ბადრი ყაველაშვილი: გარე ფაქტორების გათვალისწინებით, იდეალურად გამოვედით

ქართველი ნიჩბოსანი მინსკში გამოსვლას აფასებს 

მინსკში მეორე ევროპული თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენებმა ბელარუსის დედაქალაქში უკვე 24 მედალი მოიპოვეს და თამაშების დასრულებამდე 2 დღით ადრე, საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილს იკავებენ. 


მედლებს ქართველი გულშემატკივრები ნიჩბოსნობიდანაც ელოდნენ, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო, ქართველებმა საპრიზო ადგილებს ვერ უწიეს. კაიაკით 200 მეტრზე ასპარეზობდა ბადრი ყაველაშვილი, რომელიც მართალია საუკეთესო ცხრა სპორტსმენს შორის ვერ მოხვდა, თუმცა დამამშვიდებელი რაუნდი, B ფინალი დამაჯერებლად მოიგო და გამოსვლა მე-10 პოზიციაზე დაასრულა.


ქართველ სპორტსმენს მინსკში დავუკავშირდით და როგორც პირადი, ისე გუნდური და მთლიანად საქართველოს დელეგაციის გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ. 


"ნახევარფინალიდან დავიწყებ, სადაც გამოსვლის დროს სპორტული თვალსაზრისით არ გამიმართლა და ფინალში გადასვლა ვერ მოვახერხე. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ B ფინალში ვაჩვენე ის შედეგი, რისი ჩვენებაც A ფინალში მსურდა.


საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები მინსკში სულ 3 სპორტსმენისგან შედგებოდა და ვფიქრობ, გარე ფაქტორების გათვალისწინებით, იდეალურად გამოვიდა. 


საქართველოს ოლიმპიური ნაკრებით პირადად მე ძალიან ამაყი ვარ",-თქვა ბადრი ყაველაშვილმა.