ბითაძე და ადიდასი დაძმობილდნენ

NBA-ს ქართველმა ახალწვეულმა პრესტიჟულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა

 

NBA-ს დრაფტი დასრულდა. გოგა ბითაძე, რომელმაც ევროლიგაზე გაიბრწყინა და წინა სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოც მიიღო, კარიერას ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 19 წლის ცენტრი პირველსავე წრეში, მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია და ოფიციალურად წარადგინა კიდეც.

 

დრაფტზე 60-მა კალათბურთელმა გაიარა, უპრესტიჟულესმა სპორტულმა კომპანია „ადიდასმა“ კი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ სამ მათგანთან გადაწყვიტა, მათ შორის ერთი გოგა ბითაძეა.

 

„ადიდასის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კოფი ბრაუნმა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ახალწვეულებზე ისაუბრა: კალვერი, ბითაძე და დუმბია NBA-ს მომავალი არიან. მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში მათ შემოერთებას. ისინი ძალიან ნიჭიერი კალათბურთელები არიან და ჩვენს ღონისძიებებში ჩაერთვებიან.“