ცსკა კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვა 

მოსკოვურ კლუბში სერიოზული დანაკლისი აქვთ 

 

მოსკოვის ცსკა-ს ლიდერები ტოვებენ. ჯერ იყო და არმიელებს კორი ჰიგინსი გამოემშვიდობა და ბარსელონას შეუერთდა, ახლა კი, როგორც გაირკვა, რუსული გრანდიდან ნანდო დე კოლოც მიდის.

 
ფრანგი კალათბურთელი კარიერას თურქეთში, კერძოდ კი ფენერბახჩეში გააგრძელებს. აქამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ ევროლიგის 2016 წლის MVP NBA-ში დაბრუნებასთან ახლოა იყო, თუმცა აგენტთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ოკეანის მიღმა გადაბარგების რეალური ვარიანტი არ არის. 


NBA-ში დე კოლოს აქამდეც უთამაშია, ის ტორონტო რაპტორსისა და სან ანტონიოს მაისურს ირგებდა. კალათბურთელის უფლებებს კვლავაც მოქმედი ჩემპიონი ფლობს, თუმცა მის დაბრუნებას არ გეგმავს.

 

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიგაში დე კოლოს 119 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც საშუალოდ 3.8 ქულას, 1.8 მოხსნას და 1.7 პასს აგროვებს. 


არმიელებში 5 წლის განმავლობაში ნანდომ ევროლიგა ორჯერ (2016 და 2019) მოიგო. 2015/16 წლების სეზონში 32 წლის კალათბურთელი რეგულარული გათამაშების და ფინალის MVP გახდა, სამჯერ კი სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.