ბურთი და ჩემი ფეხები...

ჟოაუ ფელიში, ვინ არის ის?

დღეს 19 წლის პორტუგალიელში ევროპული გრანდები 80-90 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ ბენფიკა მაინც არ ყიდის მას და 120 მილიონად აფასებს. უკვე კრიშტიანუ რონალდუსაც ადარებენ.

ჯერ კიდევ შარშან ჟოაუ ფელიშს (João Félix Sequeira) არავინ იცნობდა. 2019 წლის გაზაფხულზე კი ბენფიკამ სიტისგან, მანჩესტერისგან, იუვენტუსისა და ლივერპულისგან მიიღო წინადადებები.

მას შემდეგ, რაც ჟოაუმ ფრანკფურტის აინტრახტი მოსრა და ევროპა ლიგის ყველაზე ახალგზრდა ჰეთ-თრიქოსანი შეიქნა, ბენფიკამ მისი ფასი 200 მილიონამდე გაზარდა, თუმცა, მალე „არწივების“ პრეზიდენტმა ლუიშ ფილიპე ვიეირამ პოზიცია შეარბილა:

„გადავწყვიტეთ, ჟოაუ 120 მილიონზე იაფად არ გავყიდოთ. მას წასვლა უნდა, მაგრამ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა გუნდში დავტოვოთ. ახლა ისეთი ვარიანტი გვაწყობს, რომელიმე კლუბმა იყიდოს  და ერთი წლით იჯარით დაგვიტოვოს,“ - ამბობს ვიეირა.

საიდან მოვიდა ეს ყმაწვილი?

 

 

„ბურთი და ჩემი ფეხები ყოველთვისა ერთად იყვნენ, - იხსენებს ჟოაუ, - შინ, ჩვენს სასტუმრო ოთახში ყოველთვის დაგორავდა 15 ბურთი, არ ვაჭარბებ.“

ბურთების ასეთი რაოდენობა იმით აიხსნება, რომ ჟოაოს მამა კარლუშ სეკეირა, მწვრთნელი იყო. თავისუფალ დროს მას მეგობრებთან უყვარდა ფეხბურთის თამაში და ჟოაოც თან დაჰყავდა ხოლმე. 

„ერთხელ ვათამაშე და შეეხო თუ არა ბურთს, მაშინვე მიიპყრო ყურადღება. ამის შემდეგ  ვარჯიში დავაწყებინე,“ - ამბობს მამამისი.

„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მიყვარს ბურთის დაჭერა და ლამაზი ფეხბურთის თამაში. თუ პასს გაძლევ, უნდა გენდობოდე,“ - თქვა ფელიშმა.

ერთ-ერთი, ვისაც ენდობა, უმცროსი ძმა უგოა. ისიც „არწივების“ აკადემიაში ირჯება, ამიტომ, თუ დაინახავთ, გოლის შემდეგ როგორ გარბის ფელიში ბურთის მიმწოდებელ ბიჭთან, ეს უგოა. „ხალხი ფიქრობს, რომ უგო უკეთესია, ვიდრე მე ვიყავი ამ ასაკში, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ,“ - აგრძელებს ჟოაუ.

მთავარი გარდასახვა მის ყმაწვილურ კარიერაში, პორტუს აკადემიიდან ბენფიკაში გადასვლა იყო. პორტუში მან ექვს წელიწადს ივარჯიშა და შემდეგ გაუშვეს. „დრაკონების“ ყოფილი კაპიტანი როდოლფო რეიში ამბობს: „მინდა ჯოხი ავიღო და თავზე გადავამტვრიო, ვინც ჟოაუ აკადემიიდან გაუშვა“. 

 

 

ჟოაუ შვიდი წლის იყო, როცა მამამ პირველად მიიყვანა პორტუს ვარჯიშზე. მას შემდეგ ის ყველდღიურად 120 კილომეტრს ფარავდა, რათა „დრაკონების“  აკადემიაში ევარჯიშა. მაგრამ, როცა ის 13-ის გახდა, პორტუში ჩათვალეს, რომ ფიზიკურად სათანადოდ განვითარებული არ იყო და დაითხოვეს.

საბედნიეროდ, ჟოაუ ჟურნალისტმა ვალტერ მარკესმა შეამჩნია და ბენფიკას აკადემიაში მოხვდრაში დაეხმარა. გუნდის მწვრთნელად ბრუნუ ლაჟეს მისვლის შემდეგ კი ის  ჯერ პერსპექტიულ დუბლიორად იქცა, შემდეგ კი პირველი გუნდის ლიდერად.

„ის ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. მას ჭეშმარიტად ელიტური დონე აქვს. ძალიან თავმდაბალია, უყვარს ყურადღებით მოსმენა,“ - ამბობს ჟოაუ ტრალიაუ, ბენფიკას აკადემიის ყოფილი მწვრთნელი, რომელიც შემდეგ ტიერი ანრის ეხმარებოდა მონაკოში.

მას ბენფიკასა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ნუნუ გომეშიც ეთანხმება: 

„ის აშკარად განსხვავებულია ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან. მისი უპირატესობა  სწრაფი აზროვნებაა, ბურთთან ურთიერთობა. ზიდანს მაგონებს. ჟოაუს შესანიშნავი მომავალი ელის,“ - ამბობს გომეში.


გასულ სეზონში ფელიშმა 15 ბურთი შეაგდო და 7 საგოლე პასი გააკეთა, რაც ახალწვეულისთვის სულაც არ არის ცუდი შედეგი. 

 

 

ეროვნულ გუნდშიც მოსინჯა ძალა და აღფრთოვანებული დარჩა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვარჯიშით.

მოკლედ, ახლა ყველაფერი მის ხელშია. თორემ არაერთი ახალგაზრდა გვინახავს ადრეულ ასაკში ცაში რომ აუყვანიათ და მერე მათგან დიდი ვრაფერი გამოსულა. მაგალითად, რენატუ სანჩესი ან მარტინ ედეგორი.