ერთი ძველი სიმღერის რიმეიქი

ე, ჩემო ვლადიმეროვიჩ... 

მეგონა, დავივიწყე… თურმე, შენც არ მომიკვდე. დღე არ გავა ის საცოდაობა რომ არ გამახსენდეს. აი, დანიაში რომ გადახდა ჩვენს ნაკრებს.

 

არადა, ნამდვილად არ ვგავარ იმ ადამიანებს სულ ნეგატივს რომ ეძებენ. პირიქით, საკმარისია პატარა საშუალება მომეცეს და იმწუთას არიქა-არიქას ძახილს ვიწყებ. გვირაბიდან გამომძვრალი ერთაოზ ბრეგვაძესავით: სინათლეს ვხედავ! ავშენდით! ავშენდით!

 

და მერე, ერთაოზივითვე ნირწამხდარი ვაგრძელებ: ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე.

 

მაინც, რა უბედურება იყო ეს? საკუთარი საჯარიმოდან ბურთს ვერ იშორებდნენ. ერთმანეთს არტყამდნენ თავში, ზურგში, მუცელში... არავინ იცოდა ვინ, საით და რატომ იქნევდა ფეხს. დანიელები კიდევ, ვიღაცასმოფარებულიდან რომ გამოუვარდები, „უუ“-ს დაუძახებ, გულს გაუხეთქავ და შემკრთალს ხელიდან რამეს (ფეხიდან ბურთს)გააგდებინებ, ისე იყვნენ. მგონი, ტაქტიკის ენაზე ამას პრესინგი ჰქვია.

 

Georgian Football Federation-ს ფოტო.

 

ოდესღაც, ბნელ 90-იანებში, უცხოური წიგნი ვნახე: „ანტიპრესინგის 21 ხერხი“.ანუ, მეტოქე, რომ კედლის უკნიდან გამოგივარდება და „უ“-ს დაგიძახებს, შენ როგორ უნდა უპასუხო „წადი, შენი“ და იქით შეუტიო. აშინ, 90-იანებში ამ „წადი შენის“ 21 ხერხი არსებობდა, მას შემდეგ კი ოც წელიწადზე მეტია გასული.

 

კოპენჰაგენში კი ნამდვილი კოშმარი იყო. ერთხელ გამოვექეცით დალაგებულად და გოლი გავიტანეთ.

Georgian Football Federation-ს ფოტო.

 

მერე კიდევ ჩვენს მწვრთნელს უთქვამს, საქართველო ხომ განვითარებული ქვეყანა არ არის, კარგ ქვეყნებზე უკეთ რატომ უნდა ვთამაშობდეთო; თუ რაღაც ასეთი. ე, ჩემო ვლადიმეროვიჩ, არც ეს მოსაზრებაა ახალი. ისიც ოთხმოცდაათიანებიდან მოდის, საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდა ე, იმ დროიდან. ოღონდ, მაშინ ასე იყო ფორმულირებული: ჯერ მერსედესი გამოვუშვათ და გერმანიას მერე მოვუგოთო.

 

იმხანად, ახალგაზრდები, ოპტიმისტები და ქინქლაძე-არველაძე-ჯამარაულის პატრონები ასე ვპასუხობით: კი მაგრამ, ნიგერია უშვებს მერსედესს, მსოფლიოს ჩემპიონატებზე რომ გადის და ფლეი ოფშიც ხვდებაო?

 

ახლაც დაახლოებით ასე ვიტყოდი: ფეხბურთის კარგად თამაში მთლად ცხოვრების დონეზე, მშპ-ზე, ვალუტის კურსზე და სხვა ეკონომიკურ პარამეტრებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არა, კავშირშია, რასაკვირველია — მოედანი გინდა, ვიტამინები გინდა, ეს გინდა, ის გინდა, მაგრამ ასე ძალიან პირდაპირაც რა ვიცი, აბა? მაშინ, გამოდის, რომ მდიდარი თავისზე ღარიბს ყოველთვის უნდა უგებდეს.

 

ისე, ეკონომიკის აყვავებამდე ჩვენ, იქნებ, ჯერ გარიგებული თამაშების რაოდენობა შეგვემცირებინა, რას იტყვით?…

 

ეს ვაისს არ ეხება, რა თქმა უნდა. ვაისი ჩვენთან კორუფციასთან საბრძოლველად არ ჩამოსულა. ამ ბლოგში ვაისს სხვა იდეას შევკადრებდი: მეტოქე პრესინგს რომ გეთამაშება, შენმა გუნდმა საჯარიმოდან ცენტრამდე ბურთის ამოტანის რაიმე ხერხი უნდა იცოდეს და ამისათვის ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარების ლოდინი არ არის საჭირო.

 

 

და აქვე, გულწრფელად გეტყვით, საქართველოს ნაკრების სლოვაკ მწვრთნელს პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ მას ჩვენთვის, სულ მცირე, დაშავებით ნამდვილად არაფერი დაუშავებია და თუ თანამდებობაზე დარჩება, (ერთა ლიგაში) წარმატებას ვუსურვებ. ანუ, ნაკრებს ხომ ვუსურვებ და ვუსურვებ წარმატებას, მაგრამ პირადად მასაც ვუგულშემატკივრებ. მოკლედ, ეგ კაცი ჩვენიანი მგონია. ოღონდ, ჯერ თქვენ ფერო აამუშავეთ და ჩვენ ფეხბურთს მერე ვითამაშებთ, არ გვინდა.

 

და ბოლოს: ღმერთო, კიდევ რამდენი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში…




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.