გიორგი ჭიაბრიშვილი: სხვა ტემპი, სხვა კონცენტრაცია!

შერიფი-საბურთალოს მატჩის წინ, თბილისელთა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში 10 ივლისს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჭიაბრიშვილთან ერთად პრესკონფერნციაზე გახლდათ შერიფის აკადემიის მთავარი მწვრთნელი შოთა მახარაძე, რომელმაც თარჯიმნობაც გასწია. 

 

ჭიაბრიშვილი: - რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქე გვყავს. ასე ვიტყოდი, შერიფის ძალიას ზუსტის შეფასებაც ვერ ხერხდება, რადგან მოლდოვაში ყველა გუნდს ბევრად აღემატება.

 

...ფრე? ცუდი შედეგი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსაგებად არ ვიბრძოლებთ. 

 

...მოტივაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. საბურთალო პირველად გადის ევროტურნირებზე და ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს პირველი გასვლა სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე იქნებოდა. დიდი სტიმულია ჩვენი აკადემიიის გაზრდილი ბიჭებისთვის. 

 

...ჩემპიონთა ლიგა სხვა დონეა და რა თქმა უნდა, რაც ეროვნულ ლიგაშია, ის ტემპი აქ არ გამოდგება და არც იმ შეცდომებს გვაპატიებენ, რასაც საქართველოში გვპატიობენ გუნდები. მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო და მოხარული ვიქნები, თუ ამას მივაღწევთ. 

 

...ლევან ყენიას არყოფნა იმითაა განპირობებული, რომ ყოფილი გუნდიდან ჯერ არ მოსულა გათავისუფლების ფურცელი. ყენია თბილისშია და მზადებას აგრძელებს. 

 

...ვღელავ თუ არა? არა. ახლა აღელვების დრო არაა. ჩვენ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის წინ. 

 

...სიამოვნებით გავაკონტროლებდით ბურთს და პირველ ნომრად ვითამაშებდით. ესაა ჩვენი თამაში და უარს ნამდვილად არ ვიტყვით, ეგაა, მეტოქესაც გააჩნია, მოგცემს თუ არა ამის საშუალებას. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით.