საბურთალო! როცა სიტყვები ზედმეტია

საოცარი მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონმა საბურთალომ! არ გვახსოვს, რომელიმე ქართულ გუნდს ბოლო წლებში ასე ეთამაშოს. 

შესვენებისას მოლდოველი ჟურნალისტები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მართლა საქართველოს გუნდიაო? გაოცებულები იყვნენ ქართველების თამაშით. ეს შესვენებაზე, თამაშის მერე კი, ხომ წარმოგიდგენიათ... თუკი რამ საფეხბურთო კომპონენტი არსებობს, საბურთალომ ყველაფერში პირწმინდად მოუგო ტირასპოლის შერიფს. იმ შერიფს, რომელიც წყვილში ფავორიტი იყო და საკმაო გამოცდილებაც აქვს. 

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თითქოს პირველივე წუთებიდან დამაჯერებლად ითამაშა, ხოლო დაახლოებით მე-20 წუთიდან სრულ სათამაშო და შინაარსობრივ უპირატესობას დაეუფლა. სათამაშო დისციპლინა იყო უმაღლეს დონეზე და ესუპირველესად ჭიაბრიშვილის დამსახურებაა: მაგრად წაიყვანა თამაში. 

 

მონტენეგროელ ოგნიენ როლოვიჩს გოლამდეც ჰქონდა მომენტი და ვერ დაარტყა, სამაგიეროდ, ნიკა მალის ჩაწოდებას ჩაუთავურა და 0:1. ის კომბინაცია ვაგნერმა დაიწყო. მალევე იყო იდეალური მომენტი, როცა გიორგი კოხრეიძის გასწვრივ პასს გეგა დიასამიძის ვარდნით დარტყმა მოჰყვა. რთულ პოზიციაში იყო დიასამიძე და ვერ გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი საბურთალო დომინირებდა. 

და მეორე ნახევარი? დაჯექი, უყურე და დატკბი... დიასამიძემ საჯარიმო შეასრულა და მეკარემ ძლივს მოიგერია, მერე გიორგი რეხვიაშვილი გარემარბივით შევარდა, ორი მცველი მოატყუა და ოდნავ ააცილა. კოხრეიძის გარღვევასაც უნდა მოჰყოლოდა გოლი, მაგრამ არაფერი გამოვიდა...

 

და დადგა 67-ე წუთი, როცა შერიფის იმედები გაქრა. კოხრეიძემ შორიდან ცხრიანში გაისროლა - 0:2. ხოლო ოთხ წუთში კუთხურს მოჰყვა კოხრეიძის თავით გადაგდება და შეცვლაზე შესული ლევან კაკუბავას თავური - 0:3. 

 

დარჩენილ დროშიც ჩვენ გვქონდა მომენტები, შერიფი კი გონებადაკარგული ჩანდა. 

 

მადლობა გადავუხადოთ საბურთალოს ამ თამაშისთვის! 

 

შერიფი - საბურთალო 0:3

 

0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), 0:3 კაკუბავა (71)

 

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშცვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 61 70), დიასამიძე, ვაგნერი (შინდაგორიძე 70), კოხრეიძე (გაბედავა 77), როლოვიჩი