უმედლოდ არც კარატისტებმა დაასრულეს 

გოგიტა არქანიამ საქართველოს მე-14 ბრინჯაო მოუტანა 

 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა. სამბისტების, ძიუდოისტების, მოჭიდავეების, მოკრივეების, ტანმოვარჯიშეებისა და ტყვიის მსროლელების შემდეგ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მედლით კარატისტებიც შეეშველნენ


რიგით მე-14 ბრინჯაო საქართველოს გოგიტა არქანიამ მოუტანა. +84 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული სამი ბრძოლიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და დაგროვილი 2 ქულით საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. სამწუხაროდ, არქანიამ ნახევარფინალური ორთაბრძოლა შემდეგში გაჩემპიონებულ ასიმან გულბანთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 


საქართველოს გუნდურ ჩათვლაში უკვე 28 მედალი აქვს, საიდანაც 6 ოქროს, 8 კი ვერცხლის სინჯისაა, ჩვენი დელეგაცია მინსკში მიმდინარე თამაშებზე მეექვსე ადგილს იკავებს.