საბურთალო და ორი მოლდოვა

თბილისური ამინდი, ხვატი, ცოტა ნიავი - ასეთი დაგვხვდა მოლდოვა. საბურთალოსთან ერთად გავფრინდით ჟურნალისტები, წინ კი კლუბისთვის ისტორიული მატჩია: 1999 წელს დაარსებული და უმაღლეს ლიგაში ოთხი წლის წინ გადასული გუნდი უკვე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეა. 10 ივლისს თბილისის დროით 21:00 საათზე, პირველი თამაშია ტირასპოლის შერიფთან: მოლდოვის თითქმის მუდმივ ჩემპიონთან. 

 

ფრენამ ორ საათზე ოდნავ მეტ ხანს გასტანა. კიშინიოვის აეროპორტში ჩასულებს ბევრმა მოლდოველმა შეგვაგება ქართული "გამარჯობა", ზოგმა "გამარჟობი". კიშინიოვი-ტირასპოლის გზა მწვანეში ჩაფლულია, მაგრამ იმდენი დანგრეული და გაუბედურებული შენობაა, მაშინვე მიხვდები, რომ ღარიბ ქვეყანაში მოხვდი. 

 

გზა გრძელი არაა და ერთ საათში მივედით. ეგაა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით ტირასპოლს, მით უფრო მოუვლელი გვეჩვენებოდა ყველაფერი. გავიარეთ საზღვარი, სადაც უკვე დნესტრისპირეთი იწყება და ქალაქ ტირასპოლში შედიხარ.

 

შერიფის სტადიონი ქალაქის შესასვლელშივეა, იქვეა და შერიფი ჰქვია დიდ მაღაზიას და კიდევ, ბენზინგასამართ სადგურსაც. სასტუმროსკენ მიმავლებს კი, ტირასპოლის ცენტრში, სულ რუსული წარწერები შეგვხვდა და შეიძლება ითქვას, ეს სულ სხვა მოლდოვაა.  

 

მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელმაც ჟურნალისტები ტირასპოლში წამოგვიყვანა, გვითხრა: აქაურობა არ მიყვარს, რადგან მოლდოველები 15-18 პროცენტს წარმოადგენენო. თუმცა ისიც დაამატა, ტირასპოლელებსა და კიშინიოველებს შორის ზიზღი ბოლო დროს იმდენად აღარ იგრძნობა, ურთიერთობა დაალაგესო. 

 

ცოტა ხანში, შერიფის სტადიონზე საბურთალო დაიწყებს ვარჯიშს, მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი კი პრესკონფერენციას გამართავს და სხვა სიახლეებსაც იქიდან შევიტყობთ. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.