ხალისი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის

რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში მზურნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის მატჩები იმართება. 

თამაშებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებიან.

 

ფესტივალს ჰქვია „ფეხბურთი ყველას“, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩატარდა. მასში ქვეყნის რვა რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ. მსგავსი აქტივობების მთავარი მიზანი ფეხბურთის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

 

პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს.

 

უკვე სამ წელზე მეტია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა, სადაც აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.