ბაბუა ფულს ავტობუსის ბილეთისთვის მიზოგავდა

15 წლის ასაკში ,,ფლუმინენსეს" ახალგაზრდულ გუნდში მიმიწვიეს - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

ბავშვობაში მარსელო სახლთან ახლოს მდებარე დარბაზში ფუტზალს თამაშობდა, რადგან მის ოჯახს ბენზინისთვის ფული არ ჰქონდა, რომ სავარჯიშოდ ეტარებინა. ,,შეიძლება, ბევრს არც ახსოვს, რომ ჩემს ბავშვობაში ბრაზილიაში ბენზინი ძალიან ძვირი ღირდა".

 

მაგრამ, საბედნიეროდ მარსელოს მფარველ ანგელოზად ბაბუა პედრო მოევლინა. ,,ის ჩემი გულისთვის თავსაც გაწირავდა. ბაბუა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მოკლედ დაგიხასიათებთ მას - ადამიანი ხასიათი. მუდამ მოდურ მზის სათვალეს ატარებდა. ფეხბურთელობა სერიოზულად როცა გადავწყვიტე, ბაბუას ვარჯიშებზე თავისი 1969 წლის მოდელი ,,ფოლკსვაგენით" დავყავდი. თუმცა, შემდეგ ბენზინის საყიდლად ფული აღარ გვყოფნიდა და ბაბუამ მანქანის გაყიდვა მოიფიქრა. ფულს კი ავტობუსის ბილეთის საყიდლად მიზოგავდა. და გგონიათ წუწუნს მოჰყვა? არამცდაარამც. პირიქით, ის ჩემს ქებაში იყო და ყველას ამცნობდა, რომ მე რიოში ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ვარ. მის თვალებში არასდროს შევმცდარვარ. ჩემი თამაშის ყურების შემდეგ სახლში მოდიოდა და მამას ეუბნებოდა: ,,მოდი და უყურე შენი შვილის თამაშს, რა სასწაულებს აკეთებს. პირდაპირ დაუჯერებელია". მაგრამ მამა თავისი შვილის საყურებლად ვერასდროს მოდიოდა, რადგან მუხლჩაუხრელი მუშაობა უწევდა. ერთხელაც, ბაბუა პედრომ ვარჯიშზე ნარინჯისფერი ,,ფოლკსვაგენ ხოჭოთი" მომაკითხა და როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა, პირდაპირ მომიგო: ,,დაჯექი, ,,Jogo de Bicho-ში მოვიგე". რიოში ასეთი თამაში გვაქვს - ,,ცხოველთა ლატარია". შეიძლება, ეს 100 პროცენტით კანონიერი თამაში არ არის, თუმცა ეროვნული თამაშია. 

15 წლის ასაკში ,,ფლუმინენსეს" ახალგაზრდულ გუნდში მიმიწვიეს. ყოველ დღე ორი საათის სავალი გზის სამყოფი ბენზინის ყიდვა კი ჩვენს ძალებს აღემატებოდა, ამიტომ, გადავწყვიტე საერთო საცხოვრებელში მეცხოვრა. ასე დავრჩი მარტო, ოჯახისგან შორს. ბაბუა შაბათს მაკითხავდა და სახლში მივყავდი, რომ კვირა დღე ოჯახთან ერთად გამეტარებინა. ცოტა ხანში მონატრებამ ძალა გამომაცალა. თავს მონა ფეხბურთელად ვთვლიდი, რადგან ჩემი მეგობრები სახლში იყვნენ და რიოს პლაჟებზე დროს ატარებდნენ, მე კი ვარჯიშით ვიკლავდი თავს. 
ერთ შაბათსაც, როცა ბაბუამ მომაკითხა, ვუთხარი: ,,მორჩა, მეტის ატანა აღარ შმეიძლია, თავი უნდა დავანებო ყვლაფერს". ბაბუამ მიპასუხა: ,,არა, არა. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, იმის მერე რაც ჩვენ გამოვიარეთ, ასე არ უნდა დავამთავროთ ყველაფერი". ცრემლები წამომსკდა: ,,დიახ, ასე! სკამზე ვზივარ და ახალგზარდობას უსაქმურობაში ვფლანგავ". მან გულზე ხელი დამიბრახუნა და მანუგეშა: ,,არა მარსელო, შენ ახლა დანებება არ შეგიძლია. ერთ მშვენიერ დღეს უნდა ვნახო, როგორ თამაშობ ,,მარაკანაზე".
ამ დღიდან ორ წელში მე ,,მარაკანაზე" ,,ფლუმინენსეს" ფორმით გამოვედი, ტრიბუნაზე კი ბაბუა პედრო ამაყად იჯდა. მან ეს იცოდა. მას ყოველთვის სწამდა ჩემი".

ბაბუა ,,Decima"-ს (მადრიდის ,,რეალის" მიერ ჩემპიონთა თასის მეათედ აღმართვა) შემდეგ რამდენიმე თვეში რიოში გარდაიცვალა, თუმცა მიხარია, რომ მან ჩემი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იხილა. მხოლოდ ბაბუს დამსახურებაა, რომ დღეს მე აქ ვარ".