ბექა მიქელთაძე: ქეცბაიას მხოლოდ 2 ათასი მოვთხოვეთ

ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას კომენტარს გამოეხმაურა

თემურ ქეცბაიას ვრცელი ინტერვიუ გავიდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. 50 წლის სპეციალისტი ბექა მიქელთაძის თემასაც შეეხო, რომელმაც ანორთოსისი დაახლოებით 1 კვირის წინ დატოვა. ქეცბაიას თქმით ფეხბურთელსა და მის აგენტს ახალი ფინანსური მოთხოვნები ჰქონდათ, რომელიც კლუბმა არ დააკმაყოფილა და აქედან გამომდინარე ბექას გუნდის დატოვება მოუწია.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი ფორვარდი Leadersport.ge-ს დაუკავშირდა და მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ის მხოლოდ იმ თანხას ითხოვდა, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

 

„როცა კვიპროსში ჩავედი კონტრაქტი 1+2 სისტემით გავაფორმე. ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რის მიხედვითაც კლუბში დარჩენის შემთხვევაში ჩემი ანაზღაურება გაიზრდებოდა. როცა გუნდმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, ხელმძღვანელობა უკვე შეცვლილი იყო. ანორთოსისში ახალი პრეზიდენტი მოვიდა და გუნდი თემურ ქეცბაიას ჩააბარა.  როცა თანამშრომლობის გაგრძელებაზე დაიწყო საუბარი, მე და ჩემმა აგენტმა არა 10 ან 15 ათასი, არამედ მხოლოდ 2 ათასი ევროს დამატება მოვითხოვეთ, რაზეც ხელმძღვანელობისგან უარი მივიღე და ანორთოსისის დატოვება მომიწია. არ მგონია ჩემი მოთხოვნა უსაფუძვლო ყოფილიყო, რადგან კარგად ვთამაშობდი და ვთვლი, რომ ვიმსახურებდი, მითუმეტეს მაშინ როცა ფეხბურთელები, რომლებიც სკამზე ისხდნენ ჩემზე ბევრად მეტს იღებდნენ. გარდა ამისა მოგეხსენებათ ანორთოსისში რუსთავიდან გადავედი და გუნდი იმ თანხის 40%-ს მოითხოვდა, რა თანხადაც ფამაგუსტელები გამყიდიდნენ. ფეხბურთი ბიზნესია და რუსთავის ეს მოთხოვნა სრულიად ლოგიკური იქნებოდა. ისიც სათქმელია, რომ როცა ფამაგუსტელებმა დარჩენა შემომთავაზეს, რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდი მეპატიჟებოდა.

 

თემურ ქეცბაიასთან არანაირი უთანხმოება არ მქონია. პირიქით, ადრეც ვთქვი, რომ გუნდს ჩემი დავალიანება ჰქონდა და თემური ერთი თვის ხელფასის აღებაში დამეხმარა. მწვრთნელია და როგორც ჩანს ჩემი მოთხოვნები მისვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მამუკა ჯუღელს მადლობა გადავუხადო, რომელმაც მაღალი დონის გუნდში თამაშის საშუალება მომცა. მისი დახმარებით კარიერას ახლა უკვე ყაზანის რუბინში გავაგრძელებ,“ - თქვა მიქელთაძემ.

 

21 წლის ფორვარდი ანორთოსისში შარშან ზაფხულს რუსთავიდან გადავიდა. მან კვიპროსზე 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.