ლიპარტელიანი: უფრო მეტი უნდა ვიშრომო

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მინსკში პირადი გამოსვლით უკმაყოფილოა

სამგზის ევროპის ჩემპიონობა, 5 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი. მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ოლიმპიურ თამაშებზე კი წაგებული ფინალი - ეს ვარლამ ლიპარტელიანის მონაგარია. ტიტულოვანი და სახელოვანი ქართველი ძიუდოისტის, რომელმაც წარმატებით გამოსვლა წონითი კატეგორიის შეცვლის შემდეგაც განაგრძო და იმ სიმაღლეების დაპყრობა შეძლო, რასაც ამ სახეობის ბარე ორი წარმომადგენელი ვერ ახერხებს. მან პირადი მედლების ყულაბას კიდევ ერთი ერცხლი შესძინა - ევროპულ თამაშებზე ლიპომ -100 კგ-ის ფინალი რუს არმან ადამიანთან დათმო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად 30 წლის სპორტსმენმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მინსკში გამოსვლით უკმაყოფილოა და თვლის, რომ წარმატებისთვის სამუშაო კიდევ ბევრი აქვს.

"ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ლუხუმ ჩხვიმიანს და გურამ თუშიშვილს ევროპის ჩემპიონობას ვულოცავ.

რაც შემეხება მე, ალბათ მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომო. მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებისთვის გავაგრძელებ",-თქვა გამოცდილმა ქართველმა ფალავანმა.


მსოფლიო ჩემპიონატი 25-31 აგვისტოს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება.