დიდი მატჩი ბელო ორიზონტეში

ის არგენტინულ ფეხბურთში არ მონათლულა, მისი დავაჟკაცება სხვა საფეხბურთო კულტურაში შედგა 

არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ფაქტი მომყავს: კოპა ამერიკის ნახევარფინალში ლივერპულის, პსჟ-ს იუვეს, ბარსას, რეალის, სიტის, ინტერის, ჩელსის და ნაპოლის ფეხბურთელებისგან შედგენილმა გუნდმა 2:0 მოუგო ტოტენჰემის, ფიორენტინას, სიტის, აიაქსის, უდინეზეს, პსჟ-ს სპორტინგის, ბარსას, ინტერის, იუვეს და ბეტისის ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს და ფინალში გავიდა. სხვა სიტყვებით, ბრაზილიამ არგენტინა დაამარცხა.


ახლა, ეს ინფორმაცია შევავსოთ. გამარჯვებულთაგან, პირველ აბზაცში არ გვიხსენებია ორი კაცი: შემელოტებული დანი ალვეში, რომელიც პსჟ-დან წავიდა, ფორმალურად უგუნდოა, მაგრამ გლიჯავს და ერთადერთი ფეხბურთელი ბრაზილიური კლუბიდან, რომელსაც… ევერტონი ჰქვია. ანუ, შინ კი თამაშობს, მაგრამ სახელი მაინც ევროპული აქვს.  


ეროვნული ჩემპიონატიდან ერთადერთი მოთამაშე ჰყავდათ დამარცხებულებსაც — რივერ პლეიტის მეკარე ფრანკო არმანი.


და მაპატიეთ, თუკი ჩილესა და პერუს მატჩზე (0:3) ანუ მეორე ნახევარფინალზე ამ ბლოგში ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და როდესაც ყურში „ბრაზილია - არგენტინა“ მხვდება, ძირითადად ის მაინტერესებს.

 
ახლა კი ერთხელაც გადავხედოთ ზემოთ ჩამოთვლილ ევროპულ კლუბებს სადაც ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელები გამოდიან. ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ბრაზილიელები უფრო გრანდებში თამაშობენ? რაღაც, არგენტინელების ფიორენტინა, უდინეზე, სპორტინგი და ბეტისი მომხვდა ყურში… ფლორენციელები სერია A-ში მე-16 ადგილზე გავიდნენ, უდინეზე მეთორმეტე იყო, სპორტინგი პორტუგალიის მესამე გუნდია, ხოლო ბეტისი ესპანეთის მეათე.  


სამაგიეროდ, ალბისელესტეს მესი ჰყავდაო, მოიტანს მავანი ძალიან მარტივ, მაგრამ რკინის არგუმენტს და მართალიც იქნება, რადგან სადაც მესია ტუზ კოზირი, ჯოკერი, დამკა, დუშაში და ლაზიერიც იქაა. სადაც მესია იქაა ბრდღვნა, ქარიშხალი, უპირატესობა და რაც მთავარია, განაცხადი აუცილებელ გამარჯვებაზე.


მაგრამ, ვაგლახ. არგენტინის ნაკრებში მესის ფაქტორმა ვერც ამჯერად გაჭრა. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესომ სულ ორიოდ ეპიზოდში აანთო ნაპერწკალი და ეს მოგებას არ ეყო. ესეც არ იყოს, მისგან ჩვენ ორ ეპიზოდს კი არა, 90 წუთიან ტაიფუნს ვართ დაჩვეულები. თავად დაგვაჩვია. ბარსელონაში ასეა ხოლმე. 


ბარსელონაში მესი მესია. შეიძლება გვარდიოლასდროინდელივით იქაც ვეღარ აუთოებს მეტოქეებს მთელი თამაშის განმავლობაში, მაგრამ სამ თუ ოთხ ისეთ ეპიზოდს ქმნის, რომ თმები ყველას ყალყზე უდგება — მაყურებელს აღფრთოვანებისგან, მეტოქეს შოკისგან და თანაგუნდელს სიხარულისაგან. მესის შექმნილი ბევრი ეპიზოდი შედევრია, მაგრამ… ეს ბარსელონაში.


არგენტინის ნაკრებში კი რაღაც სხვა ხდება. ვითომ, თანაგუნდელებს მისი დიდი ავტორიტეტი თრგუნავთ? ანდა, ფსიქოლოგიურად დაბორკილები ლიდერს აღტაცებით უყურებენ და ყველაფერს მისგან ელიან? ან იქნებ სტილებს შორის არის დიდი სხვაობა? მესი ხომ სამშობლოდან ევროპაში 13 წლისა გადაბარგდა. ის არგენტინულ ფეხბურთში არ მონათლულა, მისი დავაჟკაცება სხვა საფეხბურთო კულტურაში შედგა.


რა მახსოვს, იცით? სტატია იყო, არგენტინის ასაკობრივ ნაკრებში მესის სულ პირველ გამოძახებას იგონებდნენ. თურმე, ლა მასიადან ჩასულ მოკრძალებულ ბიჭს თანატოლ-თანაგუნდელებზე უცნაური შთაბეჭდილება მოუხდენია. მაშინვე დიდ ფეხბურთს თამაშობდა, ოღონდ არგენტინული კბილები არ ჰქონდაო, დაახლოებით ასე ეწერა იმ სტატიაში. აი, დიეგო სიმეონეს და დიეგო მარადონას რომ ჰქონდათ, ისეთ კბილებზეა ლაპარაკი. კიდევ, ბერტონის რომ ჰქონდა, პასარელას და რა ვიცი, რამდენს. ვერონიც ხომ კბილებიანი იყო? გახსოვთ, ლა ბრუხიტა?! 


ჰოდა, სულო ცოდვილო, ვიფიქრე იქნებ არგენტინის ნაკრებში სხვა მენტალიტეტია, ბარსელონაში კი სხვა, მეთქი?


ანდა, შეიძლება ვცდები, რას გაიგებ.


ასეა თუ ისე, ბრაზილიამ არგენტინას 2:0 მოუგო. საგოლე მომენტები რასაკვირველია არგენტინელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ბრაზილია უფრო უტევდა. ალბათ, მასპინძელი რომ იყო, იმიტომ. ერთი სიტყვით, „სელესაომ“ დამსახურებულად გაიმარჯვა. არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.


და ბოლოს, ზემოთ ევროპა რომ ვახსენე, იმას მინდა დავუბრუნდე. რას რას და დაცვას, ორივე გუნდი ალალად ევროპულს თამაშობდა — მჭიდროს, აქტიურს. ოღონდ ეგ არის, გოლების (განსაკუთრებით კი პირველი გოლის) დროს არგენტინელებმა თავიანთ სისტემაში მძაფრად ქართული ელემენტი გაურიეს და სავარაუდოდ, მანდ შეცდნენ. ეგ არ უნდა ექნათ.


თუმცა, მანამდე დანი ალვეშმა რა იჟონგლიორა ისიც ხომ აღსანიშნავია.


ალვეში პროფესიულ ფეხბურთში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა, ხომ?




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.