდაობები, ძიუდო, ჭადრაკი, ძალოსნობა, მძლეოსნობა, მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ხელბურთი…


ხელბურთი, დიახ. ბურთიანი, ლამაზი სახეობა, რომელშიც ვგლეჯდით. ჯემალ ცერცვაძე გვყავდა და პრეტენზია გვქონდა, რომ „ხელბურთის პელე“ სწორედ ის იყო. მერე ალექსანდრე ანპილოგოვი და მისი თაობა ბრწყინავდა. ივსებოდა სპორტის სასახლე. ინგრეოდა ხალხის ღრიანცელითა და ყიჟინით.

 


და აი, ახლა, ივნისში, თბილისს ხელბურთი დაუბრუნდა. ბევრმა გაიგო ეს ამბავი და დადიოდა კიდეც თამაშებზე, მაგრამ გაცილებით მეტმა (ალბათ ყოველდღიური პრობლემებით დამძიმებულმა) ყურადღება არ მიაქცია, რომ სპორტის სასახლეში მსოფლიო ფედერაცია 12 გუნდიან ტურნირს აწყობდა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველო, ბულგარეთი, აშშ, ნიგერია, ირლანდია მალტა (ეს ჩვენი ჯგუფი) და კუბა, ბრიტანეთი, ჩინეთი, კოლუმბია, აზერბაიჯანი და ინდოეთი — ესეც მეორე ჯგუფი. გუნდები იმ თანმიმდევრობით ჩამოვთვალე, საბოლოოდ როგორც დალაგდნენ.


დასწრება უფასო იყო. ანუ, შედი, დაჯექი და გაიხარე საქართველოს ნაკრების წარმატებით.


საქართველოს ნაკრებმა კი მართლა გაგვახარა. რა მომეწონა, იცით? მისი კოზირი სწრაფი თამაში რომ იყო. შეუვალი დაცვა და სწრაფი შეტევა. ტემპი.


ყველაზე დიდი წინააღმდეგობა აშშ-მ გაგვიწია - 28:22 მოვუგეთ. სხვები, მაქსიმუმ პირველ ტაიმს თუ გვიძალიანდებოდნენ და ამაში, რასაკვირველია ტრიბუნიდან წამოსული ყიჟინაც თამაშობდა თავის როლს. ერთი სიტყვით, ძალიან ლამაზი, ამაღელვებელი გარემო შეიქმნა. ჩვენს ბებერ სპორტის სასახლეს რომ უხდება ისეთი.

 


თუმცა, დარბაზის გავსებას მაინც ბევრი აკლდა… რას იზამ, ყველანი დღეს ისეთი ცხოვრებაა, ჩვენს ფიქრებში ვართ ჩაფლული. ხანდახან, შეიძლება რომელიმე სანახაობაზე ქუდი რომ შეგიგდონ, არც კი შეყვე.


ყველა ქუჩაზე რატომ არ იყო დიდი ბანერი გამოკრული?


ოდესმე, ალბათ, დადგება ასეთი ლაღი დროც.


მას-მედია რატომ წერდა და ლაპარაკობდა „ვალენსიაზე“ და „პარი სენ ჟერმენზე“ უფრო მეტს, ვიდრე იმაზე, რომ თბილისში საერთაშორისო ტურნირი ტარდება?


ალბათ, აქამდეც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ.


სპორტს, როგორც ბიზნესს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ განვითარება უნდა.


დღეს „ჯაჯგურჰემპტონ ვანდერერსი“ უფრო იყიდება.


ბიჭებმა კი დათქვეს, ჩვენი მაყურებლის წინაშე უნდა მოვიგოთო და აასრულეს! 


ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთს აჯობეს 28:21, ფინალში კი კუბას - 31:21.

 


რასაკვირველია, ეს ერთა ჩემპიონატი ხელბურთის სამყაროში ყველაზე დიდი შეჯიბრება არ არის; საუკეთესოებთან გატოლება, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვედრა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ რაც იყო, ძალიან ემოციური გამოვიდა. დაშხოშიანი.


სხვათა შორის, შეზღუდვაც ჰქონდა შეჯიბრებას. მიუხედავად იმისა, რომ 6 ევროპული გუნდისთვის ევრო 2022-ის შესარჩევის ერთ-ერთი საფეხურიც გახლდათ, მოთამაშეები მხოლოდ 24 წლამდელები უნდა ყოფილიყვნენ. უფროსებისგან სამის დამატება შეიძლებოდა.


და ჩვენებმა უფროს-უმცროსიანად გაგვახარეს. 38 წლის მეკარე შოთა თევზაძემაც ციდან სულ ვარსკვლავები წყვიტა და 18 წლის გიო ცხოვრებაძეც ჩემპიონატის MVP გახდა.


სხვებს ცალ-ცალკე აღარ ჩამოვთვლი, ყველას ერთად მადლობა და ტაში, სერბი მწვრთნელის, ნიკოლა მაქსიმოვიჩის ჩათვლით.


ჩვენს თავს კი ყველა სახეობაში კიდევ უფრო დიდი ტურნირების მოგებას ვუსურვებ.


ასე მტერი დაგეცალოთ! 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.