თასი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს

საქართველოს თასის მეოთხედფინალების წილისყრა 27 ივნისს გაიმართება. მერვედფინალებმა კი ერთი მოულოდნელობა მოიტანა: თბილისის დინამო გავარდა. დინამო ისტორიაში არასოდეს გამოთიშულა ასე ნაადრევად.    

უკვე ზედიზედ მეორედ მოხდა, რომ დინამო ეროვნული ლიგა 2–ის გუნდთან გავარდა. შარშან ნახევარფინალში გაგრასთან, ახლა კი მერვედფინალში თბილისის მერანთან. თითქოს დაბარებულივითააო, ორივეჯერ დამატებით დროში 0:1... 

 

მერანი ეროვნულ ლიგა2–ს რვაქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, დიდ მოულოდნელობადაც არ მოგვეჩვენება დინამოს წაქცევა. ეს შეიძლება გარედან მოჩანდეს სენსაციად... მერანი საქართველოში ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია: რევაზ თევდორაძე, გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი კახელიშვილი, დაჩი ფოფხაძე, დავით ბოლქვაძე, გოგი ფიფია, იაგო დეისაძე – ეს არასრული სიაა. 114–ე წუთი, ფიფიას პენალტი და მორჩა დინამოს სათასო ამბიციები.

 

რთულადაა დინამოს საქმე. ჩემპიონატში ბოლო ტურები მოიგეს, მაგრამ მერანთან თამაშმა პრობლემები გამოაჩინა: დღევანდელ შედეგზე ორიენტირებული კი არა, მთლიანად ფეხბურთელების გაყიდვაზე ორიენტირებული კლუბია. ეს ცუდი არაა, უარს ნამდვილად არ ვიტყვით, რომ ახალი ჩაკვეტაძეები გამოჩნდნენ, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის: შესაძლებელია, რომ ახალგაზრდებიც დამსახურებით ათამაშო და შედეგზეც იფიქრო, კარგი გამოცდილი ფეხბურთელები მიიყვანო. დინამოს უკეთესი შემადგენლობა უნდა ჰყავდეს.   

 

სათასო რვა გუნდს შორის ორნი არიან ლიგა4–დან! საგარეჯოს გარეჯი და თბილისი სიტი. სხვათა შორის, კახეთის გუნდშიც საკმაოდ არიან გამოცდილი ფეხბურთელები: გიორგი მელქაძე, ბესიკ ჩიმაკაძე, მინდია ბობღიაშვილი, ზურაბ ძამსაშვილი... და არც ისაა გასაკვირი,. რომ სიტიმ ლიგა2–ის ზუგდიდი გამოთიშა. ზუგდიდელთა მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილს სუსტი შემადგენლობა ჰყავს.  

 

ერთი გუნდი ლიგა3–ის ლიდერი მარტვილის მერანია. ისე, მერანი პანტა–პუნტით იგებს თამაშებს თავის ლიგაში და მათგან გურიას დამარცხება არავის გაჰკვირვებია. თუნდაც 3:0.

 

დანარჩენი ოთხი კლუბი კი მთავარლიგელია და ბუნებრივია, ფავორიტებიც ისინი არიან: საბურთალო, ლოკომოტივი, ტორპედო, რუსთავი.  

 

მერანი (თბილისი) – დინამო (თბილისი) 1:0  (დამ.დროში)

გარეჯი – სპაერი 3:3 (პენ - 4:2)

რუსთავი – სიონი 2:0

თელავი – ლოკომოტივი 0:1

გაგრა – ტორპედო 2:3

თბილისი სიტი – ზუგდიდი 3:1

მერანი (მარტვილი) – გურია 3:0

სამტრედია – საბურთალო 1:2