შალკეს ახალი ტრანსფერი - ხუმარებმა ბაიერნი დაამარცხეს

შალკეს სპორტული დირექტორი: "ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი შევიძინეთ" 

გელზენკირხენის შალკემ ოზან კაბაკისთვის ბრძოლაში თავად ბაიერნი დაამარცხა. მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერი  მატს ჰულემსმა  დატოვა, უდიდესი ალბათობით კლუბიდან ჯერომ ბოატენგიც წავა, რის გამოც მიუნხენელებს ძალიან სურდათ შტუტგარტის 19 წლის ცენტრალური მცველის შეძენა.

 

თუმცა, ბაიერნზე უკეთ შალკემ იმუშავა და თურქი ფეხბურთელი სწორედ მათ რიგებს შეუერთდება.

 

„ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი შევიძინეთ. მას კონტრაქტს სხვა არაერთი სახელოვანი კლუბი სთავაზობდა, თუმცა ოზანი ჩვენთან ითამაშებს“, - თქვა  ხუმარების სპორტულმა დირექტორმა იოჰენ შნაიდერმა.

 

კაბაკი გალათასარაის აღზრდილია და 17 იანვარს შტუტგარტში გადავიდა, თუმცა ახალგაზრდა თურქმა შვაბებში სულ 15 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანაც მოახერხა. ის 15 მილიონ ევროდ შალკეში გადავიდა.