უიმბლდონი 2019 - ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

ფედერერმა, ნადალმა და ჯოკოვიჩმა უკანასკნელი 64 სლემიდან 53 მოიგეს. 

უიმბლდონის ორ გზის გამარჯვებული ენდი მარეი ბალახის საფარს უბრუნდება. მძიმე ტრავმის შემდეგ, მან ძალა საკუთარ თავში კიდევ ერთხელ იპოვა, რათა კორტზე გამოსულიყო.

 

შოტლანდიელი სპორტიდან წასვლას იანვარში ფიქრობდა, ამის შესახებ განაცხადა კიდეც.

 

32 წლის ჩოგბურთელმა კარიერა 5 თვის წინ განაახლა და ამჟამად რეიტინგში 214-ე ადგილზეა.

 

უიმბლდონის ამჟამინდელი ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ტიტულის დასაცავად თამაშს ორშაბათს 16:00-ზე ფილიპ კოლშრაიბერთან დაიწყებს.

 

რაც შეეხება ანჟელიკა კერბერს, წინა წლის უიმბლდონის გამარჯვებულს, ის სამშაბათს 14:00 საათზე თანამემამულე ტატიანა მარიას დაუპირისპირდება.

 

დიდი სამეული ისევ საუკეთესოა

 

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ჩოგბურთელი 30 წელს გადაცდა, სწორედ ისინი მოიაზრებიან უიმბლდონის მთავარ ფავორიტებად. რა თქმა უნდა, საუბარი: ნოვაკ ჯოკოვიჩზე, როჯერ ფედერერზე და რაფაელ ნადალზე გვაქვს. უკანასკნელი 10 დიდი სლემის ტურნირში სწორედ ამ სამეულმა მოიგო.

 

32 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში მეთექვსმეტე დიდ სლემს უმიზნებს. რა გასაკვირია, როლან გაროშზე რაფაელ ნადალმა რომ გაიმარჯვა, თუმცა სერბი 1/2 ფინალში არა მასთან, არამედ ავსტრიელ დომინიკ ტიმთან დამარცხდა. უიმბლდონი სხვა საფარია, სადაც ნოვაკს გამარჯვების მეტი შანსი ექნება. შეიძლება ის ამ ტურნირის მთავარი ფავორიტიც იყოს.

 

როჯერ ფედერერი აგვისტოში 38 წლის გახდება.  შვეიცარიელი შეეცდება  უიმბლდონი მეცხრედ მოიგოს, რაც  მისთვის ოცდამეერთე  დიდი სლემი იქნება. როჯერი ამ საფარზე ისტორიაში საუკეთესოა და, რა თქმა უნდა, ამ ტურნირზეც უმთავრესი ფავორიტი იქნება. 

 

გასულ თვეს, 33 წლის რაფაელ ნადალმა როლან გაროშზე თავისი მეთვრამეტე დიდი სლემი მოიგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ 18-დან 12 სწორედ საფრანგეთში აქვს მოპოვებული. ფედერერისა და ჯოკოვიჩის  შემდეგ, რა  თქმა უნდა, ფავორიტთა შორის რაფაც უნდა ვახსენოთ. 

 

უკანასნკნელი 64 დიდი სლემიდან ამ დიდმა სამეულმა 53 მოიგო.

 

„ჩვენ ერთმანეთს გაუმჯობესებაში დავეხმარეთ. რაფამ ბალახზე მოუმატა, ნოვაკმა ჰარდზე, მე კი თიხაზე“, - თქვა ფედერერმა​.

 

იაპონელი ნაომი ოსაკა ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც უმაღლეს რანგში 2017 წელს დაიწყო თამაში და უკვე 2 დიდი სლემი მოიგო. მან წარმატება ჯერ ამერიკის ღია პირველობაზე, შემდეგ კი ავსტრალიაშიც მიაღწია. როგორც თავად ამბობს, მას როლან გაროშზე საშინელი თავის ტკივილი აწუხებდა, აქ კი მისგან მეტს უნდა ველოდოთ.

 

ნაომი ოსაკა რომ მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომერია, ეს ეშლი ბარტის შესანიშნავი თამაშის დამსახურებაცაა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი როლან გაროშზე ბრწყინვალე იყო და საფრანგეთში დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

 

უიმბლდონის შვიდ გზის გამარჯვებულს, სერენა უილიამსს კარგი პერიოდი არ უდგას. მან ბოლო დიდი სლემი 2017 წელს მოიგო, უიმბლდონზე კი, საერთოდაც, 2016 წელს გაიმარჯვა. 37 წლის სერენა მუხლის ტრავმას ებრძვის, მას ძალიან სურს ოცდამეოთხე დიდი ტურნირი მოიგოს და ლეგენდარულ მარგარეტ კორტის გაუთანაბრდეს.

 

ქალთა შორის მესამე ნომერის, კაროლინა პლიშკოვასთვის ბალახის საფარი ოპტიმალური არ არის. თუმცა ჩეხი ჩოგბურთელი ფარულ ფავორიტად მაინც შეგვიძლია შევრაცხოთ. 

 

კიდევ ერთ ჩეხს, უიმბლდონის ორ გზის გამარჯვებულს, პეტრა კვიტოვას მხრის ტრავმა აწუხებს.  თუმცა, თავად  ჩოგბურთელი იმედოვნებს რომ ამ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს.